„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი სრულ შიმშილობას აგრძელებს და დღეს დაგეგმილი დამატებითი სამედიცინო კვლევების შედეგად გადაწყდება, დააბრუნებენ თუ არა მას საპატიმროში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
- 2 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 3 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 4 რუსეთის დაზვერვა: EU საქართველოში აქციის მონაწილეებს დღიურად 120 ევროს გადაუხდის
- 5 მზია ამაღლობელს კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ
- 6 ესტონეთში შესვლა საქართველოს კიდევ 55 მოქალაქეს აეკრძალა - სია
„მზია ამაღლობელი დღეს უკვე 30-ე დღეა შიმშილობს. ის სრულ შიმშილობას აგრძელებს და აქ რჩება დამატებითი გამოკვლევების ჩატარების მიზნით, თუმცა მისი პოზიცია უცვლელია, ის მოითხოვს, რომ უკან ციხეში დააბრუნონ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს სამედიცინო კვლევების შედეგებზე დაყრდნობით.
ამ შემთხვევაში გადამწყვეტია სამედიცინო ჩვენება, როგორი იქნება. როგორც მას აქვს ინფორმაცია, დღეს იგეგმება დამატებითი კვლევების ჩატარება და ამის შემდეგ გადაწყდება, როგორი იქნება გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული.
[...] მზია ამაღლობელი, 30-დღიანი შიმშილობის ფონზე, ფიზიკურად სუსტად არის, თუმცა ამბობს, რომ შედარებით უფრო უკეთ არის, ვიდრე ბოლო რამდენიმე დღის წინ იყო. ამიტომ ფიქრობს, რომ შესაძლებელია მისი უკან დაბრუნება“, - განაცხადა ქურდოვანიძემ.
მზია ამაღლობელი რუსთავის N5 პენიტენციური დაწესებულდებიდან კლინიკა „ვივამეში“ 4 თებერვალს გადაიყვანეს. სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ შიმშილობის გაგრძელების შემთხვაში, ამაღლობელი სამედიცინო დაწესებულებაში უნდა დარჩეს.
„თუ შიმშილს არ შეწყვეტს, მაშინ უნდა იყოს კლინიკაში, კონტროლის ქვეშ იმიტომ, რომ ექიმები მოასწრებენ რეაგირებას, შევუნარჩუნოთ არა მარტო სიცოცხლე, არამედ მომავალში ინვალიდი არ გაგვიხდეს“, - თქვა ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ 7 თებერვალს, მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირქტორი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. პირველად მისი დაკავება სამმართველოს დამხმარე შენობის კედელზე საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო მოხდა, ხოლო მეორედ - ბათუმის პოლიციის უფროსზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და სამი საათის განმავლობაში ადვოკატებს მასთან არ უშვებდნენ.
დაკავების შემდეგ ამაღლობელი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში, ირაკლი დგებუაძემ სახეში შეაფურთხა და მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა, არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.
„ბათუმელებმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციის სამმართველოს ეზოში შეყვანის შემდეგ მზია ამაღლობელს პოლიციელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მას თავად პოლიციის უფროსიც აგინებდა და ემუქრებოდა, რომ სისხლის სამართლის წესით დაიჭერდა.
ამაღლობელს დღემდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, დგებუაძე კი თანამდებობაზე რჩება.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა, ატარებს დაშინების და პოლიტიკური რეპრესიის სახეს, რადგან ჟურნალისტის ქმედება - სახეში სილის გაწვნა - პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ისინი პროკურატურას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მიმართოს სასამართლოს და აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლა მოითხოვოს.
მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ის დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, შიმშილობს.
