„ეს არის ჩვენთვის პრინციპული საკითხი. რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს, უცხოელ აგენტებს ჩვენ ვერ შევაქმნევინებთ საგამოძიებო კომისიას სასამართლოსთან დაკავშირებით“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ ჩააგდო სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძებო კომისიის შექმნის საკითხი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კორუფციაში ჩართულობის გამო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ მოსამართლეებს პარლამენტის დღევანდელ სხდომაზეც გამოუცხადეს სოლიდარობა და კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს. კვორუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა უკვე მეორედ ვერ შედგა. კვორუმისთვის 76 დეპუტატი იყო საჭირო, რეგისტრაცია კი 52-მა გაიარა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ კომისიის შექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს.
„სასამართლო აუცილებლად დარჩება დამოუკიდებელი, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ ეს მიღწევა დაჩრდილოს რაიმე ფორმით.
სასამართლო აუცილებლად დარჩება დამოუკიდებელი. გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე, ეს იყო უმძიმესი ვითარება, სისხლიანი, კრიმინალური სასამართლო სისტემა, რომელსაც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ სააკაშვილი და ადეიშვილი, ეს დრო საქართველოში, რა თქმა უნდა, არასდროს დაბრუნდება“, - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს ეკუთვნით. საპარლამენტო უმრავლესობამ ეს საკითხი პირველად გუშინ, 18 აპრილს ჩააგდო, როდესაც რეგისტრაციაზე უარი თქვა. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექნას სულ მცირე 50 დეპუტატის ხმა სჭირდება. იმ შემთხვევაში თუ კვორუმი შედგებოდა, ოპოზიციას საჭირო ხმების რაოდენობა გააჩნდა.
ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას შეფასებით, კომისიის შექმნისთვის ხელის შეშლით მმართველი პარტია სასამართლოში არსებულ კლანს მფარველობს: „დღევანდელი ხელისუფლების ამაზე მეტ ლუსტრაციას კომისიის შექმნაც კი ვერ შეძლებდა. ამის გაკეთების [კვორუმის ჩაგდების] არანაირი არგუმენტი არ ჰქონდათ. უბრალოდ, ვალში არიან სასამართლო კლანთან და მფარველობენ მას“.
სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი პარლამენტში გასული წლის დეკემბერში დარეგისტრირდა, თუმცა კენჭისყრაზე პირველად 18 აპრილს გავიდა. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც აშშ-მა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ ქართველ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მოსამართლეებს მხარდაჭერა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თქვა, რომ „დაუშვებელია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევა ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში“.