ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის დაბრკოლებაა. ამის შესახებ საქართველოში ესტონეთის ელჩმა, რიინა კალიურანდმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„როდესაც ეს კანონი პარლამენტში გამოჩნდა ერთი წლის წინ, ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ამ კანონს შედეგები მოჰყვებოდა, რადგან ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს, ჩვენს ღირებულებებს და დემოკრატიულ საზოგადოებას, რადგან ის საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის დემონიზებასა და სტიგმატიზაციას ახდენს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ასევე გავაფრთხილეთ, რომ რეალურად როცა საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, არსებობს სხვა საშუალებები, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ. ერთი წლის წინ ეს კანონი უკან გაიწვიეს. სამწუხაროდ, დაპირების მიუხედავად, რომ მას უკან არ დააბრუნებდნენ, მათ ეს მაინც გააკეთეს. ჩვენი გზავნილი იყო ძალიან მკაფიო, თუ ეს კანონი მიიღება, ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ჩვეულ საქმიანობას საქართველოსთან, რადგან ეს არის ნაბიჯი, რომელიც შეგნებულად გადაიდგა იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რისი გაკეთებაც ჩვენ გირჩიეთ“, - განაცხადა კალიურანდმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.
დიპლომატის თქმით, საქმე მხოლოდ რუსულ კანონს არ ეხება და არის სხვა კანონებიც, რომლებიც ასევე ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებათა სისტემას.
„საქართველო შესაძლოა, ძალიან დიდხანს დარჩეს ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში. ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. ჩვენ ყველა არგუმენტი მივაწოდეთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, თუნდაც მათ თქვან, რომ ლეგიტიმური არგუმენტები არ გაუგიათ. ვფიქრობ, ჩვენ ბევრი არგუმენტი მოვიყვანეთ. ჩვენ მათ ასევე მივეცით აღწერილობები იმის შესახებ, თუ როგორ ვექცევით ამ საკითხებს ჩვენ, სხვა საზოგადოებები.
მაგალითად, ესტონეთში ასევე არის ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია. ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ფინანსდება სხვა ქვეყნებიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან. ჩვენ არ გვეშინია, რომ ისინი ძირს უთხრის ჩვენს დემოკრატიას.
სამოქალაქო საზოგადოების როლი არის კრიტიკული იყოს მთავრობისა და პარლამენტის საქმიანობის მიმართ და დააყენოს კრიტიკული საკითხები. თუ თქვენ ხართ კონსოლიდირებული და ძლიერი დემოკრატია და ხართ სამართლიანად არჩეული მთავრობა და პარლამენტი, თქვენ არ უნდა ინერვიულოთ იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოება რამენაირად შელახავს თქვენს ლეგიტიმაციას. ორივე მხრიდან შეიძლება იყოს მკაცრი საუბარი, მაგრამ ეს სხვა საშუალებებით უნდა დაიძლიოს და არა რეპრესიული საშუალებებით. სასჯელზე არ უნდა იყოს საუბარი. ეს არ უნდა იყოს სტიგმატიზაცია, რადგან სწორედ ამას ვხედავთ აქ“, - თქვა ელჩმა.
რიინა კალიურანდის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ევროკავშირს უახლოვდება, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს.
„არ შეიძლება მოხვიდე და თქვა: მინდა კლუბის წევრი გავხდე, მაგრამ ჩემი წესები მაქვს. ეს ასე არ მუშაობს. სამწუხაროდ, რამდენიმე ღონისძიება შეიძლება საკმაოდ მტკივნეული იყოს საზოგადოებისთვისაც. საზოგადოების დასჯა არავის უნდა, მაგრამ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს არის თამაშის წესების არ დაცვის შედეგი. ქართველი ხალხი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, შეადგენს მოსახლეობის 85%-ს, საქართველოს მთავრობას აქვს ვალდებულება შეასრულოს ამ ხალხის სურვილი და ითამაშოს წესებით.
ევროკავშირი არის წესების ნაკრები, ცხოვრების წესი და არა საქველმოქმედო ორგანიზაცია. თუ ეს ცხოვრების წესი და ეს ღირებულებები რაიმე მიზეზით მიუღებელია, ევროკავშირსაც აქვს უფლება შეცვალოს ეს პრივილეგირებული ურთიერთობა.
ეს ხალხთან არაფერ შუაშია, თუმცა ხალხი დაზარალდება. მაგრამ შემდეგ, საბოლოოდ, ხალხს ექნება არჩევანი. არჩევნები მოდის და ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. სავიზო თავისუფლების შეჩერება არასოდეს არ უნდა განხორციელდეს, მაგრამ ეს არის რეალური ინსტრუმენტი“, - განაცხადა ესტონეთის ელჩმა.
ცოტა ხნის წინ ესტონეთის პარლამენტმა „საქართველოში დემოკრატიის კრიზისის შესახებ“ განცხადება მიიღო, რომლის მიხედვითაც, სანამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გაუქმდება, ესტონეთმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ყველა შემდგომი პროცესი უნდა დაბლოკოს. რიიგიკოგუ მიიჩნევს, რომ აუცილებელია ესტონეთმა მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასაც. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ესტონეთმა ევროკავშირის საბჭოს უნდა შესთავაზოს სანქციების დაწესება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, მთავრობის წევრების, საქართველოს პარლამენტისა და პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელების, ასევე, მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის წევრების მიმართ. სანქციები მათთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვასაც გულისხმობს. თუ ეს წინადადება ევროკავშირის საბჭოში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, პარლამენტს სურს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პირები ესტონეთმა დაასანქციროს, მათ შორის, ესტონეთში შესვლა აუკრძალოს.