ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის (EIP) ფარგლებში, ევროკავშირმა საქართველოსთვის 1.9 მილიარდი ევროს ინვესტიციების მობილიზება მოახდინა. სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის თქმით, ინვესტიციები მოხმარდება ისეთ სექტორებს, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, მცირე და საშუალო ბიზნესი, გარემოს დაცვა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის მხოლოდ ორი თვის წინ მინიჭებული კანდიდატის სტატუსი უკვე აჩვენებს სარგებელს და უკვე მოაქვს დივიდენდები არა მარტო საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც“, - განაცხადა ვარჰეიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ.
„შევთანხმდით, რომ დავაჩქარებთ მუშაობას - იქნება ეს პროგრესი ევროკავშირის გზაზე და ცხრა ნაბიჯი, რომელიც ჯერ კიდევ შესასრულებელია, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელება თუ ეკონომიკური რეფორმა, რათა საქართველო ნამდვილად ევროპულ ქვეყანად გადაიქცეს და გახდეს ევროპული ერთიანი ბაზრის ნაწილი.
ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველომ არა მხოლოდ შეძლო გაფართოების ამოცანების შესრულება, არამედ სურდა მათი შესრულება. ეს არის ის, რამაც ასახვა ჰპოვა ჩვენი ლიდერების გადაწყვეტილებაში და ამიტომაც არის ახლა უმნიშვნელოვანესი ამ გადაწყვეტილების კაპიტალიზაცია. ამიტომ ვთხოვთ ჩვენ ქართველ მეგობრებს, დააჩქარონ მუშაობა, იქნება ეს სასამართლო რეფორმა თუ რეფორმების დღის წესრიგის სხვა ნაწილი, რაც ერთად ჩამოვაყალიბეთ 9 ნაბიჯში, იმისaთვის, რომ სწრაფად გადავიდეთ მომდევნო ეტაპზე.
მიზანი არის საქართველოს ევროკავშირში მოხვედრა. წინ ბევრი სამუშაოა და კანდიდატ ქვეყნად გახდომის გადაწყვეტილებასთან ერთად, საქმე მხოლოდ მოიმატებს.
რაც შეეხება ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, ვფიქრობ, შეგვიძლია ძალიან კმაყოფილი ვიყოთ იმით, რომ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მეშვეობით უკვე მოვახდინეთ 1.9 მილიარდი ევროს ინვესტიციების მობილიზება საქართველოში. ეს არის ინვესტიციები, რომლებიც პირდაპირ წავა საქართველოს ეკონომიკაში, ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, მცირე და საშუალო ბიზნესი, გარემოს დაცვა ან თუნდაც ადამიანური განვითარება. ეს არის ინვესტიციები, რომლებიც უკვე უზრუნველყოფს ზრდას და სამუშაო ადგილებს. ვფიქრობ, ამ გეგმით ჯერ კიდევ საკმაო პოტენციალი გვრჩება. შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო სწრაფად და უფრო მეტად გამოვიყენოთ.
შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი და ხელშესახები პროექტი, რომელიც გვაქვს, არის შავი ზღვის ელექტროენერგიისა და ფართოზოლოვანი ინტერნეტის პროექტი. ეს არის საეტაპო პროექტი და არამხოლოდ. ის შეიძლება სახელმძღვანელოდ გამოდგეს ევროკავშირის სხვა პარტნიორებისთვის, არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, არამედ სამხრეთის სამეზობლოსთვის, ან თუნდაც დასავლეთ ბალკანეთისთვის. ის მოდელი, რომლის შექმნაც მოვახერხეთ, სახელდობრ მწვანე ენერგიის მიწოდება ევროპისთვის და ფართოზოლოვანი მაღალი სიჩქარის ინტერნეტის, შესაბამისად, ციფრული ეკონომიკის მიწოდება საქართველოსთვის, სახელმძღვანელოდ გამოდგება ყველა ჩვენი პარტნიორი რეგიონისთვის.
საქართველოს სრული პოტენციალი გააჩნია იმისა, რომ გახდეს ახალი სავაჭრო მარშრუტის ცენტრი, თუმცა ამისათვის შავი ზღვა უნდა იქცეს ევროპისკენ მიმავალ მომდევნო დერეფნად და ამისთვის დაგვჭირდება საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
მე ვახსენე ძალიან მოახლოებული ინტეგრაცია, ადრეული ინტეგრაცია - ევროკავშირის ჟარგონით - რაც საქართველოსთვის ასევე ღია შესაძლებლობაა. პირველი ორი მიმართულება, სადაც უკვე წინსვლა გვაქვს, როუმინგი და ერთიანი გადახდის სივრცეა.
მოხარული ვართ, რომ როუმინგის ნაწილში საქართველოს მთავრობამ სწრაფი ტემპებით იარა წინ და ყველაფერი გვაქვს ხელთ იმისათვის, რომ ევროპულ საბჭოს მივმართოთ, საქართველო უსწრაფესად ჩაერთოს ევროპის როუმინგის სივრცეში. ამით მნიშვნელოვნად შემცირდება როუმინგის და მონაცემთა გაცვლის ხარჯები საქართველოში, მოგზაური ქართველებისთვის, ევროპაში მცხოვრები და მომუშავე ქართველებისთვის. ვფიქრობ, ეს მასშტაბური და საეტაპო ცვლილება იქნება ქვეყნის მოსახლეობისთვისაც, ისეთივე ხელშესახები, როგორც ვიზალიბერალიზაცია.
მეორე მიმართულება, რაზეც ვმუშაობთ, არის ევროპის ერთიანი გადახდის სივრცე. აქ გასაკეთებელი ბევრია. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ღია ვართ - როგორც კი მზად იქნება საქართველო საკანონმდებლო თავსებადობის და ქვეყნის საბანკო სისტემაში ჩვენი წესების აღსრულების თვალსაზრისით - რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოფთ ქვეყნის ინტეგრაციას ევროპის ერთიანი გადახდის სივრცეში“, - განაცხადა ევროკომისარმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ოლივერ ვარჰეის თქმით, არსებობს მკაფიო პირობები იმისათვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს და თუ საქართველო 2030 წლისთვის მათ შეასრულებს, ევროკავშირიც მზად უნდა იყოს მის მისაღებად.