პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია, გამოვიდა ინიციატივით, რომ 11-12 ივლისს, ვილნიუსში დაგეგმილ NATO-ს სამიტამდე პარლამენტმა ერთობლივი განცხადება მიიღოს, სადაც NATO-ში საქართველოს გაწევრიანების სურვილთან ერთად, ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებისადმი მხარდაჭერის თხოვნა იქნება დაფიქსირებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 5 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, აქუბარდიამ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ უცნობია, მიიღებს თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამიტში მონაწილეობას და რას ელის ქვეყანა NATO-სგან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მიზეზად NATO-ს გაფართოება და ალიანსში უკრაინის გაწევრიანების სურვილი დაასახელა.
„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პარლამენტში არცერთი რეზოლუცია არ მიღებულა მას შემდეგ, რაც რუსეთმა NATO-ს გაფართოების საბაბით დაიწყო საერთაშორისო დღის წესრიგის გადახევა და შემდეგ უკვე აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენ არ გაგვიკეთებია არცერთი საპარლამენტო მიმართვა NATO-ს წევრებისადმი, ლიდერებისადმი, მოვუწოდებ პარლამენტის თითოეულ დეპუტატს, ახლა, როდესაც ვილნიუსში იმართება NATO-ს სამიტი, როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი, როგორც უკრაინის ლიდერი იქნება ამ სამიტზე წარმოდგენილი, იმის მიუხედავად, რომ დღემდე მთავრობა არ ამბობს, იქნება თუ არა პრემიერი ვილნიუსის სამიტზე, ერთობლივი მიმართვა გავაკეთოთ.
მივმართოთ NATO-ს წევრ ქვეყნებს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, საქართველოს NATO-ში წევრობის სურვილთან ერთად, დაფიქსირებული იყოს თხოვნა საქართველოს მხარდაჭერის, რამდენადაც ეს არის საქართველოს უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი ქოლგა და კონსტიტუციით გამყარებული არჩევანი, მიუხედავად იმ ანტიდასავლური განცხადებებისა, რომლებსაც ხელისუფლება და მათ შორის, პრემიერ-მინისტრი აკეთებენ NATO-ს მისამართით“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა „ქართული ოცნების“ წევრებს მოუწოდა, დააფიქსირონ, რას ფიქრობენ ამ საკითხზე.
ვილნიუსის სამიტის მთავარი თემა უკრაინა და NATO-სთან მისი ურთიერთობა იქნება. რამდენიმე დღის წინ, მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტზე გამოსვლისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველა ევროპული სახელმწიფო, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და რომელსაც არ უნდა, რომ რუსეთმა დაშალოს, ევროკავშირისა და NATO-ს სრულუფლებიანი წევრი უნდა იყოს. ზელენსკის თქმით, უკრაინა ელის, რომ NATO-ს სამიტზე, მისი ქვეყანა მიიღებს მიწვევას გაწევრიანებაზე და გაწევრიანების გზაზე უსაფრთხოების გარანტიებს.
