თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის, აფგან სადიგოვისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უარი უფლებადამცველებმა სასამართლოში გაასაჩივრეს. „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ განაცხადეს, რომ სადიგოვის საქმეში საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის დაკვეთას ასრულებს, არ ითვალისწინებს საერთასორისო დასკვნებს და ადამიანის უფლებათა სტანდარტებს არღვევს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში გაურკვეველი ვადით არ შეუშვებენ
ადვოკატები თამთა მიქელაძე და ქეთი ჩუთლაშვილი ამბობენ, რომ მიგრაციის დეპარტამენტმა გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიიღო, არ შეისწავლა წარდგენილი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის, წამებისა ან არაადამიანური მოპყრობის რეალური რისკების ქვეშაა.
„ორი საკითხია, რაც მიგრაციის დეპარტამენტმა უნდა გამოკვეთოს - ადამიანი წარმოშობის ქვეყანაში დაექვემდებარება თუ არა დისკრიმინაციულ დევნას და მეორე, დადგება თუ არა სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე. სადიგოვის შემთხვევაში ორივე კრიტერიუმი დაკმაყოფილებული იყო. საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნით, ის აღიარებულია პოლიტიკურ პატიმრად და დაექვემდებარება დევნას. ყველა მტკიცებულება იყო წარდგენილი, თუმცა მიგრაციის დეპარტამენტმა ეს არ გაითვალისწინა,“ - განაცხადა ქეთი ჩუთლაშვილმა.
თამთა მიქელაძემ დაასახელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამისტროს და „ჰიუმან რაითს ვოჩის“ დასკვნები, რომელთა მიხედვით, აზერბაიჯანში ჟურნალისტის ორჯერ სისხლისსამართლებრივი და სამჯერ ადმინისტრაციული წესით დაკავება პოლიტიზებული, ფაბრიკაციული და სადამსჯელო იყო. მიქელაძის თქმით, გათავისუფლების შემდეგ აფგან სადიგოვი კვლავ აგრძელებდა ხელისუფლების კორუფციაში, ძალადობასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში მხილებას.
„აზერბაიჯანის ხელისუფლებას გაუჩნდა მისი კიდევ ერთხელ დასჯისა და დაპატიმრების ინტერესი და საქართველოში გადმოსული სადიგოვის ექსტრადიცია მოითხოვა. სადიგოვი აზერბაიჯანში მეორე პატიმრობის დროს 242 დღის განმავლობაში შიმშილობდა, რის გამოც ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუუარესდა, განუვითარდა მძიმე დაავადებები, 95 კილოდან 40 კილომდე დაიკლო, გადაადგილდებოდა ეტლით და რამდენიმე თვე დასჭირდა რეაბილიტაციისთვის. საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზანიც სწორედ სამედიცინო და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია იყო.
ჩვენ რამდენიმე წლის წინ გვქონდა აფგან მუხთარლის საქმე, როცა ჟურნალისტი გაიტაცეს. დღეს საქართველოს ხელისუფლება უკვე ბედავს ფორმალური პროცედურების შექმნით, „კანონიერი გზით“ გადასცეს აზერბაიჯანის რეჟიმს პატიოსანი, გაბედული ჟურნალისტი.
ორმაგად მიუღებელია, როცა ჩვენს სამართლებრივ სისტემას, ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებს შეუძლიათ ამგვარი გადაწყვეტილებები მიიღონ, თვალები დახუჭონ აზერბაიჯანში უფლების დარღვევის მასობრივ პრაქტიკაზე და შეწირონ ადამიანის უფლებების დაცვის ინტერესები პოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესებს ბაქოსთან“, - აღნიშნა თამთა მიქელაძემ.
აფგან სადიგოვი 3 აგვისტოს, თბილისში დააკავეს, მომდევნო დღეს კი სასამართლომ სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა თავშესაფრის მინიჭებაზე უარი მიიღო, იზოლატორში შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის მე-17 დღეს ის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სევინჩ სადიგოვა ამბობს, რომ აზერბაიჯანის ციხეში ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, მისი მეუღლე მძიმე ქრონიკული დაავადებებით დაავადდა და შესაძლოა განმეორებითმა შიმშილმა მისი გარდაცვალება გამოიწვიოს. „26 დღეა შიმშილობს, რაც შეიძლება ეს მისი გარდაცვალებით დასრულდეს და პასუხისმგებლობა დაეკისრება კანონის სახელით უკანონობის ჩამდენ ხელისუფლებას“, - თქვა სადიგოვამ, რომელიც თბილისში ორ არასრულწლოვან ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. სევინჩ სადიგოვა ამტკიცებს, რომ მათ მუდმივად უთვალთვალებენ და აზერბაიჯანიდან მუქარის გზავნილებსაც იღებს, რის გამოც შვილებს სკოლაში ვერ უშვებს.
„საქართველოს ხელისუფლება, შსს ასრულებენ პირადად ილჰამ ალიევის დაკვეთას. არ ვიცი ეს როგორ დავადასტურო. ალბათ, თუ მეც რაიმე დამემართება, მერე დაიჯერებს საზოგადოება“, - აღნიშნა მან.
უფლებადამცველები სარჩელით მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ. გარდა ამისა, ისინი გენერალურ პროკურატურას მიმართავენ, ჟურნალისტის აზერბაიჯანში ექსტრადიციის პროცესი შეაჩეროს.