2020-2023 წლებში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ქრთამის სახით აღების ბრალდებით ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამი თანამშრომელი დააკავეს. ქრთამის მიცემისთვის ბრალი წარედგინათ ჰოსპიტალურ ქსელ „ვიანის“ წარმომადგენლებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გამოძიებით დგინდება, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის მოადგილე - თ. მ. და ჰოსპიტალიზაციის მენეჯერები - ნ. კ. და რ. ც., თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, კორუფციულ გარიგებაში შევიდნენ სააქციო საზოგადოება „ვიანის“ წარმომადგენელ ნ. ჟ-სა და მ. ხ-სთან.
საქმის მასალების მიხედვით, ცენტრის თანამშრომლები სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, პაციენტთა ელექტრონული მართვის პროგრამაში ხელოვნური ჩარევით ავადმყოფთა გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას ახდენდნენ არა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ სააქციო საზოგადოება „ვიანისადმი“ დაქვემდებარებულ კლინიკებში.
„დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით, 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში, სამედიცინო დაწესებულებებში რამდენიმე ათასი პაციენტის გადამისამართების სანაცვლოდ, ნ. კ-მ, რ. ც-მ და თ. მ-მ კლინიკებისაგან ქრთამის სახით მიიღეს, ჯამში, 532 126 ლარის ოდენობის ფულადი თანხა. თავის მხრივ, კლინიკების წარმომადგენელმა, ნ. ჟ-მ მოხელეთათვის ქრთამის მიცემის გზით, პაციენტების მოზიდვისათვის ბონუსის სახით მიიღო 149 010 ლარის, ხოლო მ. ხ-მ 76 771 ლარის შემოსავალი“, - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338 და 339-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცელას გულისხმობს.
ქრთამის აღებაში ბრალდებულებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
