შოვის სტიქიაზე ახალი კვლევის გამოქვეყნების შემდეგ ლაშა სუხიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი, რომელიც შოვის სტიქიას იკვლევს, საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ლაშა სუხიშვილმა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ ერთი კვირის წინ გამოაქვეყნეს ახალი კვლევის მასალები, რომელთა მიხედვითაც, წინასწარი და ადრეული შეტყობინების სისტემების არსებობის შემთხვევაში, შოვის სტიქიის შესახებ ინფორმაცია 2 საათით ადრე იარსებებდა და განგაშის გამოცხადება შესაძლებელი იქნებოდა. მეცნიერების ეს მოსაზრება ეწინააღმდეგება ხელისუფლების საბოლოო დასკვნას, რომ განგაშის სისტემის მოწყობა ვერ იქნებოდა ეფექტური ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად.

ლაშა სუხიშვილის თქმით, გამომძიებლის მიერ დასმული შეკითხვები ძირითადად სეისმურ მონაცემებს ეხებოდა, მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვაზე მისვლამდეც განმარტა, სეისმოლოგიაში კომპეტენტური არ არის და კითხვებს თეა გოდოლაძე უპასუხებდა.

„ორშაბათს დამიკავშირდა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამომძიებელი, რომელმაც მითხრა, რომ საჭირო იყო გასაუბრება და ამ მასალების საგამოძიებო პროცესში ჩართვა, რაც, ცხადია, ასეც უნდა იყოს. თუმცა, საუბარში გამოიკვეთა, რომ მათ აინტერესებთ სეისმური მონაცემები, რაზეც ვუთხარი, რომ არ ვარ სეისმოლოგი და ამასთან დაკავშირებით თეა გოდოლაძე უფრო კომპეტენტურ პასუხებს გაგცემთ მეთქი. მივიღე პასუხი, რომ ეს არის უბრალოდ მასალების საქმეში ჩართვის პროცედურა და არაფერი განსაკუთრებული. დღეს მივედი საგამოძიებო უწყებაში და აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა კითხვა შეეხება სეისმოლოგიას, რისი სპეციალისტიც მე არ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ჯერზე ვაფიქსირებ, რომ არ ვიცი სეისმოლოგია, პარამეტრები, ტალღების ანალიზი და ა.შ., მაინც კითხვები შეეხებოდა სეისმოლოგიას. გამიკვირდა და ვერ მივხვდი რაშია საქმე, მე რატომ მეკითხება გამომძიებელი ისეთ საკითხებს, რაშიც კომპეტენტური არ ვარ“, - ამბობს ლაშა სუხიშვილი.

თეა გოდოლაძესაც ეჭვს უჩენს, რატომ არ დაინტერესდა გამოძიება სატელიტური მონაცმებით, რომელთა საფუძველზეც ლაშა სუხიშვილი ამყარებს მის მოსაზრებას, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემების არსებობის შემთხვევაში, შოვში სტიქიური პროცესების შეფასება „დღეებითა და თვეებით ადრე შეიძლებოდა“.

„გაფრთხილებული იყო გამომძიებელი, რომ ეს არის მასალა, რომლის ანალიზი ლაშას არ ჩაუტარებია, ჩავატარე მე. მოხდა მაინცდამაინც ლაშას დაბარება და შეკითხვების დასმა იმ თემებზე, რომლებზეც ლაშას დეტალებში შესვლის კომპეტენცია არ აქვს, ისევე როგორც მე ვერ შევალ სატელიტური ანალიზის ტექნიკურ დეტალებში.

აქცენტი აქვთ სეისმურ მონაცემებზე. ეს აშინებთ ზუსტად, როცა ვამბობ, რომ 2 საათით ადრე იყო მთის შლის სიგნალი. ამ შემთხვევაში ჩემი მოსაზრებაა სამიზნე. ეს სამეცნიერო კვლევაა და ამისთვის ადამიანებს არ იჭერენ, მაგრამ სამიზნეა ზუსტად ის, რომ „გააბათილონ“ ან ვითომ ეჭვქვეშ დააყენონ ჩემი მოსაზრება. ეს არის სამეცნიერო შეფასება, რისი გააზრებაც ხელისუფლებას უჭირს.

საფუძლვლიანი ეჭვი გამიჩნდა, რომ „საქმის შეკერვა“ წავა, რადგან, თურმე, ამ მასალებს გადააგზავნიან გარემოს ეროვნული სააგენტოს ექსპერტიზაზე, რაც სამხარაულის ექსპერტიზაა. ვინ უნდა გაუკეთოს ამ მონაცემებს ანალიზი? გარემოს ეროვნულ სააგენტოს სპეციალისტები არ ჰყავს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტები არ ჰყავს.

ასევე, იყო კითხვები ჩვენი დაფინანსების წყაროზე - ვინ გაფინანსებთ? სახელმწიფო გაფინანსებთ? ეს იყო ერთ-ერთი მინიშნება, რაც ძალიან დამაფიქრებელია. დაფინანსებას შეგვიწყვეტენ, თუ რაშია საქმე? ეს არის დაშინების და შანტაჟის მცდელობა, რომ აღარ ვილაპარაკოთ“, - განაცხადა გოდოლაძემ.

თეა გოდოლაძე არაერთხელ გახდა ხელისუფლებისა და სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის თავდასხმის ობიექტი განსხვავებული ექსპერტული მოსაზრებების გამოთქმის გამო. 3 აგვისტოს, კვლევის მასალების გამოქვეყნების შემდეგ, შოვში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თეა გოდოლაძე „არაერთი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში“ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად შეაფასა დამოუკიდებელი მეცნიერების დასკვნა, რომელიც სოფელ ღარში არსებული სეისმური სადგურის ჩანაწერებს ეყრდნობა და რომლის მიხედვითაც, მყინვარ თბილისაზე კლდეზვავის განვითარების ინტენსიური პროცესი, 2 საათით ადრე, 13:00 საათზე დაიწყო, ხოლო ბუბისწყლის ხეობაში ნაშალის ტრანსპორტირება - 14:56 საათზე. გედევანიძის თქმით, ეს ინფორმაცია „არ ეფუძნება კვლევების შედეგებს“ და „მხოლოდ ვარაუდებზეა დაფუძნებული“.

2023 წლის 3 აგვისტოს შოვში მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული 33 ადამიანიდან, ერთი ბავშვის ცხედარი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით ) და 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვდნენ, გამოძიება 128-ე (განსაცდელში მიტოვება) და 342-ე მუხლებითაც წარმართულიყო, რაც პროკურატურამ არ დააკმაყოფილა. ტრაგედიიდან ერთი წლის თავზეც პროკურატურას არავინ ჰყავს პასუხისგებაში მიცემული.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.