თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გავლენიანი მოსამართლების მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, სერგო მეთოფიშვილისა და ვასილ მშვენიერაძის სარჩელი, რის შედეგადაც ანტიკორუფციული ბიურო მათ ქონებრივ დეკლარაციებს, ამ ეტაპზე ვეღარ შეამოწმებს. ამ მოსამართლეებიდან ორი - მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე სანქცირებულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობისთვის“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
„2024 წლის 12 იანვარს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებლმა კომისიამ შეარჩია 300 თანამდებობის პირი, მათ შორის, 27 მოსამართლე, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაც უნდა შემოწმებულიყო 2024 წელს. კომისიამ ეს გადაწვეტილება მიიღო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის კრიტერიუმების გამოყენებით.
შერჩეულ პირთა სიაში მოხვდნენ მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე. ამ მოსამართლეებმა მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა. მოსამართლეებმა, ლეილა ფოლადიშვილმა, ვალერიანე ფილიშვილმა, ნინო ბუაჩიძემ და ლელა მილდენბერგერმა შეაჩერეს ჩინჩალაძის, მურუსიძის, მეთოფიშვილისა და მშვენიერაძის დეკლარაციების შემოწმება. აღსანიშნავია, რომ
პოლიტიკური და პროფესიული პოზიციების მქონე შერჩეული 300 თანამდებობის პირიდან, მხოლოდ მოსამართლეებმა მოითხოვეს მათი ქონების შემოწმების პროცესის შეჩერება.
მოსამართლეები მართლმსაჯულებას ახორციელებენ საქართველოს სახელით, ხოლო მართლმსაჯულება კორუფციისადმი მოწყვლადი ერთ-ერთი სექტორია. ამასთანავე, მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის შემოსავლების განსაკუთრებული გულისხმიერებით შესწავლის საჭიროებაზე მიუთითებს საჯაროდ ხელმისაწვდომი არაერთი ინფორმაცია, მათ შორის სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიება.
კეთილსინდისიერ მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს წინააღმდეგობა, მის დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაცია ანტიკორუფციულმა ბიურომ შეამოწმოს. ხოლო მოსამართლეების მიერ თავიანთი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმების დაბრკოლება სწორედაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, მათ მიერ დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის სანდოობაზე“, - ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ერთობლივ განცხადებაში.
ორგანიზაციები მოუწოდებენ ანტიკორუფციულ ბიუროს გაასაჯაროოს მოსამართლეთა მიერ შეტანილი სარჩელები, ისევე როგორც სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური აქტები და საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია განხილულ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ნდობას სასამართლოსადმი.
