თუ აგრძელებს შიმშილობას, უნდა დარჩეს კლინიკაში - ექიმები მზია ამაღლობელზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, უკანონო პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი შიმშილობის 27-ე დღეს, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმების ჯგუფმა მოინახულა. ექიმების რეკომენდაციაა, მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში“ დარჩეს, რადგან ის შიმშილობას აგრძელებს. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტი შენელებულად მეტყველებს და ნელა გადაადგილება შეუძლია.

„მდგომარეობა არ არის მარტივი, დასაფიქრებელია. დოკუმენტაციას გავეცანი და კიდევ უფრო მძიმედ იყო საავადმყოფოში გადმოყვანამდე. კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ ნამდვილად ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება, ყველა საჭირო გამოკვლევა. ძალიან ყურადღებით გავეცანით ისტორიას და პრაქტიკულად ყველაფერი ტარდება იმისათვის, რომ შიმშილობამ მალე არ გამოიწვიოს მძიმე შედეგები. დღესდღეობით ძალიან მძიმე მდგომარეობა, რაც შეიძლება ყოფილიყო ამდენი დღის შიმშილობის შემდეგ, არ არის, მაგრამ ეს ალბათ ჩემი კოლეგების დამსახურებაა, რომლებიც დროულად, ადეკვატურად და კარგად მკურნალობენ. მაინც უნდა ითქვას, რომ ამ მდგომარეობას აქვს საზღვარი, საზღვარი სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვანაირია“, - განაცხადა გასტროენტეროლოგმა გიორგი გვილიამ 7 თებერვალს, „ვივამედიდან“ გამოსვლის შემდეგ.

მისი განმარტებით, რაღაც დროის შემდეგ ორგანიზმში მიდის ისეთი ცვლილებები, რომ გარედან მიხმარება საკმარისი აღარ იქნება.

„შეიძლება ისეთი ძვრები განვითარდეს, რომ ის ვეღარ დავიჭიროთ. ძვრები ბევრნაირია: გულში, საჭმლის მომნელებელ სისტემაში, ღვიძლში, თირკმელში, ფილტვში, ყველაფრის უკმარისობა და მწყობრიდან გამოსვლა შეიძლება მოხდეს თანდათანობით. მე და ჩემს კოლეგებს მიგვაჩნია, რომ პაციენტის სიცოცხლის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ პაციენტი აგრძელებს შიმშილობას, უნდა დარჩეს კლინიკაში და აქ უნდა გაგრძელდეს მკურნალობა.

ადეკვატური მკურნალობის პირობებშიც, რაღაც დროის შემდეგ ვითარდება ცვლილებები, რომლის მერეც, თუნდაც ძალიან მაღალი დონის ჩარევა ვეღარ იზამს ისე, რომ პაციენტი გადავარჩინოთ“, - აღნიშნა გასტროენტეროლოგმა.

ენდოკრინოლოგისა და ნუტრიციოლოგის, ელენე გიორგაძის განცხადებით, მზია ამაღლობელს საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნება სურს, რაც მიზანშეწონილი არ არის.

„მე ბოდიში მოვუხადე და ვთხოვე, შიმშილი შეწყვიტოს. არ შეწყვეტს შიმშილს. ეს გასაგებია, მაგრამ

თუ შიმშილს არ შეწყვეტს, მაშინ უნდა იყოს კლინიკაში, კონტროლის ქვეშ იმიტომ, რომ ექიმები მოასწრებენ რეაგირებას, შევუნარჩუნოთ არა მარტო სიცოცხლე, არამედ მომავალში ინვალიდი არ გაგვიხდეს.

ამ ეტაპზე ყველაფერი ხდება ადეკვატურად და სწორად. შიმშილის დროს, რადგან საკვებს რეალურად არ იღებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემიდან გამომდინარე როდის, რა დროს რომელი გართულება შეიძლება მოხდეს, არავინ იცის“, - თქვა ელენე გიორგაძემ.

ექიმთა ჯგუფი გასტროენტეროლოგს, ნევროლოგს, ენდოკრინოლოგსა და ოფთალმოლოგ აერთიანებს. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ისინი პატიმრისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის საკითხს შეაფასებენ, მოამზადებენ დასკვნას, რომლის საფუძველზეც სახალხო დამცველი „შემდგომ სამართლებრივ რეაგირებას“ განახორციელებს.

მზია ამაღლობელი რუსთავის N5 პენიტენციური დაწესებულდებიდან კლინიკა „ვივამეში“ 4 თებერვალს, კვლევების ჩასატარებლად გადაიყვანეს.

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირქტორი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. პირველად მისი დაკავება სამმართველოს დამხმარე შენობის კედელზე საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო მოხდა, ხოლო მეორედ - ბათუმის პოლიციის უფროსზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და სამი საათის განმავლობაში ადვოკატებს მასთან არ უშვებდნენ.

დაკავების შემდეგ ამაღლობელი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში, ირაკლი დგებუაძემ სახეში შეაფურთხა და მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა, არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.

„ბათუმელებმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციის სამმართველოს ეზოში შეყვანის შემდეგ მზია ამაღლობელს პოლიციელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მას თავად პოლიციის უფროსიც აგინებდა და ემუქრებოდა, რომ სისხლის სამართლის წესით დაიჭერდა.

ამაღლობელს დღემდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, დგებუაძე კი თანამდებობაზე რჩება.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა, ატარებს დაშინების და პოლიტიკური რეპრესიის სახეს, რადგან ჟურნალისტის ქმედება - სახეში სილის გაწვნა - პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ისინი პროკურატურას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მიმართოს სასამართლოს და აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლა მოითხოვოს.

მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ის დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, შიმშილობს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.