სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

მაიკ გოლდვოტერის ფოტო

დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. სამხედრო დაპირისპირებას 10 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 350 ათასი კი დევნილად იქცა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მე-20 საუკუნის 80-იანი წლის ბოლოს საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მკვეთრად გააქტიურების ფონზე, კრემლი აფხაზეთში არსებული სეპარატისტული, ანტიქართული და ნაციონალისტური ძალების მობილიზებას ახდენს, საქართველოზე მძლავრი ზეგავლენის შესანარჩუნებლად.

1988 წლის ნოემბერში შეიქმნა აფხაზთა სახალხო ფორუმი „აიდგილარა“, რომელმაც 1989 წლის 18 მარტს მიიღო ე.წ. „ლიხნის მიმართვა", საქართველოსგან აფხაზეთის გამოყოფის მოთხოვნის შესახებ.

1989 წლის ივლისში ე.წ. „ლიხნის მიმართვას“ სოხუმში ტრაგედია მოჰყვა. სეპარატისტები თავს დაესხნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, დაიღუპა რამდენიმე ადამიანი.

1989 წელს საბჭოთა კავშირის უშიშროების საკავშირო სამსახურის მიერ შექმნილი „კავკასიის ხალხთა კონფედერაცია“ აფხაზეთს მის ნაწილად აცხადებს, ქალაქ სოხუმს კი კონფედერაციის დედაქალაქად.

1990 წლის დეკემბერში, აფხაზეთის ასსრ (ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ბლოკ „სოუზის“ ერთ-ერთი ლიდერი ვლადისლავ არძინბა. უმაღლესი საბჭო ქმნის ე.წ. „აფხაზურ გვარდიას“. 1992 წლის 25 ივლისს საქართველოს სახელმწიფო საბჭომ სპეციალური დადგენილებით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20 გადაწყვეტილება უკანონოდ გამოაცხადა.

1992 წლის პირველ ნახევარში, აფხაზეთში არსებულ სატრანსპორტო-საკომუნიკაციო სისტემებთან დაკავშირებით, უსაფრთხოების კუთხით ვითარება გართულდა. აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ, საქართველოს შინაგანი ჯარებისა და სამხედროების შეზღუდული კონტიგენტი აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილდა.

სეპარატისტულმა ბანდ-ფორმირებებმა ქართულ შენაერთებს ცეცხლი გაუხსნეს. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, ქართული შენაერთები სოხუმის შემოგარენში დაბანაკდნენ.

ვლადისლავ არძინბას გადაწყვეტილებით, შეიარაღებულმა აფხაზმა სეპარატისტებმა სოხუმის სტრატეგიული პუნქტები დაიკავეს, რასაც 14 აგვისტოს საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.

სეპარატისტებმა ხელი არ მოაწერეს შეთანხმებულ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც  ერთობლივი 200-200 კაციანი აფხაზურ-ქართული სამხედრო შენაერთი მდ. ფსოუდან სამეგრელომდე დაიცავდა სატრანსპორტო კომუნიკაციებს.

1992 წლის 18 აგვისტოს ვლადისლავ არძინბას სეპარატისტულმა ხელისუფლებამ სოხუმი დატოვა.

კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციამ აფხაზეთში „ბოევიკების“ გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

3 სექტემბერს, მოსკოვში რუსეთის შუამავლობით ხელმოწერილ იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორების შესახებ. ქართულმა მხარემ შეასრულა შეთანხმება და გაგრის ზონიდან გაიყვანა შეიარაღებული შენაერთები;

1992 წლის ოქტომბერში, სეპარატისტულმა შენაერთებმა დაარღვიეს შეთანხმება და მთიელ ხალხთა კონფედერაციის „ბოევიკებთან“ ერთად, რომლებსაც სამხედრო ტექნიკითა და სამხედრო-საზღვაო ფლოტით მხარს რუსეთი უჭერდა, გაგრა აიღეს.

1992 წლის ნოემბრიდან - 1993 წლის მაისამდე პერიოდში, რუსეთის სამხედრო რესურსების დახმარებით, აფხაზი სეპარატისტები აკონტროლებენ გაგრისა და ქალაქ ტყვარჩელის ზონებს, გუდაუთის რაიონს და რეგულარულად ახორციელებენ შეტევებს აფხაზეთის დანარჩენ რაიონებზე.

1993 წლის 1-ელ აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელშიც პირველად დაადანაშაულა რუსეთი აფხაზეთში ქართველთა ეთნიკური წმენდისა და გენოციდის პოლიტიკის ხელშეწყობაში. შესაბამისი მიმართვა გაეგზავნა გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელშიც რუსეთის ქმედებები შეფასდა როგორც აგრესია, რაც მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასა და მისი დამოუკიდებლობის ხელყოფას.

1993 წლის 27 ივლისს, ქალაქ სოჭში, რუსეთის შუამავლობით დაიდო შეთანხმება „აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტისა და მასზე კონტროლის მექანიზმის შემუშავების შესახებ“.

1993 წლის 1-20 აგვისტოს პერიოდში, ქართულმა მხარემ მთლიანად შეასრულა შეთანხმება: მდინარე გუმისთის მონაკვეთზე დატოვა მხოლოდ ორი სამეთვალყურეო პუნქტი, დაიწყო ბატალიონების დაშლა, ფოთის მიმართულებით გაიყვანა მძიმე ტექნიკა.

16 სექტემბერს სეპარატისტებმა დაარღვიეს სოჭის შეთანხმება და რუსეთის სამხედრო ნაწილების დახმარებით დაიწყეს მასობრივი შტურმი განიარაღებულ სოხუმზე. ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილით დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი გურამ გაბესკირია, მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი და შემდეგ ყველა მათგანი დახვრიტეს.

350 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური კუთხე და საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა.

1993 წლის 30 სექტემბერს, რუსეთის სამხედრო რესურსებისა და დაქირავებული რაზმების ხელშეწყობით, სეპარატისტებმა აფხაზეთის მთელი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინეს.

ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა დადასტურებულია ეუთო-ს 1994 წლის, ბუდაპეშტის 1996 წლის, ლისაბონისა და 1999 წლის სტამბოლის სამიტების რეზოლუციებით.

2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა.

 

ამ თემაზე:

როგორ აწამებდა და ხვრეტდა რუსეთი ქართველებს აფხაზეთის ომში

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).