სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის კვეთის წესში ცვლილებები შეიტანა. ე.წ. საზღვრის გადასაკვეთად საჭირო საშვს ოკუპირებული ჯავის და ახალგორის რაიონების ადმინისტრაციები გასცემენ. აქამდე, დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტისთვის მიმართვა იყო საჭირო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
„პროცესის გამარტივების მიზნით, კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, განცხადებების მიღებისა და საშვის გაცემის ფუნქციები მიენიჭოს ძაუს (ჯავა) და ლენინგორის (ახალგორი) ადმინისტრაციებს. საშვის გასაფორმებლად, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, აუცილებელია დაბადების მოწმობის წარმოდგენა. იმ შემთხვევაში, თუ მოწმობა ქართულ ენაზეა, საჭიროა მისი რუსულ ენაზე ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი“, - განაცხადა ვალერიან ალიხანტიმ, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.
ახალი წესის მიხედვით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტის მქონე პირებს დაბადების მოწმობის წარდგენა აღარ მოეთხოვებათ.
2022 წლის აგვისტოდან, დე ფაქტო ხელისუფლება „რაზდახანის“ (ოძისი/მოსაბრუნი) და „პერეუს“ (პერევი) ე.წ. გამშვებ პუნქტებს ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე ხსნის. მანამდე სამი წლის განმავლობაში ე.წ. საზღვარი ჩაკეტილი იყო.
ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე ათასი საშვია გაცემული როგორც ოკუპირებული რაიონების მუდმივ მცხოვრებლებზე, ისე სოფელ წეროვანში ჩასახლებულ დევნილებზე. მეარაყიშვილის თქმით, საშვების გაცემა თავიდან ნორმალურად ხდებოდა, თუმცა, ბოლო დროს იზრდება უკმაყოფილო ადამიანების რაოდენობა და ეს ეხება როგორც ახალი საშვის აღებას, ისე უკვე გაცემულის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას. მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში ოკუპირებული ახალგორიდან თბილისში სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია ოთხ ავადმყოფს, მათ შორის, ერთ ონკოპაციენტს დასჭირდა, თუმცა საშვის არ ქონის გამო, მათი გადაყვანა ვერ მოხერხდა. ზოგიერთი საშვის მიღებას ორი თვეა ელოდება. ავადმყოფების მონახულებას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფი ნათესავებიც ვერ ახერხებენ.
თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ახალგორში საშვების გაცემას ხელმძღვანელობს რაიონული ადმინისტრაციის უფროსი და დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის მეგობარი რეზო დევიძე, რომელიც ხალხისგან ქრთამს ითხოვს.
„საიდუმლო არ არის, რა ფასი ჯდება საშვის მიღება - ცხვრიდან დაწყებული, მსხვილი თანხით დამთავრებული“, - წერს თამარ მეარაყიშვილი და დე ფაქტო პრეზიდენტს პრობლემის დაუყოვნებლივ გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. „პირველ რიგში, საქმეს უნდა ჩამოშორდეს კორუმპირებული რეზო დევიძე, შემოღებული იქნეს მკაცრი წესები და საშვების გაცემა მოხდეს რიგითობის მიხედვით, სატელეფონო ზარებისა და ჩინოვნიკების ჩარევის გარეშე“.