საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი ალეკო ელისაშვილი, რომელსაც ხუთი თვის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სცემეს, სასამართლომ აქეთ დააჯარიმა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელისაშვილი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
„ალბათ ყველას გვახსოვს, ბიძინა ივანიშვილი 12 წლის წინ, ხელისუფლებაში მოსვლამდე, ვითომ გაცოფებული რომ იყო წინა ხელისუფლების უსამართლობით, სამართლიანობის აღდგენას, სასამართლოს წნეხისგან გათავისუფლებას და დემოკრატიით ევროპის გაოცებას რომ გვპირდებოდა. როგორი სამართალი გვაქვს მოგახსენებთ:
17 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან 20-მდე პოლიციელი ფიზიკურად მისწორდებოდა მე, საქართველოს პარლამენტის წევრს, რომელსაც, წესით, კონსტიტუციურად იმუნიტეტი მიცავს. იმ ინციდენტის შემდეგ არცერთი პოლიციელისთვის ბრალი არ არის წარდგენილი, არცერთი მათგანი არ არის იდენტიფიცირებული, დაკავებული ხომ არ არის და არ არის. უფრო მეტიც, მე დამაჯარიმეს 2000 ლარით - იქ ხულიგნობდი და უმისამართოდ იგინებოდიო.
წარმოგიდგენიათ? აქეთ დამაჯარიმეს, იმათ არაფერი მოჰკითხეს და მე დამაჯარიმეს. ასეთი ქვეყანა შემოგვთავაზა ბიძინა ივანიშვილმა 12 წლის თავზე“, - განაცხადა დეპუტატმა.
ალეკო ელისაშვილმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, როგორც ამბობს, არ აქვს მოლოდინი, რომ „მურუსიძის დუქანში“ სამართალს იპოვის.
ელისაშვილი ანტირუსულ აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ნაცემი მინიმუმ მესამე ადამიანია, რომელიც სასამართლომ აქეთ ცნო სამართალდამრღვევად. ასევე 2000 ლარით დაჯარიმდნენ სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა და ამერიკელი იურისტი ტედ ჯონასი.
ალეკო ელისაშვილს 17 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციასთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ მას შემდეგ, რაც პოლიციის კორდონის გარღვევა და შენობაში შესვლა სცადა. ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ათობით პოლიციელი ძირს დაგდებულ ელისაშვილს ხელებითა და წიხლებით სცემს. ელისაშვილის თქმით, ერთ-ერთი მოძალადე ამოიცნო და ის ხაშურის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე, კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ზაქრო ჩოხელია.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ხუთი თვეა საქმეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით იძიებს, თუმცა პარლამენტის მოქმედი წევრის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობისთვის ამ დრომდე არავინ არის დაკავებული. როგორც ნაცემი ელისაშვილი ამბობდა, მასზე ანგარიშსწორება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ვაჟა სირაძის დავალებით განხორციელდა.
ძალადობამდე ორი დღით ადრე, 15 აპრილს, ალეკო ელისაშვილი პარლამენტში რუსული კანონის ერთ-ერთ ავტორს, მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა და საკომიტეტო განხილვის დროს, მოულოდნელად სახეში დაარტყა. მდინარაძემ თქვა, რომ ელისაშვილს „საკადრის პასუხს“ გასცემდნენ.
