ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გადაწყვეტილებით, სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო მისიის შემადგენლობა 138-დან 209 ადამიანამდე გაიზრდება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„როგორც იცით, ამჟამად სომხეთთან ურთიერთობების განმტკიცებაზე ვმუშაობთ. სომხეთი აშკარად ხედავს ჩვენთან თანამშრომლობის გაზრდიდან სარგებელს და ჩვენ მზად ვართ, დადებითად ვუპასუხოთ. როგორც ამ მზარდი თანამშრომლობის პირველი ნაბიჯი, საგარეო საქმეთა საბჭო შეთანხმდა გააძლიეროს ჩვენი სამოქალაქო მისია სომხეთში, ადგილზე ჩვენი წარმომადგენლობა 138-დან 209 ადამიანამდე გაზარდოს. ეს მისიის მნიშვნელოვანი ზრდაა და წარმოადგენს აზერბაიჯანთან სომხეთის საერთაშორისო საზღვრის სტაბილურობის გაზრდის საშუალებას“, - განაცხადა ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ახლა უნიკალური შესაძლებლობაა რეგიონში მშვიდობის მისაღწევად და როგორც სომხეთთან, ისე აზერბაიჯანთან მუშაობას გააგრძელებენ.
„ის ფაქტი, რომ გადავწყვიტეთ მისიის შემადგენლობის ასე მნიშვნელოვნად გაზრდა, აჩვენებს ჩვენს ერთგულებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის სტაბილურობის მიმართ და მნიშვნელოვანი წვლილია სამშვიდობო ძალისხმევაში“, - აღნიშნა ბორელმა.
ევროკავშირის სამოქალაქო მისია (EUMA) 2023 წლის თებერვალში, ორი წლის ვადით განთავსდა. საერთაშორისო დამკვირვებლები მხოლოდ სომხეთის ტერიტორიაზე მუშაობენ, რათა ხელი შეუწყონ სომხეთის სასაზღვრო რეგიონებში სტაბილურობას და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. ევროკავშირის მისიის განთავსებას წინ უძღოდა 2022 წლის სექტემბერში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეტაკებები, მათ შორის სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის შეჭრა, რასაც ორივე მხარეს ასობით ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.
თვეებია აზერბაიჯანი და სომხეთი, ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის შუამავლობით, სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებენ. რამდენიმე დღის წინ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ - აზერბაიჯანი 32 სომეხ ჯარისკაცს გაათავისუფლებს, სომხეთი კი 2 აზერბაიჯანელს. გარდა ამისა, ორი ქვეყნის ლიდერებმა დაადასტურეს, რომ განზრახული აქვთ „დაარეგულირონ ურთიერთობები და დადონ სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც დაფუძნებულია სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემაზე“.
სექტემბერში, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე კონტროლი მთლიანად დაიბრუნა და სუვერენიტეტი აღდგენილად გამოაცხადა, ეთნიკურმა სომხებმა რეგიონი მასობრივად დატოვეს და სომხეთში გადავიდნენ. ისინი მიზეზად აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან დევნის შიშს ასახელებენ. ყარაბაღში სულ 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.
მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, 2024 წლის 1-ელ იანვრამდე დაიშლება ყველა „სახელმწიფო დაწესებულება და ორგანიზაცია“ და არსებობას შეწყვეტს „რესპუბლიკა მთიანი ყარაბაღი“ (არცახი).
ილჰამ ალიევს „გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დიდი დაბრუნების სახელმწიფო პროგრამა“ აქვს დაანონსებული, რომლის ფარგლებში, 2026 წლისთვის ყარაბაღში 140 000 აზერბაიჯანელის დაბრუნებაა მოსალოდნელი.
სომხეთის საგამოძიებო კომისიის დასკვნის მიხედვით, 2023 წლის 19-20 სექტემბერს, „აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიის შედეგად“ მთიან ყარაბაღში 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 12 მოქალაქე და 30 ჯარისკაცი ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. საგამოძიებო კომიტეტი აღნიშნავს, რომ სულ მცირე 14 ადამიანი, რომელთაგან 12 სამხედროა, წამებას დაექვემდებარა. საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა 3 ბავშვი, სხვადასხვა ხარისხის ჭრილობა მიიღო 231-მა ჯარისკაცმა და 80-მა მშვიდობიანმა მოქალაქემ.