იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, საერთაშორისო არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა და კონსორციუმისთვის „არც პირდაპირ და არც ირიბად“ ხელი არ შეუშლია პროექტის განხორციელებაში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„2024 წლის 29 ივლისს პარიზის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობას და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ გადაწყვეტილება გაუზიარა, რომლის მიხედვითაც, დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. როგორც ცნობილია, აღნიშნული დავის საფუძველს წარმოადგენდა ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის შესახებ საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება.
კერძოდ, ინვესტორის მიერ საინვესტიციო ვალდებულებების მრავალჯერადი დარღვევის გამო, საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა, შეეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება. საარბიტრაჟო მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერებას და ითხოვდა დაახლოებით ერთნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციას.
არბიტრაჟმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები და მტკიცებულებები და დაადგინა, რომ მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადების მრავალჯერ გადავადებისა, ინვესტორმა მთლიანად, საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება.
ასევე, პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია საჭირო სახსრები. პროექტის კომერციული რისკის მატარებელი იყო ასევე მხოლოდ ინვესტორი. მთავრობას არც პირდაპირ და არც ირიბად ინვესტორისთვის ხელი არ შეუშლია პროექტის განხორციელებაში.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება შეწყვიტა კანონიერად და მოსარჩელის მოთხოვნა, მილიარდნახევარი დოლარის ანაზღაურებაზე სრულად უარყოფილ იქნა და პირიქით, მოსარჩელეს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ დაეკისრა 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
იუსტიციის მინისტრის თქმით, მამუკა ხაზარაძე ქართული სახელმწიფოსგან მილიარდ ნახევარი დოლარის გადახდას ითხოვდა, რაც 2020 წლისთვის „საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის 25%, ანუ მეოთხედი“ იყო.
„ვფიქრობ, ყველასთვის ცხადია, რა კატასტროფული ეკონომიკური და ფინანსური შედეგები მოჰყვებოდა ქვეყნისთვის მის გამარჯვებას. ასევე, გაუგებარი და წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, ადამიანმა, რომელსაც პოლიტიკაში და ქვეყნის სამსახურში დეკლარირებულად ყოფნა გსურს, სრულიად უსამართლოდ საკუთარ სახელმწიფოს მოსთხოვო მისი ბიუჯეტის მეოთხედი და ასეთი საფრთხის წინაშე დააყენო შენი მოსახლეობა“, – თქვა ბრეგაძემ.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა და პარტია „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამაუკა ხაზარაძემ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას „გულდასაწყვეტი“ უწოდა.
კონსორციუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინვესტორებმა პროექტში დაახლოებით 80 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინეს.
„ჩვენ წამოვიწყეთ საარბიტრაჟო საქმე, ვინაიდან ჩვენ გვქონდა ფიდუციური ვალდებულება, დაგვეცვა ჩვენი ინვესტორების ფინანსური ინტერესები... კვლავაც გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებდა არასწორად, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ, როდესაც ცდილობდა ანაკლიის პორტის პროექტისთვის ზიანის მიყენებას, რამაც შედეგად გამოიწვია პორტის პროექტის თითქმის ათწლეულით დაყოვნება, ათასობით სამუშაო ადგილისა და შემოსავლების დაკარგვა საქართველოსთვის“, – განაცხადეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის საინვესტიციო ხელშეკრულება 2016 წელს გაფორმდა. სტრატეგიულ პროექტად შეფასებული პორტის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და კონსორციუმის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ მიიღეს მონაწილეობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შედიოდნენ TBC Holding (საქართველო) და Conti Internmational (აშშ).
2019 წელს გენერალურმა პროკურატურამ TBC Holding-ის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და მათ ბრალი 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვისთვის წარუდგინა. მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბრალის წარდგენა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესაჩერებლად მოხდა. 2020 წელს მთავრობამ კონსორციუმთან ხელშეკრულება გაწყვიტა მის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძვლით.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა, ჰოლანდიელმა ბიზნესმენმა ბობ მეიერმა 2020 საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. სარჩელებით მოთხოვნილი იყო სახელმწიფოს მხრიდან მიყენებული ზარალის ანაზღაურება, რაც, მომჩივანი მხარის დაანგარიშებით 1 მილიარდ დოლარს აღემატებოდა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აცხადებდა, რომ ეს თანხა მოიცავდა კონსორციუმისა და ბობ მეიერის დანაკარგს, რაც იყო პირდაპირი შედეგი „საქართველოს მთავრობის კამპანიისა, ძირი გამოეთხარა ანაკლიის პორტის პროექტისთვის“. კონსორციუმმა საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში (ICC) წარადგინა, ხოლო ბობ მეიერმა - საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID).
2024 წლის 29 მაისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიულ პროექტში კერძო ინვესტორი ჩინური კონსორციუმი იქნება.