„ეს საბაბს უფრო ჰგავს, ვიდრე საჭიროებას, რომ ეს ადამიანი დაბრუნდეს იქ, საიდანაც ჩამოვიდა“, - ასე შეაფასა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა კიევის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოწმის სახით დაკითხვის მიზნით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანას ეხება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
წულუკიანის თქმით, „სამართლებრივად და თეორიულად“ სააკაშვილის გადაყვანა შესაძლებელია, თუმცა ეს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია.
„ამას წყვეტს ის სახელმწიფო და მის ამ გადაწყვეტილებაში ვერავინ ჩაერევა, სადაც კონკრეტული პატიმარი იმყოფება - ამ შემთხვევაში საქართველო. არის თუ არა ის ტრანსპორტაბელური, ეს ცალკე საკითხია. თვლის თუ არა საქართველოს სახელმწიფო, რომ ის უნდა გადაიყვანონ უკრაინაში დაკითხვის მიზნით, ეს მეორე საკითხია და ამაზე უფლებამოსილმა უწყებამ უნდა უპასუხოს.
მე კი მიმაჩნია, რომ ამის საჭიროება არ არსებობს, ვინაიდან სააკაშვილი ძალიან ბევრი წელი იქ ჰყავდათ, მრავალი წლის მანძილზე მიმდინარეობდა მისი გაძევების საქმეზე გამოძიება და ნებისმიერ დროს შეიძლება ეს ადამიანი დაეკითხათ, სანამ შეფუთულს გამოგვიგზავნიდნენ საქართველოში.
ეს ჩემი მოსაზრებებია და კონკრეტულმა უფლებამოსილმა უწყებამ უკვე სამართლებრივად, კონვენციურად, როგორც ეს არის ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი დახმარების საერთაშორისო ტექსტებით გათვალისწინებული, უნდა იმსჯელოს და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც მისი სუვერენული გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
კიევის სასამართლომ, რომელიც სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეს განიხილავს, უკრაინაში მისი დროებით გადაყვანის და მოწმის სახით დაკითხვის შესახებ გადაწყვეტილება 6 ოქტომბერს მიიღო. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა განაცხადეს. მათი ინფორმაციით, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას საქართველოს გაუგზავნის.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2004-2013 წლებში საქართველოს პრეზიდენტი იყო, ამჟამად უკრაინის მოქალაქეა. ის საქართველოში ერთი წლის წინ დაბრუნდა და 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, თბილისში დააკავეს.
სააკაშვილი დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე.
სააკაშვილი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მან დაკავების დღესვე შიმშილობა გამოაცხადა. ხანგრძლივი შიმშილობის შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ჯერ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ, შემდეგ ისევ ციხეში დააბრუნეს. 12 მაისიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ სამედიცინო კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული. ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - საჭმელს ვერ ჭამს, მედიკამენტების მიღებაზე კი უარი თქვა. ოჯახის წევრები სააკაშვილისთვის სასჯელის მოხდის გადავადებას და მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.