დღეს, 26 მარტს, სომხეთის ეროვნულმა კრებამ მეორე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონი „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“. კანონის მიღებას მხარი 64-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 7 წინააღმდეგი იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 6 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
ოპოზიციურმა ფრაქცია „ჰაიასტანმა“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, წინააღმდეგ ხმა კი ფრაქციამ „მაქვს პატივი“ მისცა.
ევროინტეგრაციის კომისიის ხელმძღვანელის, არმან ეგოიანის თქმით, კანონი სომეხი ხალხის ნებას გამოხატავს და ამ მომენტში ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება არ განიხილება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარუირ ხოჰანისიანმა აღნიშნა, რომ უახლოეს თვეებში იგეგმება პარტნიორობის ახალი დღის წესრიგის დამტკიცება, რომელიც ევროკავშირთან შემდგომი დაახლოებისთვის მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში განსახორციელებელ ქმედებებს მოიცავს.
კანონპროექტის ინიციატორი სამოქალაქო ინიციატივა „დემოკრატიული ძალების პლატფორმა“ იყო, რომელმაც ორ თვეში 60 ათასი ხელმოწერა შეაგროვა. 2025 წლის 9 იანვარს კანონპროექტი სომხეთის მთავრობის სხდომაზე განიხილეს და მოიწონეს, რის შემდეგაც იგი განსახილველად ეროვნულ კრებას გაეგზავნა. მაშინ, პრემიერ-მიონისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე „გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით“.
დეპუტატებმა კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი 12 თებერვალს დაუჭირეს. 24 მარტს, ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, მეორე მოსმენით განხილვის დროს, დოკუმენტში გარკვეული სარედაქციო ცვლილებები შევიდა. კერძოდ, პრეამბულიდან ამოღებული იქნა ფორმულირება „სომხეთის რესპუბლიკა, რომელიც გამოხატავს სომხეთის რესპუბლიკის ხალხის ერთიან ნებას“. კანონის შესწორებულ ვერსიაში ნათქვამია, რომ „სომხეთის რესპუბლიკა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესების, ქვეყნის უსაფრთხოების, მდგრადობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიზნით აცხადებს სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება „ტიტანიკზე ბილეთის ყიდვას“ შეადარა. მისი თქმით, კანონპროექტის ავტორებს მასში თავიდანვე უნდა შეეტანათ პუნქტი ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან სომხეთის გასვლის შესახებ. „ევროკავშირი და ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ერთმანეთთან შეუთავსებელია. ამიტომ კანონპროექტი ამ ქვეყანას არჩევანის წინაშე აყენებს“, - თქვა რუსეთის ვიცე-პრემიერმა.
