უკრაინის პოლიტიკური რეჟიმის დემონტაჟი ჩვენი მიზანი უნდა გახდეს - მედვედევი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„პირველი ეპიზოდი ნათამაშებია. კიდევ იქნება“, - რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი Telegram-ში წერს, რომ უკრაინის მოქმედი ხელისუფლება რუსეთისთვის საფრთხეა და მისი „სრულფასოვანი დემონტაჟი“ რუსეთის მიზანი უნდა გახდეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„უკრაინის სახელმწიფო დღევანდელი კონფიგურაციით ნაცისტური პოლიტიკური რეჟიმით წარმოადგენს მუდმივ, პირდაპირ და აშკარა საფრთხეს რუსეთისთვის. ამიტომ, ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის საზღვრების დაცვის გარდა, ჩვენი მომავალი მოქმედებების მიზანი, ჩემი აზრით, უნდა გახდეს უკრაინის პოლიტიკური რეჟიმის სრულფასოვანი დემონტაჟი“, - აღნიშნავს მედვედევი.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, დღეს, დმიტრი მედვედევზე ძებნა გამოაცხადა. მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული, რაც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმას გულისხმობს. ძებნილთა ბაზაში რუსეთის კიდევ 700-მდე მოქალაქე მოხვდა, მათ შორის, დუმის დეპუტატები, სენატორები, უშიშროების საბჭოს და მთავრობის წევრები.

10 ოქტომბერს, დილით, რუსეთმა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მონაცემებით, რუსეთმა 84 საკრუიზო რაკეტა და 24 უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, 13 ირანული „შაჰიდი“ გამოიყენა. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 56 სამიზნე გაანადგურეს, რომელთაგან 43 საკრუიზო რაკეტა იყო.

აფეთქებების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, 70-ზე მეტი კი დაიჭრა. დაზიანდა 70 ობიექტი, რომელთაგან 29 კრიტიკული მნიშვნელობისაა. თბოსადგურებისა და ელექტროქვესადგურების დაბომბვის გამო, უკრაინა იძულებულია, ხვალიდან ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტი შეაჩეროს საკუთარი ენერგეტიკული სისტემის სტაბილიზაციის მიზნით.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინული ქალაქების დაბომბვა ყირიმის ხიდზე 8 ოქტომბერს მომხდარ აფეთქებაზე პასუხი იყო, თუმცა უკრაინის სამხედრო დაზვერვა იუწყება, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ჯერ კიდევ 2 და 3 ოქტომბერს მიიღეს კრემლიდან ბრძანება, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასირებული სარაკეტო დარტყმებისთვის მომზადებულიყვნენ.

რუსეთის ქმედება დაგმეს ევროკავშირის ქვეყნებმა. „რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს რას წარმოადგენს - ეს არის ტერორი და სისასტიკე. დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. ჩვენ ვგლოვობთ მსხვერპლებს და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. ვიცი, რომ უკრაინელები არ შეშინდებიან“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, დღევანდელი სარაკეტო თავდასხმა კიდევ ერთხელ აჩვენებს პუტინის უკანონო ომის სისასტიკეს უკრაინელი ხალხის მიმართ. ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები, თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, გააგრძელებს უკრაინის დახმარებას ქვეყნის და თავისუფლების დასაცავად.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის შეფასებით, სარაკეტო დარტყმები „ომის კიდევ ერთ მიუღებელ ესკალაციას წარმოადგენს და როგორც ყოველთვის, მშვიდობიანი მოქალაქეები ყველაზე მაღალ ფასს იხდიან“.

11 ოქტომბრისთვის საგანგებოდ ჩაინიშნა „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების ლიდერების სხდომა (კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და აშშ). მათ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.