რუსეთი მის მიერვე ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სომხეთთან სარკინიგზო მიმოსვლის გეგმის განხორციელებაზე „ყოველდღიურ რეჟიმში“ მუშაობს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
მედიის წარმომადგენელმა ზახაროვას პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა საქართველოს გავლით დაბლოკილია, რასთან დაკავშირებითაც ერევანში ამბობენ, რომ პრობლემა აფხაზეთშია. „როგორია თქვენი ხედვა, ამ საკითხის გადაწყვეტის პერსპექტივები?“, - ჰკითხეს ზახაროვას.
„ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ დაგეგმილი მასშტაბური „საგზაო რუკის“ განსახორციელებლად. ეს მოიცავს სახელმწიფოს მეთაურებისა და ჩვენი ქვეყნების მთავრობებს დაქვემდებარებული შესაბამისი კომისიების დონეზე დოკუმენტების ხელმოწერას. ყოველდღიურ რეჟიმში ყველაფერი კეთდება, რომ ეს გეგმა განხორციელდეს“, - განაცხადა ზახაროვამ.
მაისში, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, სერგეი კატირინმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანზიტის დაწყების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ეს „ზემო ლარსის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს განტვირთავს და შეამცირებს მიწოდებული საქონლის ღირებულებას მისი მოცულობის გაზრდის ხარჯზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით ამჟამად „არაფერი არ ხდება“. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც ამბობს, რომ „დღეს ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას“. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი ფიქრობს, რომ რუსეთის ხელისუფლება რკინიგზის საკითხს გაააქტიურებს.
„ვფიქრობ, რუსეთმა იგრძნო, რომ მანევრირების ადგილი არსებობს და ახლა ნიადაგს სინჯავს - ეს ძალიან დამახასიათებელია რუსული ტაქტიკებისთვის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდასთან“ ინტერვიუში. „მათ მიიღეს, რბილად რომ ვთქვათ, ორაზროვანი სიგნალები საქართველოს ხელისუფლებისგან და ახლა სინჯავენ, რამდენად შორს შეიძლება წავიდნენ. ეს გააკეთეს ფრენებთან დაკავშირებით. ახლა ალბათ რკინიგზას სცდიან. ისინი აპირებენ სცადონ სხვა რაღაცებიც. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიმტკიცე გამოვავლინოთ“.
რუსეთის, საქართველოსა და სომხეთის დამაკავშირებელი რკინიგზა აფხაზეთის ომის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს.