დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა აშშ-ში დაბრუნების შემდეგ განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ თბილისში გამართულ შეხვედრებზე მათ კიდევ ერთხელ გამოთქვეს შეშფოთება დემოკრატიის უკუსვლის გამო, რაც „უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებასა და ანტი-დასავლურ რიტორიკას მოჰყვა“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ისეთი ავტორიტარული ქვეყნების მზარდი აგრესიის ფონზე, როგორიც რუსეთია და რომელიც საქართველოში 16 წლის წინ შემოიჭრა, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ დავადასტუროთ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის უფლებისადმი, ჰქოდეს ქვეყანა, რომელსაც შეუძლია თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი.
მთავრობის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შეხვედრებზე ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება, მხარი დავუჭიროთ ევროპული ინტეგრაციისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს, მაგრამ ასევე ნათელვყავით, რომ არ ვიქნებით უმოქმედოდ დემოკრატიული უკუსვლისა და შეერთებულ შტატებზე მიმართული ყალბი განცხადებების ფონზე.
ჩვენ უნდა დავინახოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და კეთილსინდისიერი ძალისხმევა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის გასაუქმებლად, რომელიც ქვეყანას უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე სარგებელი მოაქვს მისთვის ევროკავშირის წევრობისკენ სვლისას.
სწორ გზაზე დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას და ჩვენ მის წინადადებას ველოდებით“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.
კონგრესმენი მაიკ ტერნერი აღნიშნავს, რომ ისტორიულად, აშშ-საქართველოს ურთიერთობა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო, თუმცა „დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგო ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში“.
„მე და სენატორმა შაჰინმა ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს შეშფოთება ორპარტიული და ორპალატიანია. გარდა ამისა, აშშ-ს პოლიტიკა არ შეიცვლება აშშ-ს ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად. აუცილებელია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ქართველი ხალხისთვის და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის“, - განაცხადა ტერნერმა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შაჰინი და ტერნერი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს შეხვდენენ. სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შერხვედრაზე უარი თქვა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეხვედრისას სენატორსა და კონგრესმენს, ასევე აშშ-ის ელჩს საქართველოში „გულწრფელად“ უთხრა, რას მოელის საქართველოს მთავრობა ამერიკელი პარტნიორებისგან. „საქართველო არის პატარა ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები არის ძალიან დიდი ქვეყანა მსოფლიო გავლენით. ამ ურთიერთობებში საქართველოს ბევრის შეცვლა არ შეუძლია, ყველაფერი არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხელში. ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს“, - განაცხადა კობახიძემ.