ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე საქართველოს სახელმწიფოს მიერ ევროპული კონვენციის მე-3 (არასათანადო მოპყრობა) და მე-5 (დაკავება) მუხლების პროცედურული დარღვევა დაადგინა. კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ ეფექტური გამოძიება არ ჩატარდა მუხთარლის სარწმუნო ბრალდებებზე, რომ ის თბილისიდან გაიტაცეს, არასათანადოდ მოეპყრნენ და აზერბაიჯანში უკანონოდ გადაიყვანეს. ამასთან, სასამართომ აღნიშნული მუხლების არსებითი დარღვევა ვერ დაადგინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 3 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 4 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
„საქმის არსებული მასალების შესწავლის შემდეგ, სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია საკმარისი დარწმუნებით დაადგინოს ფაქტობრივი მოვლენები, რამაც გამოიწვია მომჩივნის თბილისიდან გაუჩინარება და მისი ხელახალი გამოჩენა აზერბაიჯანში. ეს სირთულე ნაწილობრივ გამოწვეულია საქართველოს ხელისუფლების წარუმატებლობით, ჩაეტარებინა ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ დაასკვნას „გონივრული ეჭვის მიღმა“, რომ განმცხადებელი გაიტაცეს, არასათანადოდ მოეპყრნენ და იძულებით გადაიყვანეს აზერბაიჯანში საქართველოს ხელისუფლების (აქტიური ან პასიური) მონაწილეობით ან თანხმობით. შესაბამისად, სასამართლო არ ადგენს კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების არსებით დარღვევას საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში“, - განმარტავს სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში.
აფგან მუხთარლის საჩივარი საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჰქონდა წარდგენილი. საქმე ეხებოდა 2017 წელს ჟურნალისტის თბილისიდან გატაცებას, არასათანადო მოპყრობას და მის ფარულ გადაყვანას საქართველოდან აზერბაიჯანში, სადაც ის შემდგომში დააპატიმრეს. აფგან მუხთარლი ამტკიცებდა, რომ ეს ქმედებები მის გაჩუმებას და ჟურნალისტური საქმიანობის გამო დასჯას ისახავდა მიზნად.
სასამართლომ აზერბაიჯანთან მიმართებაში მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის და მე-8 მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანის სასამართლომ ვერ დაასაბუთა მუხთარლის წინასწარი პატიმრობის აუცილებლობა, ხოლო საგამოძიებო უწყებებმა დაარღვიეს მისი პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება იმით, რომ მობილური ტელეფონის ჩხრეკა სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩაატარეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ აფგან მუხთარლის, მიყენებული მორალური ზიანის კომპენსაციის სახით, 10 000 ევრო უნდა გადაუხადოს, ხოლო ზერბაიჯანის მთავრობამ - 6000. გარდა ამისა, ორივე სახელმწიფოს იურიდიული ხაჯების ასანაზრაურებლად, მისთვის 2500-2500 ევროს გადახდა დაეკისრა.
აფგან მუხთარლის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფო აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ საქმე არ გამოეძიებინა, რაც ევროსასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით დაადასტურა.
„დღესაც გაურკვეველია თბილისის ცენტრიდან, ბარათაშვილის ქუჩიდან აზერბაიჯანში როგორ აღმოჩნდა ეს ადამიანი მაშინ, როდესაც ვიცით, რომ ვიდეოკამერების მეშვეობით ასეთ სერიოზულ დანაშაულზე კი არა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ხდება მყისიერი რეაგირება. ევროსასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება, ჩაეტარებინა ეფექტური, საფუძვლიანი გამოძიება. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სტრასბურგის სასამართლოს მხოლოდ პროცედურული დარღვევა დაედგინა და შინაარსობრივ ნაწილში შეუძლებელი ყოფილიყო რაიმე გადაწყვეტილების გამოტანა“, - აღნიშნა ჩოფიკაშვილმა.
აფგან მუხთარლი, რომელიც 2015 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა, თბილისის ცენტრიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მომდევნო დღეს კი აზერბაიჯანში, პოლიციის იზოლატორში აღმოჩნდა. აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის ბრალად დასდეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის კონტრაბანდა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2020 წლის მარტში მუხთარლი გაათავისუფლეს. ამჟამად ის გერმანიაში ცხოვრობს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, იოსებ გოგაშვილმა 2022 წელს, დაპატიმრების შემდეგ განაცხადა, რომ მუხთარლი ბიძინა ივანიშვილის დავალებით „სუს-ის ზონდერებმა“ გაიტაცეს.