საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის თქმით, 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ ჩანაწერს, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, „საქართველოში საომარი პროცესები მოჰყვა“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში, რომელიც ნატოს ლიდერებმა 10 ივლისს მიიღეს, საქართველო მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები და მასში არ არის ჩანაწერი, რომ ქვეყანა ალიანსის წევრი გახდება. კერძოდ, ნატოს ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, „გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ განლაგებულია მათი თანხმობის გარეშე“.
„მნიშვნელოვანი ჩანაწერია ნატოს დეკლარაციაში, კიდევ ერთხელ წამოვიდა მოთხოვნა, რუსეთის ჯარებმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ მყარი დადასტურებაა საქართველოს ოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისა და დასავლური სამყაროს თანადგომის. ამის ფონზე ოპოზიციურ ველში მთელი დილაა ჟრიამულს ვხედავთ. განსაკუთრებით თვალში მომხვდა გუკა პეტრიაშვილის პოსტი. ის პარალელს ავლებს 2008 წელს ნატოს სამიტზე გაკეთებულ განცხადებაზე, რომელსაც შეიძლება დადასტურებულად არა, მაგრამ შემდგომი არაერთი შეფასებით, საქართველოში 2008 წლის საომარი პროცესები მოჰყვა.
ამიტომ, როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი უმრავლესობა პარალელს ავლებენ 2008 წლის ნატოს ჩანაწერზე, რომელსაც ესკალაცია და საომარი დაძაბულობა მოჰყვა, ამას ისურვებენ და უჭერენ მხარს. რა თქმა უნდა, ეს შეფასებული ვერ იქნება.
ჩვენ, სახელმწიფო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ვისურვებთ, რომ ნებისმიერი ჩანაწერი თუ განცხადება არ იყოს პროვოკაციული და შეიცავდეს მინიმალურ რისკებს, რადგან ამ ეტაპზე სამწუხაროდ, ნატოს ქოლგა საქართველოს არ იცავს. ნატოს წევრი ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენს განცხადებებში ყოველთვის უფრო ფრთხილი ვიქნებით და ჩვენს პარტნიორებს ვთხოვთ, რომ მათი მხრიდან დამოკიდებულება სწორედ ამ მოცემულობის გათვალისწინებით იყოს შეფასებული“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
2008 წლის 3 აპრილს, ბუქარესტში გამართულ სამიტზე, ნატოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან. მას შემდეგ გამართული ყველა სამიტის დეკლარაცია, გარდა 2022 და 2024 წლებისა, ბუქარესტის სამიტზე მიღწეულ ამ შეთანხმებას იმეორებს.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ ვაშინგტონის სამიტის შედეგები საქართველოსთვის „სრული კატასტროფაა“.
„ვხედავთ, რომ საქართველოს ნატოში წინსვლა შეჩერებულია. ეს ყველაფერი „რუსული კანონის“ მიღებიდან გამომდინარეობს. ჩვენი ჯარი, რომელმაც უდიდესი მსხვერპლი გაიღო იმისთვის, რომ საქართველოს ნატოში წინსვლის შესაძლებლობა ჰქონოდა, ამ ვითარებაში რჩება სრულიად მარტო და დაუცველი რუსეთის აგრესიის საფრთხის პირობებში. ეს ყველაფერი კრემლის და „ქართული ოცნების“ კარგად დაგეგმილი ოპერაციაა“, - თქვა აქუბარდიამ.
„სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებლის, ნოდარ ხარშილაძის შეფასებით, ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია, სადაც საქართველო ცალკე საერთოდ არ არის ნახსენები, ნატო-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში „ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა“. „ეს არის, ალბათ, „გლობალურ ომის პარტიასთან“ ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ბრძოლის შედეგი. საქართველოსთვის ძალიან უკან გადადგმული ნაბიჯია და სამწუხაროა, რომ აქამდე მივედით“, - აღნიშნავს ხარშილაძე.