ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, უკანონოდ დაპატიმრებული მზია ამაღლობელის საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ექიმთა ჯგუფი შექმნა. ამაღლობელი უკვე 26-ე დღეა ციხეში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 5 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
როგორც სახალხო დამცველის აპარატში განმარტავენ, ექიმთა ჯგუფი შეაფასებს პენიტენციური სამსახურის, მათ შორის, კონტრაქტორი კლინიკ(ებ)ის მიერ მზია ამაღლობელისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის საკითხს. ექიმთა ჯგუფში შედიან:
- ელენე გიორგაძე - ენდოკრინოლოგია, ნუტრიციოლოგია, ბავშვთა ენდოკრინოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია;
- გიორგი გვილია - გასტროენტეროლოგია, კარდიოლოგია, შინაგანი სნეულებები;
- გიორგი ჯავრიშვილი - ოფთალმოლოგია;
- ალექსანდრე ცისკარიძე - ნევროლოგია;
„ჯგუფი განისაზღვრა მზია ამაღლობელის წარმომადგენლების მიერ დასახელებული კანდიდატებიდან, მათთან კონსულტაციითა და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის პრობლემების მხედველობაში მიღებით“, - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.
როგორც მზია ამაღლობელის ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ თქვა, ექიმები უკანონო პატიმარს ხვალ, 7 თებერვალს, კლინიკა „ვივამედში“ მოინახულებენ. ისინი შეისწავლიან სამედიცინო დოკუმენტაციას, მოამზადებენ დასკვნას და რეკომენდაციებს, რომელსაც სახალხო დამცველს წარუდგენენ.
„დასკვნის საფუძველზე სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი შემდგომ სამართლებრივ რეაგირებას განახორციელებენ. ასევე, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის ფარგლებში, ინფორმაციას მივაწოდებთ საზოგადოებას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სახალხო დამცველის მანდატი არ არის პატიმრების მკურნალობაში მონაწილეობის მიღება და აღნიშნული უფლებამოსილება არც სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ სპეციალისტებს ექნებათ“, - განაცხადეს სახალხო დამცველის აპარატში.
მზია ამაღლობელი რუსთავის N5 პენიტენციური დაწესებულდებიდან კლინიკა „ვივამეში“ 4 თებერვალს, კვლევების ჩასატარებლად გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, მდგომარეობა საგანგაშოა და გართულება გამორიცხული არ არის.
სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით სპეციალური სამედიცინო ჯგუფის შექმნის თაობაზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 31 იანვარს მიმართა.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირქტორი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. პირველად მისი დაკავება სამმართველოს დამხმარე შენობის კედელზე საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო მოხდა, ხოლო მეორედ - ბათუმის პოლიციის უფროსზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და სამი საათის განმავლობაში ადვოკატებს მასთან არ უშვებდნენ.
დაკავების შემდეგ ამაღლობელი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში, ირაკლი დგებუაძემ სახეში შეაფურთხა და მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა, არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.
„ბათუმელებმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციის სამმართველოს ეზოში შეყვანის შემდეგ მზია ამაღლობელს პოლიციელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მას თავად პოლიციის უფროსიც აგინებდა და ემუქრებოდა, რომ სისხლის სამართლის წესით დაიჭერდა.
ამაღლობელს დღემდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, დგებუაძე კი თანამდებობაზე რჩება.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა, ატარებს დაშინების და პოლიტიკური რეპრესიის სახეს, რადგან ჟურნალისტის ქმედება - სახეში სილის გაწვნა - პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ისინი პროკურატურას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მიმართოს სასამართლოს და აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლა მოითხოვოს.
მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.