უკრაინის გამო NATO ქმედით ნაბიჯებს ვერ დგამს, ეს გაკვეთილია ჩვენთვისაც - ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა NATO-ს ვილნიუსის სამიტის შეფასებისას განაცხადა, რომ ალიანსი უკრაინის გაწევრიანებისთვის ქმედით ნაბიჯებს ვერ დგამს და ეს გაკვეთილია საქართველოსთვისაც.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ღიმილით ვუყურებდი იმ სიუჟეტებს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი გაუბედურებული ოპოზიციის ტელევიზიებში ისმოდა. თავიდან სურათი წარმოაჩინეს, თითქოს რაღაც სასწაული მოხდა NATO-ს სამიტზე და უკრაინამ დეოკუპაციაც მოახდინა უკვე, გაიმარჯვა, სასწაული მოხდა და საქართველო ამ ყველაფრის მიღმა აღმოჩნდა. რა მოხდა რეალურად რომ ვთქვათ, კითხვა დავსვათ.

გარდა იმისა, რომ თქვეს, MAP-ი [წევრობის სამოქმედო გეგმა] აღარ დასჭირდება, ჩვენ პირდაპირი განცხადებები მოვისმინეთ, რომ უკრაინა ვერ გახდება NATO-ს წევრი იქამდე, ვიდრე რუსეთს არ დაამარცხებს. კითხვა მაქვს, რუსეთი თუ დაამარცხა უკრაინამ, მაშინ NATO-ს წევრობა რაღა საჭიროა?

აქედან დავიწყოთ. NATO არის უსაფრთხოების გარანტი, მთავარი, ვინც შეიძლება, რომ უსაფრთხოების გარანტია მისცეს რომელიმე სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, არის NATO. სხვა, უკეთესი ქოლგა ორგანიზაცია მსოფლიოში დღეს არ არსებობს. ჩვენ ამიტომ მივისწრაფვით, რომ გავხდეთ NATO-ს წევრი ქვეყანა... ითქვა, რომ ვიდრე უკრაინა არის ომში რუსეთთან, ვერ გახდება NATO-ს წევრი. რატომ? თქვეს, რომ ჩვენ მესამე მსოფლიო ომს ვერ დავუშვებთ, ანუ ვერ შევა NATO და მთელი დასავლეთი, მსოფლიო პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთთან. 

ასეთ ვითარებაში, როცა ამხელა, ჩვენზე 10-ჯერ დიდი ქვეყნის მაგალითზე, 40-მილიონიან ქვეყანაზეა საუბარი და ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოზე, მის გამო NATO ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს, გაწევრიანების მიმართულებით უკრაინისთვის, ჩვენ, საქართველომ ჯერ უნდა ვიფიქროთ ჩვენს თავზე. ეს მაგალითი არის გაკვეთილი ჩვენთვისაც“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არჩეული აქვს „სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა“, რომ „ზედმეტი მოლოდინები“ არ შექმნას, ეტაპობრივად დაუახლოვდეს და სწორ დროს გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი.

„ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. დღეს ქვეყანა არის ოკუპირებული, ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს ადგილზე, ჩვენ ძალიან გონივრულად, ფრთხილად ვეკიდებით ყველა იმ გამოწვევას, საფრთხეს და რისკებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე დგას. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ გვაკისრია, ჩვენ დაგვაკისრა ჩვენმა ხალხმა. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, მე მტერს არ ვუსურვებდი დღეს უკრაინის ხელისუფლების როლში ყოფნას, რადგან ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, იმიტომ, რომ იბრძვიან აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ძალიან ბევრი უბედურება ხდება ომის გამო“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველო NATO-ს სამიტზე ღირსეულად წარმოჩინდა საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე.

„გავაგზავნეთ საგარეო საქმეთა მინისტრი. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ თვითონ უკრაინა, თქვენ თუ მიაქციეთ ყურადღება, არ იყო მიწვეული იმ მთავარ პანელსა და სამიტზე, ვახშამზე იქნა მიწვეული. გეტყვით ასევე, ჩემთანაც იყო გარკვეული შემოთავაზება, საუბარი იყო ვახშამზე. საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ ასე, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე წარმოჩინდა ქვეყანა. ამით არაფერი დაუკარგავს ჩვენს ქვეყანას. ეს ზედმეტი ალიაქოთი, ზედმეტი ხმაური არის აბსოლუტურად უსარგებლო, არაფრის მომცემი“, - უთხრა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

ვილნიუსის სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართა, NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინის ალიანსში მიწვევა შესაძლებელი იქნება მაშინ, როდესაც ამაზე მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები იქნება შესრულებული. კონკრეტული ვადები არ დასახელებულა. ამასთან, NATO-გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ გაწევრიანების გზაზე უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP-ის) მიცემის ეტაპი გაუქმდება. სამიტის შედეგად შეიქმნა NATO-უკრაინის საბჭო, სადაც მოკავშირეები და უკრაინა ერთმანეთს შეხვდებიან როგორც თანაბარი მონაწილეები, „რათა ხელი შეუწყონ პოლიტიკურ დიალოგს, ჩართულობას, თანამშრომლობას და უკრაინის მისწრაფებას, გაწევრიანდეს NATO-ში“.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ერთნაირად გვესმის პირობები, როდის და როგორ შეუერთდება უკრაინა NATO-ს. ცალსახაა ის ფაქტი, რომ უკრაინა NATO-ში იქნება, რომ NATO-ს წევრობით არავინ არავისთან ივაჭრებს, რომ ეს არის რეალური პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება უკრაინაში უსაფრთხოების ვითარებას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გარდა ამისა, NATO-ს სამიტის ფარგლებში, დიდი შვიდეულის წევრმა ქვეყნებმა, უკრაინის მონაწილეობით, ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, იტალიამ, კანადამ, აშშ-მა, საფრანგეთმა და იაპონიამ, ისევე როგორც ევროკავშირმა, შეათანხმეს უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიები, რაც მიზნად ისახავს მისი თავდაცვის გაძლიერებას და რუსეთის მომავალი აგრესიის შეკავებას. ეს მოიცავს უკრაინისთვის თანამედროვე სამხედრო ტექნიკის მიწოდებას, უკრაინელი სამხედროების გაწვრთნას და დაზვერვის მონაცემების გაცვლასაც. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას პირველად აქვს უსაფრთხოების ფუნდამენტი NATO-სკენ მიმავალ გზაზე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.