ადიგენში მერაბ მიქელაძის სახლში მუსლიმების ლოცვის წინააღმდეგ მორიგი აქცია გამართეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

დაბა ადიგენში, მერაბ (იუსუფ) მიქელაძის საცხოვრებელ სახლთან კვლავ გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეები სახლში მუსლიმური სამლოცველოს ფუნქციონირებას აპროტესტებენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ადიგენის შესასვლელში, ზარზმის მხრიდან გზა გადაუკეტეს მუსლიმებს, რომლებიც აქციისკენ მიდიოდნენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ადგილობრივები და მართლმადიდებელი სასულიერო პირები მიქელაძის სახლის ეზოში პარასკევის ტრადიციული ლოცვის დაწყებამდე შეიკრიბნენ. როგორც ზარზმის მონასტრის წინამძღვარმა, ნიკოლოზ გეწაძემ თქვა, მათი მიზანია, მუსლიმებმა გაიგონ, რომ დაბაში სამლოცველოს არსებობას არ შეეგუებიან და ხელისუფლების შეთავაზებას უნდა დასთანხმდნენ.

„მათ შესთავაზეს ალტერნატიული ფართი, სადაც ექნებათ საშუალება, დაიკმაყოფილონ საკუთარი რელიგიური მოთხოვნილება, თუმცა ამის საჭიროება არ არსებობს, რადგან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბევრი მეჩეთია. რამდენიმე ადამიანია, ისინი არ არიან ტრადიციული ისლამის წარმომადგენლები, რომლებიც პრინციპულად, თითქოს, ვიღაცისგან დავალებულნი, ითხოვენ, გინდა თუ არა, ეს ასე იქნება. ამას აქ არავინ შეეგუება, ეს გამორიცხულია. სანამ არ გადაგვიფიქრებია, დასთანხმდნენ ხელისუფლების შეთავაზებას“, - განაცხადა ნიკოლოზ გეწაძემ.

სასულიერო პირი მოთხოვნას ხელისუფლებასაც უყენებს და ამბობს, რომ საჭიროა საკანონმდებლო „ლაფსუსის“ გამოსწორება: „რა არის საცხოვრებელი სახლი და რა არის საკულტო ნაგებობა მაქსიმალურად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან“.

აქციის სხვა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ არ გაჩერდებიან, ვიდრე მერაბ მიქელაძის სახლი მუნიციპალიტეტს არ გადაეცემა. აქციაზე დღესაც ისმოდა მიქელაძის მისამართით მუქარა და შეურაცხმყოფელი ფრაზები.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მერაბ მიქელაძეს ორ ვარიანტს სთავაზობს - ადიგენში სახლის დათმობის სანაცვლოდ, 800 მეტრში მდებარე სოფელ იჯარეთში ალტერნატიული ფართის გამოყოფას, ან მუნიციპალიტეტის მიერ მისი სახლის გამოსყიდვას.

სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის თქმით, მიქელაძისგან შეთავაზებაზე „უარგუმენტო“ უარი მიიღეს, რასაც ის პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს. ვაშაყმაძის თქმით, „პროცესებში ჩართულია“ ტარიელ ნაკაიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი და ქართველ მუსლიმთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე.

„ჩვენ გადავდგით ძალიან დიდი ნაბიჯი, რომ ჩვენ გადავიდოდით იჯარეთში, იქ აღვავლენდით ლოცვას, ასევე ვასწავლიდით ბავშვებს და ამასთან, ეს ადგილი დარჩებოდა კერძო საკუთრებაში, სადაც იცხოვრებდა თემი. მოვიდნენ და გვეუბნებიან, საკუთრება ან უნდა გადაგვიცვალო იჯარეთში, ან უნდა მოგვყიდოო. გამორიცხულია, არცერთს არ ვაპირებთ,“ - ამბობს მიქელაძე.

პარასკევის ლოცვა 8 მარტსაც ჩაიშალა, როდესაც მერაბ მიქელაძის სახლთან 200-მდე ადამიანი შეიკრიბა. ისინი მიქელაძისა და კიდევ ორი ადამიანისგან შენობის დატოვებას მოითხოვდნენ. ზარზმის მონასტრის წინამძღვარი პოლიციის კორდონის მიუხედავად კერძო საკუთრებაში შეჭრას ცდილობდა და მერაბ მიქელაძეს ძალადობით ემუქრებოდა. მიქელაძემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა და რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით დევნის ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).