ჭიათურაში, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული ასობით ადამიანი მეოთხე დღეა გაფიცულია. მაღაროელებისთვის დამსაქმებლის მიერ შეთავაზებული ახალი სამუშაო პირობები მიუღებელია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ჭიათურის მანგანუმის მომპოვებელი მაღაროები 1-ელი თებერვლიდან გაჩერებული იყო. დასაქმებულების თქმით, პირველი მაისიდან, როდესაც კომპანიამ მათი გამოძახება და სამუშაო პროცესის ეტაპობრივად აღდგენა დაიწყო, ახალი პირობები წამოაყენა, მათ შორის, სამუშაო გეგმის 30%-ით გაზრდა ხელფასის ზრდის გარეშე.
„შემოთავაზება მოიტანეს თვითონ, ჩვენ არანაირი შეთავაზება არ გვქონია. სახლში გაგვიშვეს 60%-იანი ხელფასით, რაც ჩვენს ოჯახებს მხოლოდ ლუკმა-პურად ყოფნიდა, ვბრუნდებით სამი თვის შემდეგ და ისეთი შეთავაზება გვხვდება, რომელიც ფაქტობრივად, ხელფასის მინიმუმ 20%-ით შემცირებას ნიშნავს. ისინი პირდაპირ არ ამბობენ, ხელფასს გიკლებთო, მაგრამ ისეთ გეგმას გვაძლევენ, რომლის შესრულება შეუძლებელია. შეუძლებლის შესრულება არ შეგვიძლია, მიუხედავად იმისა, რომ მაღაროელები ვართ და მიწის ქვეშ ვმუშაობთ, შეუსრულებელ სამუშაოში კი ხელფასს არავინ გადაგვიხდის. ამას ჭიათურა ვერ აიტანს, ჩვენი ოჯახები მშივრები დარჩებიან“, - განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა.
მაღაროელები ამბობენ, რომ კომპანიის მიერ შეთავაზებული გეგმის შესრულებამ შესაძლოა მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობასაც კი შეუქმნას საფრთხე.
გაფიცულების ძირითადი მოთხოვნებია ძველი სამუშაო გეგმის დაბრუნება, ხელფასების გაზრდა და უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.
რას ამბობენ „ჯორჯიან მანგანეზში“
„ჯორჯიან მანგანეზი“ თანამშრომლების შეცვლილ სამუშაო პირობებზე გადასვლის აუცილებლობას მსოფლიო ბაზარზე ფეროშენადნობებზე შემცირებული მოთხოვნისა და დაბალი ფასების გამო შექმნილი კრიზისით ხსნის.
კომპანიის განცხადებით, უკვე წლებია, 2662 თანამშრომელი 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობს, გარდა ე.წ. ვახტებზე დასაქმებული 720 ადამიანისა. ახალი სამუშაო გრაფიკი ორცვლიანი 12-საათიანი სამუშაო პირობებიდან სამცვლიან 8-საათიან სამუშაო პირობებზე გადასვლას გულისხმობს. უცვლელი რჩება თვის მანძილზე თანამშრომელთა ხელფასი, დასვენებისა და სამუშაო საათები.
კომპანიაში ამტკიცებენ, რომ თანამშრომლებს შეცვლილ სამუშაო პირობას სთავაზობენ, რათა საქმიანობის გაგრძელება შეძლონ და ჭიათურის 3382 თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩეს.
კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი ტატიშვილმა bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ჯორჯიან მანგანეზს“ 28-30 მილიონი დოლარის ოდენობის წლიური ზარალი ელის და მათი მიზანი ამ ზარალის განახევრებაა.
„თებერვლიდან მაისის ჩათვლით „ჯორჯიან მანგანეზს“ ექსპორტი არ ჰქონია. მცირე გაყიდვები ხორციელდებოდა სასაწყობო ნაშთებიდან, რომელიც წინა პერიოდის განმავლობაში გვქონდა შექმნილი. ამ პერიოდის განმავლობაში, თანამშრომლები, მიუხედავად იმისა, რომ საწარმოო პროცესი შეჩერებული იყო, იღებდნენ ხელფასის 60%-ს, შენარჩუნებული ჰქონდათ სადაზღვევო პაკეტები, შეჩერებული ჰქონდათ სახელფასო ავანსების დაქვითვა და საკმაოდ ნაყოფიერად ვითანამშრომლეთ კომერციულ ბანკებთან და სესხების გადავადებაში მივეხმარეთ. ის პროცესი, რომელიც ჭიათურაში გაჟღერდა 720 თანამშრომელთან დაკავშირებით სამუშაო რეჟიმის ცვლილებაზე, ზუსტად იმას ითვალისწინებს, რომ კომპანიამ 28-30 მილიონის მინუსი შეამციროს და გაანახევროს. ერთ-ერთი ნაწილია სამუშაო რეჟიმის ცვლილება, გადასვლა სამ ცვლაზე“, - განაცხადა გიორგი ტატიშვილმა.
მისივე თქმით, „ჯორჯიან მანგანეზის“ ახალ მენეჯმენტს მიაჩნია, რომ სამუშაო პირობების ცვლილება ბიზნესის პრინციპებთან თანხვედრაშია.
„თვითღირებულება რომ შეამცირო, აუცილებელია რაღაც შეცვალო. ჩვენი ხედვით, ეს არის ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ საერთოდ აზრი ჰქონდეს ჭიათურაში იპერირებას. თანამშრომლებს ანაზღაურება არ ეცვლებათ. უბრალოდ, უფრო ოპტიმალურად მოხდება მოპოვება. არ მოხდება ანაზღაურება ისეთ ნაწილზე, რაც კომპანიისთვის არანაირი ეკონომიკური სარგებლის მომტანი არ არის“, - ამბობს ტატიშვილი.
„ჯორჯიან მანგანეზს“, რომელიც საქართველოს უმსხვილესი მადანმომპოვებელია, ასობით მილიონიანი ბრუნვითა და წლიურად 96 მილიონიანი მოგებით, 2017 წლის მაისიდან მთავრობის მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი მართავს. 2023 წლის მაისში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიაში ახალ სპეციალურ მმართველად ბესიკ კირთაძე დანიშნა. მისი გამოცდილების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ იძებნება. ბესიკ კირთაძის კანდიდატურა სასამართლოს წინა სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა წარუდგინა, რასაც ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებიც დაეთანხმნენ.