თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ მარტის აქციების მონაწილეს, ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ზვიად შარაძემ ის დამნაშავედ ცნო პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
კერძოდ, მოსამართლემ გრიგორიადისს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ნაწილში 9 წელი მიუსაჯა, ხოლო სახელმწიფო ქონების განადგურების ნაწილში - 4 წელი, თუმცა უფრო მკაცრმა სასჯელმა ნაკლებად მკაცრი შთანთქა. მოსამართლის განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვლება პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2023 წლის 29 მარტიდან 2023 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.
„ჩვენ ველოდით გამამტყუნებელ განაჩენს, თუმცა 9 წელი მაინც მოულოდნელი იყო. სასამართლოს არ მიუღია ეს გადაწყვეტილება. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - განაცხადა ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ.
დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ განაჩენი უსამართლო და უკანონოა. მოსამართლე ზვიად შარაძის თქმით, დასაბუთებული გადაწყვეტილება, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი, თუ რა მტკიცებულებებს დაეყრდნო სასამართლო, მხარეებს კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარდებათ.
ლაზარე გრიგორიადისი თავს დამნაშავედ არ მიჩნევს. ოჯახი აპირებს მისი შეწყალების თაობაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართოს.
21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტს დააკავა. ბრალდების მხარის მტკიცებით, გრიგორიადისმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციაზე, შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა და სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
პროკურატურამ ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარუდგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
25 სექტემბერს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ორი წლის წინანდელი ოჯახური ძალადობის საქმეზე. საქმე გასაჩივრებულია და სამართალწარმოება დასრულებული არ არის.
საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ დაარღვია ლაზარე გრიგორიადისის უდანაშაულობის პრეზუმფცია. 3 აპრილს პრემიერმა თქვა, რომ „მას [ლაზარეს] განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა“. 30 ივნისს, პარლამენტში გამოსვლისას, ღარიბაშვილმა ლაზარე გრიგორიადისი კიდევ ერთხელ გამოაცხადა დამნაშავედ: „გამოვიდა, პოლიციას პირდაპირ მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა. არ მაინტერესებს ვინც არის. ამას გეტყვით აღშფოთებით. მე აქ ვიქნები აბსოლუტურად შეუვალი, უკომპრომისო. არავის არ ვაპატიებთ ასეთ რაღაცას. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აღმართვა. ეს კარგად დაიმახსოვროს ყველამ. ახლა გამოვიდნენ და დაიცვან. რატო არ იცავენ?! რატომ არ გამოჰყავთ ციხიდან?! ვერავინ ვერ გამოიყვანს, ვერავინ ვერ აპატიებს ამ მძიმე დანაშაულს, ვინც აღმართავს პოლიციაზე ხელს“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს სამჯერ უთხრა უარი ირაკლი ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ იმჟამინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. ლაზარე გრიგორიადისი ცილისწამების ფაქტის დადგენას, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.