„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ (CPJ) საგანგებო საქმეთა დეპარტამენტის დირექტორმა, ლუსი ვესტკოტმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან შესახვედრად შესვლა ვერ შეძლო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციამ ციხეში დაშვების მოთხოვნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართა, თუმცა უწყებიდან პასუხი ვერ მიიღო.
„იმედგაცრუებულები ვართ, რომ ციხეში ნიკასთან შესვლა ვერ შევძელით. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ნიკა გვარამია პატიმრობაში მყოფი ერთადერთი ჟურნალისტია საქართველოში და ასევე პირველი და ერთადერთი ქართველი ჟურნალისტია, რომელიც შეყვანილია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ პატიმართა სიაში. „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“, სხვა რამდენიმე ორგანიზაციასთან ერთად, აპრილში წერილი გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს და მოუწოდა მას, ისევე როგორც საქართველოს მთავრობას, რომ გაათავისუფლონ ნიკა გვარამია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ამ მოწოდებას. როდესაც ქვეყანაში ჟურნალისტია დაპატიმრებული, ეს ცუდ სიგნალს უგზავნის არა მხოლოდ ქვეყნის სხვა ჟურნალისტებს, არამედ რიგით მოქალაქეებსაც. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნიკა გვარამიასთვის წაყენებული ბრალდებები არის პოლიტიკური შურისძიება მისი დამოუკიდებელი ჟურნალისტური საქმიანობის გამო“, - ციტირებს „მთავარი არხი“ ლუსი ვესტკოტს, რომელიც რუსთავის ციხესთან ნიკა გვარამიას მეუღლესთან და ადვოკატთან ერთად მივიდა.
იუსტიციის სამინისტროში არ განუმარტავთ, რატომ ვერ შეძლო საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა პატიმართან შეხვედრა.
16 მაისს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებიდან ერთი წელი შესრულდა. 2022 წლის 2 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ძალაში დატოვა გვარამიასთვის მისჯილი სასჯელი - 3.6 წლით თავისუფლების აღკვეთა. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის განაჩენი ნაწილობრივ შეცვალა. კერძოდ, ნიკა გვარამია დაპატიმრებული იყო „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ავტომობილის პირადი მიზნების გამოყენებისთვის (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენით, მას ბრალდების მეორე ეპიზოდზე - „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ნაწილში, 50 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. სააპელაციო სასამართლომ მას ამ ეპიზოდზეც პატიმრობა მიუსაჯა.
ნიკა გვარამიას საქმე უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული და ის მოსამართლეთა კოლეგიამ (ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილის და ნინო სანდოძე) უნდა განიხილოს. ადვოკატების განცხადებით, 22 ივნისს გადის კანონით დადგენილი ვადა, როდესაც უზენაესმა სასამართლომ საბოლოო განაჩენი უნდა გამოაცხადოს.
ამ თემაზე:
არანაირი პერსონალური არ არის, ეს საკითხი ღიაა - პრეზიდენტი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე