„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მათ დაიწყეს საქმის მოკვლევა. ეს, რა თქმა უნდა, არის მძიმე ბრალდება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ და მეორე მხრივ, ეს არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც ამ ტიპის სანქციაში მოექცა. ამიტომაც, თავისთავად, სუს-ი ამ საკითხზე მუშაობს, მათ შორის, მიმართავს ამერიკელ პარტნიორებს, რომ გადმოსცენ მტკიცებულებები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას უდევს საფუძვლად და ჩვენ ვთქვით, რომ ამ პროცესის შესახებ სრულად ინფორმირებული იქნება ქართული საზოგადოება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
მისივე თქმით, ფარცხალაძეს ბოლო 10 წელია არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან და საჯარო სამსახურთან.
მანამდე, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ფარცხალაძის სანქცირების საქმეზე, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უფრო მეტი ინფორმაციის გაჟღერებაა საჭირო.
„ვფიქრობ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს, რომ როდესაც საქართველოს მოქალაქეზე ამბობენ, სანქცირებულია და კონკრეტულ ბრალდებაზეა საუბარი, უფრო მეტი ინფორმაცია იყოს მათი მხრიდან წარმოდგენილი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ შესწავლა დაიწყო [უსაფრთხოების სამსახურმა], ალბათ, შესაბამისი უწყება მიმართავს თავის კოლეგებს იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტი ინფორმაცია იყოს წარმოდგენილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
გახსოვთ, მოსამართლეების შემთხვევაში, როდესაც ვიზების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნა მიღებული, თუმცა ახსნა-განმარტებაში ვერავინ ვერაფერი გაიგო - რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, რას უკავშირდებოდა. მე ვფიქრობ, სულ მცირე, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორზეა საუბარი და ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ხდება, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს, რა არის მიზეზები“, - აღნიშნა კალაძემ.
14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე მოხსენიებულია როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური [ეფესბე] მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.
მიმდინარე წლის 5 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სამ მოქმედ და ერთი ყოფილ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ უშუალო ოჯახის წევრებს, აშშ-ში შესვლა აუკრძალა, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. დეპრტამენტის განმარტებით, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.