დიდი ოპტიმიზმით ველოდები ჯერ 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას - ღარიბაშვილი EU-ის სტატუსზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„მე დიდი ოპტიმიზმით ველოდები ჯერ 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას და შემდეგ უკვე დეკემბერში იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. არ მინდა ამაზე მეტი ვუთხრა ჩვენს ხალხს“, - განაცხადა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან მონაწილეობა მიიღო ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ „გლობალური კარიბჭის ფორუმში“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრი ხელის შემშლელი გარემოება არსებობდა, ძალიან ბევრი საბოტაჟი თუ ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი ხელოვნური ბარიერები იქნა შექმნილი ოპოზიციის მხრიდან.

მაგრამ საბოლოო ჯამში, დღეს ვართ იმ მდგომარეობაში, მე არ მინდა წინასწარ დავასწრო მოვლენებს და წინასწარ რაიმე დავაანონსო, მაგრამ ჩემი მოლოდინი არის შემდეგი: ვითვალისწინებ რა ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეებს, გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, ვითარებას, რომელიც შექმნილია მსოფლიოში, ვითვალისწინებთ რა იმ პრეცედენტებს, რომელიც უკვე შეიქმნა, შარშან მოლდოვას მისცეს, ასევე უკრაინას და ბოსნია ჰერცოგოვინას, რომელთაც საკმაოდ დიდი ჩამორჩენა ჰქონდათ და დღესაც აქვთ, შედარებით საქართველოსთან, მე დიდი ოპტიმიზმით ველოდები ჯერ 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას და შემდეგ უკვე დეკემბერში იქნება საბოლოო გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა მედიასთან საუბარში კიდევ ერთხელ თქვა, რომ მისი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს ოპოზიციონერები დადიოდნენ და ეხვეწებოდნენ ევროპელ კოლეგებს, საქართველოს არ მიეღო უვიზო რეჟიმი.

„უვიზო რეჟიმზე როცა ვმუშაობდით, მაშინ, ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, გახსოვთ, რომ დათო ბაქრაძე, იქ კანდელაკი და სხვა ოპოზიციონერები დადიოდნენ, ეხვეწებოდნენ, ემუდარებოდნენ ევროპელ კოლეგებს, რომ არ მიგვეღო უვიზო რეჟიმი. ეს არის ფაქტი მეგობრებო და რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა. ჩვენი ძალისხმევის შედეგად ვაქარწყლებთ იმ ნეგატიურ ნარატივს და დეზინფორმაციას, რომელიც უხვად მოედინება ჩვენი დედაქალაქიდან, თბილისიდან, ოპოზიციონერების მხრიდან და მათ იციან რეალობა, ჩვენმა ნამდვილმა მეგობრებმა, ასე ვიტყოდი. მინდა ყველა დავამშვიდო, რომ მიუხედავად ამ შიდა თუ გარე მტრებისა, მე ასე ვიტყოდი და ამდენი დესტრუქციისა და საბოტაჟისა, ჩვენი ქვეყანა მაინც მიიღებს სტატუსს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ სტატუსს როცა მიიღებს ქვეყანა, ეს იქნება ხელისუფლების დამსახურება ქართველ ხალხთან ერთად.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ახალგამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის თანახმადაც, მისი თქმით, კანონის უზენაესობის რეიტინგებში საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ცენტრალური აზიის რეგიონში:

„წინ ვუსწრებთ მოქმედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ნატოს წევრ ქვეყნებს. ესეც არის პასუხი იმ დიდხნიანი დეზინფორმაციული, ნეგატიური, ანტი-ქართული კამპანიის საწინააღმდეგოდ, რომლებიც ამბობდნენ, რომ თითქოს ჩვენთან არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, რომ გამოწვევები არის კანონის უზენაესობის სფეროში“.

სავარაუდოდ, ნოემბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა. საქართველოს განაცხადზე კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაში, პრიორიტეტებს შორის დასახელებულია პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება, სასამართლო რეფორმის გატარება, დეოლიგარქიზაცია, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და სხვა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.