საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინური კონსორციუმი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულად შესაძლოა არც გამოცხადდეს. მისი თქმით, მოლაპარაკებები გრძელდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 4 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„ერთი პრეტენდენტი გამოვლინდა, თუმცა გამარჯვებულად არ გამოგვიცხადებია. ის გამარჯვებულად გამოცხადდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირობები, რომლებიც დასაზუსტებელია, იქნება სატენდერო პირობებთან შესაბამისობაში. მიდის ზუსტად ამაზე დიალოგი და აქედან გამომდინარე, დღეს არ გვაქვს საფუძველი, რომ გამოვაცხადოთ ეს კონსორციუმი გამარჯვებულად“, - განაცხადა დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ჩინური კოსორციუმი გამარჯვებულად არც გამოცხადდეს, ლევან დავითაშვილმა თქვა:
„რა თქმა უნდა, შესაძლოა, რომ არც გამოცხადდეს, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ დიალოგის პროცესში მოხდება საკონკურსო მოთხოვნებთან წინადადების შესაბამისობაში მოყვანა და გვეყოლება გამარჯვებული. ამისთვის ჩვენ ვადები არ გვაქვს შეზღუდული.
ჩვენ რამდენიმე საკონსულტაციო კომპანია გვყავს აყვანილი, ძირითადად ტექნიკურ პირობებზე, რომლებიც ჩვენთან ერთად მუშაობენ. ისინი ახლა სწავლობენ განახლებულ წინადადებას, შემდგომში კიდევ მივიღებთ მათ მოსაზრებებს და კონსორციუმთან ამ მოსაზრებების გაზიარების შემდეგ იქნება კიდევ ერთი რაუნდი, რომლის ფარგლებშიც იმედი გვაქვს, რომ დაზუსტდება პირობები... თუ მივიღებთ შესაბამის წინადადებას, რა თქმა უნდა, გამოვაცხადებთ გამარჯვებულად, რის შემდეგაც დაიწყება შეთანხმების შედგენის იურიდიული პროცესები“.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე გამოცხადებული კერძო პარტნიორის შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები ორმა პრეტენდენტმა დააკმაყოფილა - შვეიცარულ-ლუქსემბურგულმა კომპანიამ და ჩინურმა კონსორციუმმა, თუმცა საბოლოოდ სახელმწიფოს პროექტში ინვესტირება მხოლოდ China Communications Construction Company Limited-მა (CCCC) შესთავაზა. 29 მაისს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, ჩინური სახელმწიფო კორპორაცია გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდებოდა.
CCCC ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არის სანქცირებული. საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ CCCC-ის უმეტესი ნაწილის მფლობელი ჩინეთის კომუნისტური პარტიაა, რომელიც „რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია“. ჩინური კონსორციუმის შერჩევის გამო მთავრობა გააკრიტიკა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც, რომელიც მიიჩნევს, რომ „ანაკლიაში, ამ დოზით ჩინელების შემოყვანა ჩვენს ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობებისათვის დანის ჩარტმაა“.
ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით უნდა აშენდეს - სახელმწიფოს 51%-იანი წილი ექნება, ხოლო კერძო ინვესტორს - 49%. პორტში პირველი საკონტეინერო გემების მიღება 2029 წლისთვის არის დაგეგმილი. პროექტის მიხედვით, პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონი დოლარია და ის წლიურად 600 000 კონტეინერის გამტარიანობის ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს.
