კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა, გაფიცვის მეშვიდე დღეს, შიმშილობა დაიწყო. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის წინ გაშლილ კარავში ამ დროისთვის ათი მაღაროელი შიმშილობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„მეშვიდე დღეა, ამხელა აქციებს ვმართავთ, ვითხოვთ მიზერულს და აქამდე არანაირი შედეგი არ დადებულა. მე მათ [დამსაქმებელს] ვაფრთხილებდი, რომ თუ მინიმალურზე არ წამოვიდოდნენ და არ გააკეთებდნენ იმას, რისი გაკეთების ვალდებულებაც აქვთ, მოთხოვნები შეიცვლებოდა. დღეს უკვე ჩვენი ერთ-ერთი, უპირობო მოთხოვნაა ხელფასის 40%-იანი ზრდა. აქ ვიქნებით მანამ, ვიდრე დათმობებზე არ წამოვლენ და გონივრულ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ“, - განაცხადა ერთ-ერთმა მოშიმშილემ, მერაბ სარალიძემ.
ასობით მაღაროელი მას შემდეგ გაიფიცა, რაც სამთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მაღაროებში დაბრუნებულებს კომპანიამ უარი უთხრა დაპირებისამებრ ხელფასის გაზრდაზე და სამუშაო გეგმა შეუცვალა. როგორც დასაქმებულები ამბობენ, ახალი გეგმის მიხედვით, 30-40%-ით მეტი სამუშაო უნდა შეასრულონ ისე, რომ ხელფასის ოდენობა არ გაეზრდებათ.
„1-ელ თებერვალს რომ გაგვაჩერეს და დროებით, 60%-იან დათხოვნაში გაგვიშვეს, დაგვპირდნენ, როდესაც ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებოდით, ხელფასზე 12% დაგვემატებოდა, მაგრამ როცა სამსახურში გამოვედით გვითხრეს, რომ მხოლოდ 5%-ს დაგვიმატებდნენ, მეტს ვერა. გარდა ამისა,
გვთავაზობენ სხვა სამუშაო სტილს, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის, ყველასთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კომპანიას დაახლოებით 40%-ით მეტი პროდუქცია უნდა გამოვუტანოთ, ვიდრე წინა წლის გეგმით იყო გათვალისწინებული და ამავდროულად, არ გვემატება ხელფასი. ხელფასს არ მოგიმატებთ და მოგიმატებთ სამუშაოს - ეს ლოგიკაში არ ჯდება. ვაპროტესტებთ და გადაწყვეტილება მიღებულია. ამას მხოლოდ ის შეცვლის, თუ კომპანია დათმობაზე წამოვა“, - აღნიშნავს სარალიძე.
მაღაროელების მოთხოვნებია: ხელფასის 40%-ით მომატება; 2023 წლის 1-ელ თებერვლამდე არსებული სამუშაო გრაფიკის/გეგმის დაბრუნება; საბანკო სესხებზე პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება; დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება; შვებულებით სარგებლობა; დასაქმებულებისთვის მუშაობის დაწყების საშუალების მიცემა; ტექნიკის განახლება, გაუმჯობესება, შეცვლა; საკვების გაუმჯობესება; დასაქმებულებისთვის სანატორიუმით სარგებლობის საშუალების მიცემა, როგორც ეს 1-ელ თებერვლამდე ხდებოდა; ბიულეტენით სარგებლობის შემთხვევაში, მისი 100%-ით ანაზღაურება; 7 ივნისიდან საწარმოში სამუშაო პროცესის აღდგენამდე გაცდენილი დღეების 100%-ით ანაზღაურება; უსაფრთხოების უმაღლეს დონეზე კონტროლი; შპს-ების გაუქმება და კვლავ ერთ კომპანიად გაერთიანება; ღია კარიერული მოპოვების წესით ახალი ტერიტორიების ათვისებისას ადგილობრივი მოსახლეობის აზრის გათვალისწინება.
„ჯორჯიან მანგანეზი“ თანამშრომლების შეცვლილ სამუშაო პირობებზე გადასვლის აუცილებლობას მსოფლიო ბაზარზე ფეროშენადნობებზე შემცირებული მოთხოვნისა და დაბალი ფასების გამო შექმნილი კრიზისით ხსნის. როგორც კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი ტატიშვილმა bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, კომპანიას 28-30 მილიონი დოლარის ოდენობის წლიური ზარალი ელის და მათი მიზანი ამ ზარალის განახევრებაა.
„თებერვლიდან მაისის ჩათვლით „ჯორჯიან მანგანეზს“ ექსპორტი არ ჰქონია. მცირე გაყიდვები ხორციელდებოდა სასაწყობო ნაშთებიდან, რომელიც წინა პერიოდის განმავლობაში გვქონდა შექმნილი. ამ პერიოდის განმავლობაში, თანამშრომლები, მიუხედავად იმისა, რომ საწარმოო პროცესი შეჩერებული იყო, იღებდნენ ხელფასის 60%-ს, შენარჩუნებული ჰქონდათ სადაზღვევო პაკეტები, შეჩერებული ჰქონდათ სახელფასო ავანსების დაქვითვა და საკმაოდ ნაყოფიერად ვითანამშრომლეთ კომერციულ ბანკებთან და სესხების გადავადებაში მივეხმარეთ. ის პროცესი, რომელიც ჭიათურაში გაჟღერდა 720 თანამშრომელთან დაკავშირებით სამუშაო რეჟიმის ცვლილებაზე, ზუსტად იმას ითვალისწინებს, რომ კომპანიამ 28-30 მილიონის მინუსი შეამციროს და გაანახევროს. ერთ-ერთი ნაწილია სამუშაო რეჟიმის ცვლილება, გადასვლა სამ ცვლაზე“, - განაცხადა გიორგი ტატიშვილმა.
მისივე თქმით, „ჯორჯიან მანგანეზის“ ახალ მენეჯმენტს მიაჩნია, რომ სამუშაო პირობების ცვლილება ბიზნესის პრინციპებთან თანხვედრაშია.
„ჯორჯიან მანგანეზს“, რომელიც საქართველოს უმსხვილესი მადანმომპოვებელია, ასობით მილიონიანი ბრუნვითა და წლიურად 96 მილიონიანი მოგებით, 2017 წლის მაისიდან მთავრობის მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი მართავს. 2023 წლის მაისში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიაში ახალ სპეციალურ მმართველად ბესიკ კირთაძე დანიშნა.