აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფანში, სადაც სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ერთადერთი გზა გადის, სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტი გახსნა. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით, პუნქტმა მათ ტერიტორიაზე „არალეგალური სომხური შეიარაღებული ჯგუფებისთვის ცოცხალი ძალის, იარაღის და ნაღმების უკანონო ტრანსპორტირება“ უნდა აღკვეთოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ 2022 წლის აგვისტოს შემდეგ, ლაჩინისა და ქალბაჯარის რაიონებში აღმოაჩინეს 2700-ზე მეტი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, რომელიც 2021 წელს სომხეთში იყო დამზადებული და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ლაჩინის დერეფნის გავლით შეიტანეს. სომხეთი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
„ლაჩინის გზის დასაწყისში სასაზღვრო კონტროლის მექანიზმის შექმნა მოემსახურება გზის გასწვრივ გადაადგილების გამჭვირვალობას, კანონის უზენაესობას და ამგვარად გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. აზერბაიჯანის ლეგიტიმური გადაწყვეტილება და ნაბიჯი მის სუვერენულ ტერიტორიაზე სასაზღვრო გამშვები პუნქტის მოწყობის შესახებ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპსა და ნორმას. კონტროლის ეს მექანიზმი რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტთან თანამშრომლობით განხორციელდება. შეიქმნება აუცილებელი პირობები აზერბაიჯანის ყარაბაღის რაიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის გამჭვირვალე და მოწესრიგებული გავლისთვის ორივე მიმართულებით“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სომხეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მდინარე ჰაკარის ხიდზე საკონტროლო პუნქტის მოწყობა უხეშად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2020 წლის შეთანხმებას და რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები, რომელთა მიხედვითაც, ლაჩინის დერეფანს რუსი მშვიდობისმყოფელები უნდა აკონტროლებდნენ:
„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, ბოლოს და ბოლოს შეასრულოს სამმხრივი განცხადების მე-6 პუნქტით ნაკისრი ვალდებულება, მოხსნას ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადა და უზრუნველყოს აზერბაიჯანული ძალების გაყვანა დერეფნის უსაფრთხოების ზონიდან. მოვუწოდებთ გაეროს წევრ სახელმწიფოებს, რომლებსაც აქვთ მანდატი, შეინარჩუნონ საერთაშორისო უსაფრთხოება, მკაფიოდ დააფიქსირონ აზერბაიჯანის ქმედებები, რომლებიც ძირს უთხრის რეგიონულ უსაფრთხოებას და გადადგან ქმედითი ნაბიჯები გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების უპირობოდ შესასრულებლად“.
2022 წლის 12 დეკემბრიდან დღემდე ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანელი აქტივისტების მიერ არის ბლოკირებული, რაც მთიან ყარაბაღში საკვების, მედიკამენტების და სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტს იწვევს. სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ იქ მცხოვრები 120 000 ეთნიკური სომეხი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. თებერვალში გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ამ ერთადერთი გზის ბლოკირების შეწყვეტა დაავლა.
2020 წლის 44-დღიანი ომის შედეგად აზერბაიჯანმა კონტროლი დაიბრუნა მთიანი ყარაბაღის დიდ ნაწილზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, რომლებიც სომხური ძალების ხელში იყო. ომში 6500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 2020 წლის 9 ნოემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას (ერთობლივ განცხადებას), რომლის საფუძველზე, ლაჩინის დერეფნის გასწვრივ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი განლაგდა, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კი იკისრა ვალდებულება, ორივე მიმართულებით, მოქალაქეების, მანქანებისა და საქონლის გადაადგილების უსაფრთხოება უზრუნველეყო.