საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სასამართლოში 28 სარჩელი შევიდა სამი კრიტიკული ტელევიზიის - „მთავარი არხის“, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ წინააღმდეგ. მომჩივნების დიდი ნაწილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები არიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„მთავარი არხის“ წინააღმდეგ, 2021 წლის 8 ნოემბრიდან 2022 წლის 13 იანვრამდე პერიოდში მმართველი პარტიის 11-მა მერმა სასამართლოს ცალკ-ცალკე მიმართა. წყალტუბოს, ქუთაისის, ქარელის, ასპინძის, ადიგენის, ჭიათურის, ფოთის, ყვარლის, ნინოწმინდის, ბორჯომის, მარნეულის მერები პატივისა და ღირსების შელახვისათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად იდენტურ თანხას ითხოვენ - 55 555 ათასი ლარს. სადავო მასალა ეხება გადაცემაში „მთავარი აქცენტები“, იმ დროისთვის მერობის კანდიდატების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც სხვადასხვა დროს ისინი უშიშროების სამსახურების მიერ არიან გადაბირებული.
„მთავარ არხს“ უჩივის გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი) 2021 წლის 9 ოქტომბერს საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტის გამო, სადაც მისი თქმით, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით არხი იტყობინებოდა, თითქოს პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული პირების ერთ-ერთი სამალავი ადგილი ძმები გაჩეჩილაძეების საცხოვრებელი სახლი იყო.
ტვ „პირველის“ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ. სიუჟეტის მიხედვით, „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერმა ელიტური კორუფციის ის დოკუმენტი მოიპოვა, რომელსაც გრიფით საიდუმლო დაადეს. სუს-ის საგამოძიებო მასალებით დადგინდა, რომ 2020 წლის ზაფხულში ირანელ ბიზნესმენს სასტუმროს ასაშენებელი მიწის ყიდვის სანაცვლოდ მინისტრი ფუტკარაძე ქრთამს, დაახლოებით 348 ათას დოლარს სთხოვდა.
„მთავარ არხს“, „ფორმულას“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის წევრს ლევან ხაბეიშვილს სასამართლოში უჩივლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა. სუს-ის უფროსი სადავოდ ხდიდა მედიაში გავრცელებულ განცხადებებს, რომლებიც დანაშაულებრივ სქემაში, ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და მისი, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელის, სავარაუდო ფიგურირებას უკავშირდება. ეს საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ სხვა სარჩელებისგან განსხვავებით სწრაფად, შემჭიდროებულ ვადაში განიხილა, ცილისწამების ფაქტი დაადგინა და მოპასუხეებს, იმავე მედიასაშუალებების მეშვეობით გავრცელებული ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, სიმბოლურად 1 ლარის გადახდა დააკისრა. მოპასუხეებმა განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. გადაწყვეტილება უკვე სააპელაციო სასამართლომაც გამოაცხადა და განჩინება ძალაში დატოვა.
სასამართლომ სწრაფად განიხილა თბილისის მერის კახა კალაძის მიერ, 2022 წლის ივნისში წარდგენილი სარჩელიც ტვ „პირველის“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ. თბილისის მერი დავობდა გადაცემის წამყვანის მიერ ეთერში ნათქვამზე, რომ „კახი კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო“. მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა კალაძის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ მოპასუხეებს ცილისწამების უარყოფა და სოლიდარულად 15 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. კალაძე ზიანის ანაზღაურებისთვის 100 ათას ლარს ითხოვდა.
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პოლიციის ინსპექტორის სარჩელი. საქმე ეხება 2021 წლის 30 იანვარს ტვ „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც საუბარი იყო შს სამინისტროს თანამშრომლის - გელა კვაშილავას მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის თაობაზე. სიუჟეტის თანახმად, სამართალდამცველს მეგობარი გოგონებისთვის გადაჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, ის ფოთი - ქობულეთის გზაზე გააჩერეს და გაუშვეს, იმიტომ რომ გავლენიანი მფარველები ჰყავდა“. სასამართლომ ტელევიზიას დაავალა ცნობის გამოქვეყნება, რომ სადავო სიუჟეტში გასული ინფორმაცია ცილისწამებას წარმოადგენს. ასევე, დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 2 ათასი ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
2022 წლის სექტემბერში, სასამართლომ დააკამყოფილა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედის, თამარ ზაალიშვილის სარჩელიც. კობახიძის დედაც ტელევიზიას ცილისწამებას ედავებოდა. ტვ „პირველს“ 5555 ლარის, გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს და პროდიუსერს, ნოდარ მელაძეს კი 5-5 ლარის გადახდა დაეკისრათ.
„ტვ პირველის“ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა ბიზნესმენმა ნუგზარ ალუღიშვილმაც. მან ზიანის ანაზღაურების სახით 20 ათასი ლარის დაკისრება და გადაწყვეტილების მიღებამდე, ნოდარ მელაძისა და მაკა ანდრონიკაშვილის პირადი საბანკო ანგარიშების დაყადაღება მოითხოვა. სიუჟეტი გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ 2021 წლის 25 დეკემბერს გავიდა. ჟურნალისტი მოგვითხრობს კახეთში, დედოფლისწყაროს რაიონში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მამის ბიზნესინტერესების შესახებ. სიუჟეტის მიხედვით, სავარაუდოდ, დედოფლისწყაროში, ღვინის მშენებარე ქარხნის და ხორბლის საცავების ბიზნესში პრემიერის მამის ინტერესებია ჩართული. ამ ბიზნესის ერთ-ერთი მფლობელია ნუგზარ ალუღიშვილი, რომელიც, ჟურნალისტის თქმით, ღარიბაშვილის მამის ქონების არაფორმალური განმკარგავია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აცხადებს, რომ დროის მცირე მონაკვეთში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სარჩელების სიმრავლე აშკარად კოორდინირებულ ტენდენციაზე მიანიშნებს, რაც მედიის საქმიანობის შეზღუდვასა და დაშინებას ისახავს მიზნად.
ხელისუფლების წარმომადგენლები წლებია საუბრობენ არსებულ მედია კანონმდებლობაში ცვლილების განხორციელების აუცილებლობაზე.