საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმას ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს, ძალადობის ციკლი დაასრულოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 2 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა შეუფარდა
- 6 სტიკერის გაკვრაზე მზია ამაღლობელი მეორედ გაასამართლეს და 1000 ლარით დააჯარიმეს
„ათობით მსგავსი ძალადობრივი ინციდენტის შემდეგ, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმა, რომელიც მოხდა სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც პირადად პარლამენტის თავმჯდომარემ მას ხელისუფლებისთვის საფრთხე უწოდა. ხელისუფლების წარმომადგენლების ასეთი ქმედებები ადვილად შეიძლება იყოს აღქმული, როგორც მწვანე შუქი ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ დაუსჯელი ძალადობის განსახორციელებლად.
ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ საქართველოს მთავრობის ცრუ პრეტენზიით, რომ კრიტიკა, რომელსაც ისინი აწყდებიან, ძალადობრივი ანტისახელისუფლებო შეთქმულებაა. მათ მიერ განსხვავებული აზრის ჩახშობა არ არის დაცვის ფორმა, ეს არის თავდასხმა ადამიანის უფლებებზე და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაა. ხელისუფლების კრიტიკა, რაოდენ მკაცრიც არ უნდა იყოს ის, დაცულია სიტყვის თავისუფლებით, ყველა საჯარო მოხელე ვალდებულია, აიტანოს კრიტიკისა და დაკვირვების მაღალი დონე.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაასრულოს ძალადობის ციკლი, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ყველა ძალადობრივი თავდასხმა და უზრუნველყოს, რომ დამნაშავეებმა, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, პასუხი აგონ სამართლიანი სასამართლოს წინაშე“, - ამბობს Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი.
ზუკა ბერძენიშვილს სამი ადამიანი თავს 11 ივნისს, თბილისში, საცხოვრებელ სახლთან ახლოს დაესხა. აქტივისტს სახეში სცემეს, რის გამოც ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. თავდასხმამდე ერთი საათით ადრე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ზუკა ბერძენიშვილს უწოდა ერთ-ერთი „აღშფოთებული მოქალაქე“, რომელიც მმართველი პარტიის წევრების წინააღმდეგ „ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაში“ მონაწილეობს. პაპუაშვილის განცხადებით, ბერძენიშვილი მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრია და დეპუტატებს მუქარით და შეურაცხყოფით ურეკავდა. „დონორები, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების პოლიტიკური ექსტრემიზმის წაყრუებით, ტერორის ნორმალიზებას ახდენენ“, - წერდა პაპუაშვილი. ზუკა ბერძენიშვილი არ უარყოფს, რომ რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს ურეკავდა. მისი თქმით, უკვე ორი წელია მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი აღარ არის და აქტივიზმისთვის ფული არასდროს აუღია.
7 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან თავს დაესხნენ სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელს, აქტივისტ ნიკო მანაგაძეს, ხოლო 2 ივნისს, ავტობუსის გაჩერებაზე დახვდნენ თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს, ცოტნე კობერიძეს.
პოლიციამ დააკავა ანტირუსული აქციების მონაწილე, გორელი ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი. პროკურატურა მისთვის ბრალის წარდგენას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით აპირებდა, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, თუმცა მოსამართლე ლევან დარბაიძემ უკანონოდ ცნო ყველა საგამოძიებო მოქმედება, ხოლო იარაღი, რომელიც თითქოს ბაბაევის მანქანიდან ამოიღეს, დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნია. აქტივისტი ირწმუნება, რომ მას იარაღი ჩაუდეს.
