ევროპარლამენტმა ევროკავშირსა და სომხეთს შორის მჭიდრო კავშირების, ხოლო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების აუცილებლობის შესახებ რეზოლუცია მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 შევეცდებით ხარვეზი აღმოვფხვრათ - მდინარაძე პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებაზე
- 4 დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში - ზურაბიშვილი
- 5 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 6 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
დოკუმენტს, რომელიც ევროპის სახალხო პარტიამ შეიმუშავა, ევროპარლამენტის 504-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 4 წინააღმდეგი იყო, 32-მა კი თავი შეიკავა.
ევროპარლამენტარები გამოთქვამენ სურვილს, განიხილონ სომხეთისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა.
„თუკი სომხეთი დაინტერესებულია კანდიდატის სტატუსის მიღებით და განაგრძობს დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ მიმავალ მდგრადი რეფორმების გზას, ამას შეუძლია შექმნას საფუძველი ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობებში ტრანსფორმაციული ეტაპისთვის“, - ნათქვამია რეზოლუციაში.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობები ეფუძნება ისეთ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები.
„სომხეთის რესპუბლიკა მზადაა, იყოს ევროკავშირთან იმდენად ახლოს, რამდენადაც ევროკავშირი ამას შესაძლებლად მიიჩნევს“, - ციტირებენ ევროპარლამენტარები სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის სიტყვებს, რომელიც მან ევროპარლამენტში 2023 წლის 17 ოქტომბერს წარმოთქვა.
ევროპარლამენტარები ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს, კომისიას და საბჭოს, მოუწოდებენ, აქტიურად დაუჭირონ მხარი სომხეთს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაფართოებაში, რაც მოიცავს არა მხოლოდ ეკონომიკურ პარტნიორობას, არამედ პოლიტიკურ დიალოგს, უსაფრთხოებას და ხალხებს შორის კონტაქტებს.
რეზოლუცია შეეხება გასული წლის სექტემბერში მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებსაც.
„2023 წლის 19 სექტემბერს, ლაჩინის დერეფნის ცხრათვიანი უკანონო ბლოკადის შემდეგ, 2020 წლის ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს განჩინებით გათვალისწინებული ვალდებულებების უგულებელყოფით, აზერბაიჯანმა შეტევა განახორციელა მთიანი ყარაბაღის იმ დარჩენილ ნაწილებზე, რომლებიც მის კონტროლქვეშ ჯერ არ იყო. ვინაიდან 100 000-ზე მეტ სომეხს ტერიტორიის დატოვება მოუწია, მთიანი ყარაბაღი თითქმის მთლიანად ჩამოერთვა სომხურ მოსახლეობას, რომელიც იქ საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა“, - ნათქვამია რეზოლუციაში.
ევროპარლამენტარები ყურადღებას ამახვილებენ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ აზერბაიჯანის ხელისუფლების მუდმივ მუქარაზეც და აღნიშნავენ, რომ „აზერბაიჯანის არმია განაგრძობს სომხეთის სუვერენული ტერიტორიის დაახლოებით 170 კმ.მ.-ის ოკუპაციას.”
ევროპარლამენტი მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებს სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების მიზნით და მოუწოდებს ორივე მხარეს, „დარჩნენ ხანგრძლივი დავის გრძელვადიანი და მშვიდობიანი გადაწყვეტის ერთგულნი“. ამასთან, ერვოპარლამენტი მიმართავს ევროკავშირს, გააგრძელოს რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობა.
„ევროპარლამენტმა დააფიქსირა სომხეთის მიღწევები დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო მასშტაბით ჩვენი ქვეყნის აღქმისთვის. ვიმედოვნებ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ სომხეთის მოქალაქეები აქტიურად გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას ევროპარლამენტის ამ გზავნილის მიმართ, რადგან ასეთ მესიჯებს გაცილებით ფართო გავრცელება სჭირდება, ვიდრე ეს მთავრობას ან საპარლამენტო უმრავლესობას შეუძლია“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.
Რეზოლუციას აზერბაიჯანული მხარეც გამოეხმაურა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, აიხან ჰაჯიზადმა თქვა, რომ რეზოლუცია მიკერძოებული და „აზერბაიჯანის წინააღმდეგ მუდმივად ორმაგი სტანდარტებით მიდგომის ნათელი მაგალითია“.