საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი ალექსანდრე ელისაშვილი, რომელსაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ადვოკატთან ერთად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იმყოფებოდა. დეპუტატი მასი ცემისა და უკანონო დაკავების საქმის გამოძიებას ითხოვს, თუმცა მხოლოდ ფორმალური პროცესის მოლოდინი აქვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„აბსოლუტური ფორმალობა გველის, ვითომ რომ რაღაცას აკეთებენ, ვითომ რომ რეაქცია აქვთ და ვინმეს დაკავება უნდათ. ამათი გამოძიება არ გაიშვას, მაგრამ პატივს ვცემ სახელმწიფოს და ამ ფორმალობასაც დავიცავ. რამის გამოძიება თუ უნდათ, კადრებია გადაღებული, სადაც ყველაფერი ხელისგულზეა და სახეები ჩანს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა და მომხდარის დეტალებზე ვრცლად ისაუბრა:
„ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია. მშიშარა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა ჩემთვის პასუხის დაბრუნება, პოლიციელები დამასია ტურებივით.
ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ვინც მე მირტყამდა, პოლიციელები არ არიან. საბჭოთა დროს რომ პოლიციელებს „ძაღლობას“ ეძახდნენ, მათი მენტალური შთამომავლები და იდეის გამგრძელებლები არიან ესენი. მე პატივს ვცემ კანონის მორჩილ პოლიციელებს, მაგრამ რა კანონს იცავდნენ ისინი? სპეციალური საგამოძიებო სამსახური გულმოდგინედ რომ მიუდგეს, 18-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ, რადგან ეს არის ჯგუფური დანაშაული, ორგანიზებული ძალადობა, უფლებამოსილების გადამეტება, მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ ანგარიშსწორება, მაგრამ ნახავთ, რომ გამოაძვრენენ.
როდესაც დამაკავეს, ვეუბებოდი, რომ დაკავების უფლება არ ჰქონდათ, რადგან დეპუტატის იმუნიტეტი მიცავს. მითხრეს, განრიდებააო. განრიდება არის დანაშაულის ადგილიდან გაყვანა, მე კი რამდენიმე საათი ვიყავი დაკავებული. ამასაც რომ თავი დავანებოთ, დაკავების ოქმი აქვთ შედგენილი.
ვერავინ იტყვის, რომ მე პოლიციელს შეურაცხყოფას ვაყენებდი - ფიზიკურს თუ სიტყვიერს. რაც შეეხება იმას, რომ ვამბობდი „მომაწექით, მომაწექით“, როგორც პარლამენტის წევრს, ნებისმიერ საჯარო ადმინისტრაციულ შენობაში დაუბრკოლებლად შესვლის უფლება მაქვს. დიახ, მინდოდა, რომ მენახა კობახიძე და დავლაპარაკებოდი. ამის უფლება მქონდა და პოლიციელებს ჩემთვის გზა არ უნდა გადაეღობათ“.
ალექსანდრე ელისაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიციელებს მისი „შეთრევის“ განკარგულება საპატრულო პოლიციის დირექტორმა ვაჟა სირაძემ მისცა, შემდეგ კი არაფერი გააკეთა ძალადობის აღსაკვეთად.
„ვაჟა სირაძე იყო ჩემს მიმართ ძალიან აგრესიული და ფაქტია, რომ ის იყო ხელმძღვანელი. უშუალოდ მას ჩემთვის არ დაურტყია, მაგრამ შეურაცხმყოფელ სიტყვებსაც ამბობდა და ძალიან აგრესიულიც იყო. მისგან გაისმა პირველად „შეათრიეთ“ და დასრულებული არ ჰქონდა, პოლიციელების ფეხებში გავქრი. ის ხომ საპატრულოს უფროსია? ხომ ხედავდა იმ ძალადობას და მხეცობას, რაც ხდებოდა“, - ამბობს ალექსანდრე ელისაშვილი.
დეპუტატს 17 აპრილს, მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე სცემეს მას შემდეგ, რაც პოლიციის კორდონის გარღვევა და შენობაში შესვლა სცადა. ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ათობით პოლიციელი ძირს დაგდებულ ელისაშვილს ხელებითა და წიხლებით სცემს. წამოდგომის შემდეგ მას ხელს კრავენ, თავს ახრევინებენ, შემდეგ წამოაყენებენ და ნების საწინააღმდეგოდ მიათრევენ მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელისკენ, რა დროსაც დროშის ბოძს არტყმევინებენ თავს. კანცელარიასთან გავითარებულ მოვლენებს თვალს ადევნებდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ მომხდარის გამო ძალიან წუხს, თუმცა გამოძიება დაწყებულია და რა მოხდა რეალურად, გაირკვევა. „ძალიან ვწუხვარ რაც მოხდა, არ უნდა მომხდარიყო. რატომ მოხდა და როგორ, ამას გამოძიება გასცემს პასუხს“, - თქვა გომელაურმა პარლამენტში გამოსვლისას.
15 აპრილს, რუსული კანონის საკომიტეტო განხილვის დროს, ალექსანდრე ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატს და კანონის ერთ-ერთ ინიციატორს, მამუკა მდინარაძეს დაარტყა. მას „საკადირი პასუხის“ გაცემით დაემუქრნენ.