უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში, რომელიც ევროპაში უდიდესია და 2022 წლიდან რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ძლიერი ხანძარი იყო. უკრაინა და რუსეთი პასუხსიმგებლობას ერთმანეთს აკისრებებენ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ხანძრის შედეგად რადიაციის დონე არ შეცვლილა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაჩენილი ხანძრის ამსახველი ვიდეო კვირას, 11 აგვისტოს, საღამოს გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ცეცხლი რუსმა ოკუპანტებმა გააჩინეს.
„რადიაციული მაჩვენებლები ჯერჯერობით ნორმაშია, მაგრამ ვიდრე რუსი ტერორისტები ინარჩუნებენ კონტროლს ატომურ სადგურზე, სიტუაცია არ არის და არ შეიძლება იყოს ნორმალური. ოკუპაციის პირველივე დღიდან რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს მხოლოდ უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს შანტაჟისთვის იყენებს.
ველოდებით პასუხს მსოფლიოსგან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხრიდან. რუსეთმა ამაზე პასუხი უნდა აგოს“, - განაცხადა ზელენსიმ და აღნიშნა, რომ მხოლოდ უკრაინის კონტროლი შეიძლება იყოს ზაპოროჟიის სადგურის უსაფრთხოების გარანტია.
რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ ინფორმაციით, ხანძრის მთავარი კერა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სახანძრო ბრიგადამ 23:30 საათისთვის ჩააქრო. „როსატომი“ აცხადებს, რომ ორი გამაგრილებელი კოშკიდან ერთ-ერთზე დარტყმა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.
„ეს მოვლენა შეიძლება დახასიათდეს, როგორც ბირთვული ტერორიზმის ფაქტი“, - განაცხადეს „როსატომში“.
უკრაინულ სახელმწიფო კომპანია „როსატომში“ ამტკიცებენ, რომ რუსეთს ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებელ კოშკებს სამხედრო აღჭურვილობისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შესანახად იყენებს, ხანძრის გაჩენის მიზეზი კი შესაძლოა გაუფრთხილებლობა ან განზრახ ცეცხლის წაკიდება ყოფილიყო.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მათმა ექსპერტებმა იხილეს სქელი მუქი კვამლი მას შემდეგ, რაც მთელი საღამოს განმავლობაში აფეთქებების ხმა ესმოდათ. ზიანის შესაფასებლად სააგენტო გამაგრილებელ კოშკი დაუყოვნებლივ დაშვებას ითხოვს.
„ეს დაუფიქრებელი თავდასხმები საფრთხეს უქმნის სადგურის ბირთვულ უსაფრთხოებას და ზრდის ბირთვული ავარიის რისკს და ახლავე უნდა შეჩერდეს“, - განაცხადა სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ.
რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე დაიკავა. სადგურის ექვსივე ბირთვული რეაქტორი ამჟამად გამორთულია.