ადიგენში მცხოვრები მუსლიმების „განგრძობადი დევნის ფაქტზე“ გამოძიების დაწყებას ითხოვენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

იუსუფ მიქელაძე

ადიგენში მცხოვრებმა მერაბ (იუსუფ) მიქელაძემ, რომელსაც მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა და ადგილობრივებმა 8 მარტს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, პარასკევის ლოცვის ჩატარების უფლება არ მისცეს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. მის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოადგენს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, დროულად დაიწყოს ადიგენში ქართველი მუსლიმების განგრძობადი დევნის ფაქტის გამოძიება და საქმეზე ეფექტიანი რეაგირებისთვის ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, მათ შორის, დევნაში ჩართული სასულიერო პირების დროული გამოკითხვა.

„მუქარისა და შევიწროების განგრძობადობა, ასევე რელიგიური შეუწყნარებლობის აშკარა მოტივი აჩვენებს, რომ რომ ადგილობრივი მართლმადიდებელი მრევლისა და სასულიერო პირების, მათ შორის, ნიკოლოზ გეწაძის მხრიდან სავარაუდოდ ადგილი აქვს დევნას რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, რაც დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით, აღნიშნული დანაშაულის გამოძიება კი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მანდატში ექცევა“, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია.

8 მარტს, პარასკევის ტრადიციული ჯუმა ლოცვის დროს, მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი, 200-მდე ადამიანი, დაბა ადიგენში იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის კუთვნილ შენობასთან შეიკრიბა და იქ მყოფ მუსლიმებს სახლის დატოვება მოსთხოვა. ამ დროს შენობაში მხოლოდ სამი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ლოცვას აღავლენდნენ. გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ზარზმის მონასტრის წინამძღვარი ნიკოლოზ გეწაძე, პოლიციის კორდონის მიუხედავად, ცდილობდა იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის სახლში შეჭრას და მას ძალადობით ემუქრებოდა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ხაზს უსვამს, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი ჰქონდა წინა პარასკევს, 1-ელ მარტსაც, როდესაც მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა, მათ შორის ნიკოლოზ გეწაძემ, მუსლიმებს შენობის დატოვება მოსთხოვეს. მუსლიმი თემის შევიწროების მსგავსი ეპიზოდი მოხდა 2023 წლის ივლისშიც.

„მაშინაც ადგილობრივი მართლმადიდებელი სასულიერო პირები მერაბ (იუსუფ) მიქელაძის შენობასთან მივიდნენ და მუქარით მუსლიმი ლიდერებისგან რელიგიური საქმიანობის შეწყვეტა მოითხოვეს. ადგილზე მოხდა სიტყვიერი შელაპარაკებაც, რომელიც პოლიციამ განმუხტა. მომხდარის შემდეგ, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით, მართლმადიდებელ და მუსლიმ სასულიერო პირებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, რის შემდეგაც კონფლიქტისა და დაპირისპირების თავის აცილების მიზნით, დათმობაზე წასვლა მოუწიათ. კერძოდ, ისინი დათანხმდნენ, რომ დაბა ადიგენში იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის კუთვნილ შენობაში დროებით გააგრძელებდნენ ლოცვას ვიდრე, მოშორებით მდებარე სოფელ იჯარეთში ადგილობრივი თვითმმართველობა არ შეუძენდა ახალ ფართს რელიგიური საქმიანობისთვის. თუმცა, ამ დრომდე თვითმმართველობას არ გადაუცია მუსლიმებისთვის ალტერნატიული შენობა“, - ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წინა წლებში, ადიგენში ქართველი მუსლიმი თემის უფლებების დარღვევას სახელმწიფოს მხრიდან სათანადო სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია, რაც დაუსჯელობის კლიმატს ქმნის და ძალადობის განმეორების რეალურ წინაპირობებს აჩენს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).