ხელისუფლებამ სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩააგდო

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პარლამენტში ვერ შეიქმნა ოპოზიციონერი პარლამენტარების მიერ ინიცირებული დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელსაც სასამართლო სისტემაში კორუფცია და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები უნდა შეესწავლა. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, კორუფციისათვის აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებს, რომლებსაც „სასამართლოს კლანის“ ლიდერებად იცნობენ, სოლიდარობა გამოუცხადეს და პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე რეგისტრაცია არ გაიარეს. კვორუმისთვის 76 დეპუტატი იყო საჭირო, რეგისტრაცია კი 51-მა გაიარა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

იმ შემთხვევაში თუ კვორუმი შედგებოდა, საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მინიმუმ 50 ხმა იყო საჭირო, რაც ოპოზიციას ჰქონდა.

საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გასული წლის დეკემბერში დაარეგისტრირეს, თუმცა კენჭისყრაზე დღეს, 18 აპრილს გავიდა.

„რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ პროექტის წარდგენისას აღნიშნა, რომ ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს სანქციები დაუწესა. სამნიძის თქმით, საჭიროა, საქართველომ პარტნიორი ქვეყნის ამ გადაწყვეტილებას უპასუხოს.

„ჩვენ, ოპოზიცია ვფიქრობთ, რომ ამის პასუხი იქნება საგამოძიებო კომისიის შექმნა და კომისიის ფარგლებში ყველა იმ სისტემური პრობლემის შესწავლა, რომელიც არსებობდა და არსებობს სასამართლოში. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად 12-პუნქტიან რეკომენდაციებში ერთ-ერთი საკითხი, სადაც ფუნდამენტური რეფორმების აუცილებლობას ხედავენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, არის სასამართლო სისტემა და მისი დამოუკიდებლობა.

2012 წელს, დღევანდელი ხელისუფლების საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო სასამართლო სისტემის გაჯანსაღება - პოლიტიკური ზეწოლისგან უნდა გათავისუფლებულიყო. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. ჩვენ მივიღეთ გავლენიანი ჯგუფები სასამართლოში. ამ კომისიის შექმნა არ არის მხოლოდ ოპოზიციის დღის წესრიგი. ეს არის ქვეყნის დღის წესრიგი“.

„ქართული ოცნების“ წევრები საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიცია აპელირებდა კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, რომლებიც „პიარულად და იმიჯურად ძალიან დაზიანებულები არიან“.

„ეს ახლა არ დაწყებულა. 2012 წლამდე, გვირგვლიანის საქმემ ზოგიერთი ადამიანის სახელი და გვარი სასამართლოში ამოატივტივა. ჩვენ თუ უფრო ღრმად ჩავუფიქრდებით ამ სახელისა და გვარის უკან რა პროცესები მიმდინარეობდა, რომ გვირგვლიანის საქმე შესაბამისად წარმართულიყო, მოვალთ აქ, პარლამენტამდე, რადგან პარლამენტმა მიიღო ისეთი კანონები, რომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილებების საშუალება ჰქონოდა სასამართლოს. ესეც კარგად გავითვალისწინოთ“. 

„ქართული ოცნების“ არაერთმა დეპუტატმა თქვა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნით ოპოზიციის მიზანი სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევაა.

„კატეგორიულად დაუშვებელია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არ მიეცეს შესაძლებლობა არავის, გააჩინოს სრულიად მავნებლური პრაქტიკა, რომ სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ შურისძიების მექანიზმად იქცეს საგამოძიებო კომისია. ეს ძირს გამოუთხრის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ იმ შემთხვევაში ჩათვლიდა, რომ ოპოზიციას ობიექტური გადაწყვეტილების მიღების მიზანი აქვს, თუ საგამოძიებო კომისიის შექმნას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზეც მოითხოვდა.

„თქვენ ამით გსურთ გადაფაროთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც ყველა ძირითად პოლიტიკურ საქმესთან დაკავშირებით, სადაც თქვენ ამბობდით, რომ იყო მიკერძოებული, პოლიტიზებული, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თქვენ არ ხართ ობიექტური და თქვენი ერთადერთი მიზანია სუვერენიტეტის და სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა, რის უფლებასაც არ მოგცემთ“, - თქვა ოხანაშვილმა.

უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების ხელშეშლაში დაადანაშაულა. მისი თქმით, სასამართლოს წინააღმდეგ კამპანია „უამრავ სიცრუეზეა აგებული“.

„სიმართლე არის ის, რომ სასამართლო სისტემაში არა მარტო დრამატულად გაუმჯობესდა ვითარება, არამედ ყველა სისტემური პრობლემა აღმოიფხვრა. როდესაც წარმოებს ყალბი კამპანია სასამართლოს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, დააზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს. როდესაც თქვენ აინიცირებთ დადგენილების პროექტს, რომლის მიზანიც არის ამ კამპანიის გაძლიერება, რა თქმა უნდა, ამით თქვენ კიდევ ერთხელ ცდილობთ, რომ დაბრკოლება შეუქმნათ კანდიდატის სტატუსის მიღებას. ეს არ არის თქვენი შეცდომა, გადაცდომა. ეს არის თქვენი შეგნებული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ნაბიჯი.

თქვენ უპირისპირდებით სახელმწიფოს იმით, რომ ცდილობთ გააძლიეროთ სიყალბეზე აგებული კამპანია სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, დაუშვებელია და ამას არავინ დაუშვებს, რომ თუნდაც მიზერული დოზით აღდგეს „ნაცმოძრაობის“ კონტროლი სასამართლო სისტემაზე; არავინ დაუშვებს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას; არავინ არ დაუშვებს კონკრეტული მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხელყოფას. ჩვენი პოზიცია იქნება ძალიან პრინციპული“.

ჩვენ, პოლიტიკურ ხელისუფლებას, სასამართლო სისტემასთან მიმართებით შეგვიძლია მხოლოდ ორი რამ გავაკეთოთ: ერთი არის კანონების მიღება, სათანადო საკანონმდებლო ბაზის შემუშავება და მეორე - სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა. მეორე ასპექტის გათვალსიწინებით, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ კონკრეტული აქტი - ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ მხარდაჭერის აქტი. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური პრინციპი, რაც აუცილებლად უნდა იყოს დაცული და ეს არის ჩვენი პოლიტიკური სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ. ჩვენ, საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გავიაროთ რეგისტრაცია“, - თქვა კობახიძემ.

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე დაასანქცირა. გარდა ამისა, სანქცირებულთა შორის მოხვდა 2012-2017 წლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძეც. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. მიხეილ ჩინჩალაძე, ირაკლი შენგელია, ლევან მურუსიძე და ვალერიან ცერცვაძე, ასევე მათი უშუალო ოჯახის წევრები, აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლას ვეღარ შეძლებენ.

 

ამ თემაზე:

ყველა მოსამართლე უნდა მოიხსენიოთ პატივისცემით, ამას მოვითხოვ როგორც პრემიერი - ღარიბაშვილი

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).