პარტია „ლელოდან“ პარლამენტის წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, უპრეცედენტო ადმინისტრაციული ძალადობაა ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნის საშუალება არ მისცა სასამართლო სისტემაში კორუფციის შესასწავლად. ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
„პარლამენტის 50 წევრს, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია აძლევს ექსკლუზიურ უფლებას, თავისი ნებით გადაწყვიტოს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, სხვადასხვა ხერხით, უკანონობით და საპარლამენტო პრაქტიკისთვის მიუღებელი მოქმედებებით, უპრეცედენტო ძალადობის გამოყენებით, არ მოგვეცით საშუალება, ცივილიზებულად, კენჭისყრის რეჟიმის გამოყენებით გამოგვეხატა ჩვენი ნება და გადაწყვეტილება.
ამიტომ, პატივცემულო პარლამენტის თავმჯდომარემ, ჩვენ გაახლებთ პარლამენტის 50 წევრის ხელმოწერას, ანუ ხელმოწერით ვადასტურებთ ჩვენს ნებას და გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ შეიქმნას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო კომისია, რისთვისაც ერთადერთი რამ არის საჭირო - პარლამენტის 1/3-ის მხარდაჭერა. სხვები რა აზრზე ბრძანდებით, არ აინტერესებს კონსტიტუციას.
ამ ჩვენი ნების გამოვლენით მოგმართავთ, გააგრძელოთ საგამოძიებო კომისიის ფუნქციონირებისთვის საჭირო პროცედურები. თუ ესეც არ არის საკმარისი, მაშინ შევხვდებით საკონსტიტუციო სასამართლოში და აუცილებლად შევხვდებით უკვე საგამოძიებო კომისიაში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება ამ პარლამენტში თუ არა, შემდეგ პარლამენტში იმისთვის, რომ იმ ყველაფერთან ერთად, რაც მართლმსაჯულებაში ხდება, გამოძიებული იყოს ისიც, რაც მოხდა ამ დღეებში პარლამენტში - მაშინ, როდესაც არა მარტო დღის წესრიგიდან წაშალეთ ჩვენი საკითხი, არამედ კონსტიტუცია წაშალეთ. ამის პატიება არ შეიძლება.
ეს ეპატია წინა ხელისუფლებას 2012 წელს, არ შეიქმნა ასეთი კომისია, რადგან 2012 წლის დეკემბერში, საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცესში მაშინაც ჩაერივნენ ვიღაცეები, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, გენერალური პროკურორის მოადგილე. არ შეგვაქმნევინეს საგამოძიებო კომისია სწორედ მართლმსაჯულების და სამართალდამცავ სისტემაში არსებული ფაქტების გამოძიებისთვის. იგივე ხდება ახლა“, - განაცხადა უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი 2022 წლის დეკემბერში დაარეგისტრირეს. საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2023 წლის 5 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათი ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა კორუფციაში ჩართულობის გამო.
„სახელმწიფო დეპარტამენტმა სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართულნი იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში. თავისი ქმედებებით მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკურ მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და მოახდინეს მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირება, პირადი სარგებლობის მიღების მიზნით“, - განმარტა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა.
საპარლამენტო ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტის კენჭისყრაზე გატანას 18 აპრილიდან ცდილობს. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კენჭისყრა სამჯერ ჩაშალეს იმით, რომ მოსამართლეებისადმი სოლიდარობის ნიშნად, სხდომაზე რეგისტრაცია არ გაიარეს და კენჭისყრის დასაწყებად საჭირო კვორუმი არ შექმნეს. პარლამენტის ბიურომ საკითხი მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგშიც კი აღარ შეიტანა.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ინიციატივით (30 დეპუტატი) პარლამენტში იქმნება საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები. დროებითი კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი რეგლამენტით დადგენილი წესით. გადაწყვეტილება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით (50 დეპუტატი). კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები. საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით მის სხდომაზე გამოცხადება, აგრეთვე საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენა სავალდებულოა.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის პლენარული სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტს 150 წევრი ჰყავს. პლენარული სხდომის უფლებამოსილებას 76 დეპუტატის დასწრება სჭირდება.