თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გადადგა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი თანამდებობიდან გადადგა. თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მან განაცხადა, რომ მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო დაკავებული საკუთარი მოადგილის ქმედებების გამო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„დატრიალებული ტრაგედიის გამო, ჩემი მოადგილე ამ ეტაპზე დაკავებულია. მე, როგორც სამსახურის უფროსი, რა თქმა უნდა, ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ჩემი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე, ყველა თანამშრომლის მიმართ. ამიტომ ვთვლი, რომ საჭიროა დავტოვო თანამდებობა“, - განაცხადა გიგა გიგაშვილმა. ის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა.

გიგაშვილის თქმით, გამოძიებასთან ითანამშროლებს, რათა სიმართლე დადგინდეს და საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

13 ოქტომბერს, თბილისში, ვაკის პარკის მრგვალ, ახალრეაბილიტირებულ შადრევანში, სამ ბავშვს დენმა დაარტყა. ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ და წყალში მის გამოსატანად შევიდნენ. 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა. მძიმე იყო ერთ-ერთი დაშავებული არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის საავადმყოფოდან 16 ოქტომბერს გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით ცხრა ადამიანი 18 ოქტომბერს დააკავა. დაკავებულთა შორის არიან თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, შპს „გრინსერვისი +“-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და შპს „მშენექსპერტის“ დირექტორი ნუგზარ ქიტიაშვილი.

გამოძიების ინფორმაციით, ვაკის პარკის ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული სამუშაოების მიუხედავად, გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, შპს „გრინსერვის +“-ს სთხოვა, რომ შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები უჟანგავი, თეთრი ფერის კონსტრუქციით შეეფუთათ. კომპანიის დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ სამუშაოს შესრულება ქვეკონტრაქტორ ფირმას შპს „ნიუ მეტალ დიზაინს“ შეუკვეთა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, 22 სექტემბერს, ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს უსაფრთხოების ნორმები დაარღვიეს, კერძოდ, წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია. გამოძიების ინფორმაციით, „გრინსერვის +“-ის დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიას, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ინსპექტირების გარეშე მიიღო.

გარდა ამისა, გამოძიებით დადგინდა, რომ საექსპერტო კომპანია შპს „მშენექსპერტმა“ მოამზადა ყალბი დასკვნა, თითქოს შეისწავლა ვაკის პარკში „გრინსერვის +“-ის მიერ ჩატარებული სამუშაოების საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან შესაბამისობა. აღნიშნული დასკვნა ლაშა ფურცხვანიძემ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში წარადგინა, რაც მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი გახდა.

„სამწუხაროდ, დროს უკან ვერ დავაბრუნებთ და დღეს ერთადერთი, რაც თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა აღარასოდეს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია. თბილისში სულ უნდა ისმოდეს ბავშვების ჟრიამული. ამას მარიტას ხსოვნაც გვავალდებულებს“, - განაცხადა დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

საზოგადოების ნაწილი კალაძეს მოუწოდებს, მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და გადადგეს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.