„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ კენიაში შეძენილი რვავე ბაობაბის ხე შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში გადმორგვის შემდეგ გახმა, რაშიც პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებენ. დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ცრუ ბრალდებების გამო გიგანტურ ხეები ამოთხრილ მდგომარეობაში, მათთვის სრულიად შეუსაბამო გარემო პირობებში, თითქმის ორი წელი იმყოფებოდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით 2020 წელს გახსნილ დენდროლოგიურ პარკს „ნაციონალური მოძრაობა“ და მის მიერ კონტროლირებადი მედია „მთელი თავისი რესურსით“ ებრძვიან.
„ჯიუტად ცდილობენ როგორმე ჩირქი მოცხონ ამ უნიკალურ წამოწყებას, მის ავტორსა და განმახორციელებელს. ზუსტად ასე მოხდა კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვისას. როგორც კი აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის, ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა და მათ შირმად ქცეულმა ეგრეთ წოდებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს ამჯერად აფრიკის კონტინენტზე. მათი ცრუ დასმენებისა და ყალბი ალარმისტული საჩივრების გამო, ძლიერ შეფერხდა კანონის სრული დაცვით მიმდინარე მცენარეთა გადმორგვის პროცესი.
„ნაცმოძრაობის“ სიცრუის ტექნოლოგია უცვლელია. ფეიკ-ნიუსები, ცრუ ბრალდებებზე აგებული საჩივრები და რაც მთავარია, გაუთავებელი სატელეფონო ზარები კენიის სხვადასხვა უწყების მაღალჩინოსნებთან (ქვეყნის პრეზიდენტის ჩათვლით), მიზნად ისახავდა ამ უნიკალური პროექტის ჩაშლას. პროცესის შესაფერხებლად უხმობდნენ ცრუ დაქირავებულ ექსპერტებს, აყალბებდნენ ფაქტებს, კენიურ ბაობაბებს ასაღებდნენ წითელ წიგნში შეტანილ მადაგასკარულ ბაობაბებად. ამ ყველაფრის გამო პროექტის განმახორციელებლებს მოუწიათ მრავალგზის აეღოთ ერთი და იგივე დასკვნები, ფიტოსანიტარული ცნობები, სხვადასხვა უწყების ნებართვები და ა.შ.. დაუსრულებელ ბიუროკრატიულ მორევში იკარგებოდა ძვირფასი დრო. საბოლოოდ სამართალმა აფრიკაშიც გაიმარჯვა და ყველა ცრუ ბრალდება კენიის სასამართლოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ უარყოფილ იქნა, მაგრამ მავანმა მაინც მოახერხა პროექტისთვის ზიანის მიყენება.
დროში გაწელვის შედეგად, 2021 წელს გრუნტიდან ამოღებულმა ხეებმა, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების გამო 2023 წლის ოქტომბრამდე ვერ მოაღწია საქართველომდე. მხოლოდ 2023 წლის 08 ნოემბერს მოხერხდა მათი ნიადაგში ჩარგვა. იქამდე კი აფრიკელ „გიგანტებს“ მოუწიათ ამოთხრილ მდგომარეობაში თითქმის ორწლიანი მოცდა მათთვის სრულიად შეუსაბამო გარემო პირობებში, სადაც მათ შესაბამისი მოვლა-პატრონობაც მოაკლდათ. სამწუხაროდ, მსგავს სტრესს შეუმჩნევლად არ ჩაუვლია ამ უნიკალური მცენარეებისთვის და საქართველოში გრუნტში ჩარგვიდან 6-7 თვის გასვლის შემდეგ რვავე ბაობაბის ხე გახმა“, - ნათქვამია განცხადებაში.
დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ შეკვეთილსა და თბილისში დღესაც ხარობს რამდენიმე ბაობაბი, რომელთა გადმორგვა წინა პერიოდში მოხერხდა, თუმცა მათი გადმოტანისას ადგილი არ ჰქონია ხელოვნურ შეფერხებებს, პროცესი ადეკვატურ ვადებში წარიმართა და შესაბამისი პირობების შექმნით ყველა ხემ გაიხარა.
„ასე უნდა მომხდარიყო ამჯერადაც, მაგრამ სამწუხაროდ მავანთა წადილმა თავის მიაღწია. აღნიშნული კიდევ ერთხელ ცხადყოფს რაოდენ არაჯანსაღ და მავნებლურ ბრძოლას ეწევიან საქართველოში დაბუდებული ე.წ. „ოპოზიციური ძალები“. მათი მოქმედების სტილი და მანერა ნათლად გვახსენებს წინა ხელისუფლების ხელწერას“, - ვკითხულობთ დენდროლოგიური პარკის განცხადებაში.
ბაობაბის ხეების კენიიდან საქართველოში გადმორგვის თემა მედიის ყურადღების ცენტრში 2022 წლის შემოდგომაზე მოექცა. ბრიტანული გამოცემა The Guardian წერდა, რომ კილიფის ოლქიდან ბაობაბების ამოძირკვისა და საქართველოში გადატანის წინააღმდეგ გარემოსდამცველები გამოვიდნენ, რომლებმაც ამ მოვლენას „ბიომეკობრეობა“ უწოდეს.
საქართველოში ბაობაბების ექპორტი რამდენჯერმე ჩაიშალა. 2023 წლის დასაწყისში, მთავრობის მიერ მორიგჯერ გაცემული ნებართვა სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა. მოსარჩელე - ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაცია (Kituo cha Sheria) ამტკიცებდა, რომ კერძო ინვესტორებმა კილიფის სოციალურად გაჭირვებული მცხოვრებლები გამოიყენეს. ორგანიზაცია სასამართლოსგან ითხოვდა დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდას, მთავრობისთვის ბაობაბების ამოძირკვისა და ექსპორტის აკრძალვას, კერძო კომპანიის მიერ უკვე ამოძირკვული ხეების ბუნებრივ გარემოში დაბრუნებას.
2023 წლის აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კენიის ეროვნული ასამბლეის გარემოს დაცვის, მეტყევეობის და სამთო მოპოვების კომიტეტმა ბაობაბების ექსპორტის საკითხზე გამოძიება დაიწყო.