ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი უარს ამბობენ თავშესაფარი მისცენ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც მობილიზაციის გამო ქვეყნიდან გაქცევას ცდილობენ. „რუსეთში სამოქალაქო ვალდებულებაზე უარის თქმა ან ამის სურვილი არ წარმოადგენს სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მინიჭების საფუძველს“, - განუცხადა სააგენტო Reuters-ს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა Twitter-ზე დაწერა, რომ უსაფრთხოების მიზეზების გამო, ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ ან სხვა სახის ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც მობილიზაციას თავს არიდებენ. ამასთან, ლატვია არ აპირებს შეცვალოს გადაწყვეტილება ტურისტული ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეების საზღვარზე არ შეშვებასთან დაკავშირებით.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადებები ჩვეული წესით, ინდივიდუალურად განიხილება, თუმცა, როგორც სამინისტროში აღნიშნეს, ლიეტუვას არ აქვს მიზანი და შესაძლებლობა ჰუმანიტარული საფუძვლით გასცეს ვიზები რუსეთის ყველა მოქალაქეზე, ვინც განაცხადს გააკეთებს.
21 სექტემბრიდან, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, სხვადასხვა მონაცემით, ქვეყნიდან წასვლის მსურველთა რიცხვი გაიზარდა. BBC წერს, რომ სტამბოლის, ბელგრადის და დუბაის მიმართულებით ფრენის ბილეთების ფასი სამხედრო გაწვევის გამოცხადებისთანავე მკვეთრად გაიზარდა, ზოგიერთი მიმართულება კი მთლიანად გაიყიდა.
„ზოგიერთმა თვითმხილველმა ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე მანქანების რიგი დაახლოებით 5 კილომეტრის სიგრძის მქონედ შეაფასა, მაშინ როდესაც მეორე ჯგუფის ცნობით, საზღვრის გადაკვეთას შვიდი საათი დასჭირდა“ , - წერს BBC-ი და აღნიშნავს, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ მცირე მეზობელ ქვეყნებს შორის, სადაც რუსეთის მოქალაქეებს შესვლა უვიზოდ შეუძლიათ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ შეუფერხებლად მუშაობს და ბოლო 10 დღის მონაცემებით, სახელმწიფო საზღვრის კვეთისას შემოსულ და გასულ პირებს შორის მკვეთრი მატება არ აღინიშნება.
გამოცემა ysia.ru ავრცელებს იაკუტიის სამხედრო კომისრის ბრძანებას, რომლითაც მობილიზაციას დაქვემდებარებულ პირებს რეგიონის დატოვება აეკრძალათ.
რუსეთმა მობილიზაცია უკრაინაში ომის დაწყებიდან მეშვიდე თვეს გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, იგეგმება 300 ათასი რეზერვისტის მობილიზება. მედიის ინფორმაციით, პუტინის განკარგულება დახურულ პუნქტს შეიცავს, სადაც ჯარში მილიონამდე ადამიანის გაწვევაზეა საუბარი. კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა ეს ინფორმაცია უარყო და მას სიცრუე უწოდა.
21 სექტემბერს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. პოლიციამ აქციების 1300-ზე მეტი მონაწილე დააკავა, რომელთა შორის უმრავლესობა მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის აქციებში მონაწილეობდა.