3 ოქტომბერს, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი გოჩა კილაძე ცენტრის ტერიტორიაზე ადგილობრივებმა გარდაცვლილი ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 2 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 3 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 4 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
- 5 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 6 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
გოჩა კილაძე თითქმის 22 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი და დმანისის სამეცნიერო გუნდის წევრი იყო. 2006 წელს დაინიშნა დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაციულ მენეჯერად, ხოლო 2016 წლიდან დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველად.
დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში კილაძეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.
მანამდე სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, გოჩა კილაძეც კულტურის სამინისტროს მხრიდან ზეწოლას განიცდიდა.
როგორც ცნობილია, კულტურის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ოროზმანში, ერთი თვის წინ აღმოჩენილი 1.8 მილიონი წლით დათარიღებული უძველესი ადამიანის კბილი, ექსპედიციის მონაწილე ერთ-ერთი არქეოლოგის სახლიდან ამოიღო. სამინისტრომ განაცხადა, რომ მასალებს გამოსაძიებლად პროკურატურას გაუგზავნიდა. ამ საქმესთან კილაძის გარდაცვალების ფაქტის ბმამ კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა.
კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, ეროვნული მუზეუმიდან და სხვა დაწესებულებებიდან ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს ან სხვა ფორმით დასაჯეს.
„საქართველოს ამბებმა“ სცადა კულტურის სამინისტროში დაეზუსტებინა, გოჩა კილაძის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იყო თუ არა გამოყენებული რომელიმე დისციპლინური სახდელი. სამინისტროში გვითხრეს, რომ კილაძე არასდროს გაუშვიათ სამსახურიდან.
დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი თბილისიდან 85 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. დმანისში აღმოჩენილი ჰომინიდებისა და ცხოველთა განამარხებული ნაშთები, ქვის იარაღები დაახლოებით 1.8 მილიონი წლით თარიღდება. მსოფლიოს არცერთ ძეგლზე ჰომინიდების ამდენი ნაშთი ერთ შრეში არ აღმოჩენილა. დმანისის ძეგლის კვლევების შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების დიდი გამოხმაურება გამოიწვია და სრულიად შეცვალა მანამდე დამკვიდრებული მოსაზრება ჰომინიდების აფრიკიდან ევრაზიაში განსახლების შესახებ.
