რუსეთის მიერ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შემდეგ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უახლოეს რამდენიმე დღეში გერმანია უკრაინას პირველ IRIS-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს. ქრისტინე ლამბრეხტის თქმით, რუსეთის ბოლო ქმედებები აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს უკრაინისთვის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ამიტომ ახლა უკრაინას აღმოვუჩენთ სპეციალურ დახმარებას ჰაერიდან მომდინარე საფრთხეებთან გასამკლავებლად. უახლოეს რამდენიმე დღეში, ჩვენი ოთხი მოწინავე IRIS-T სისტემიდან პირველი მზად იქნება, უკრაინელები ეფექტურად დაიცვას“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში და აღნიშნა, რომ უკრაინისთვის დანარჩენი სამი სისტემის მიწოდება მომავალ წელს იგეგმება.
კიევსა და სხვა ქალაქებზე მასირებულ სარაკეტო შეტევას გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროც. როგორც მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა Twitter-ზე დაწერა, ამაზრზენი და გაუმართლებელია ის, რომ პუტინი რაკეტებს ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობას ესვრის. მისი თქმით, გერმანია ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინის საჰაერო თავდაცვა სწრაფად გააძლიეროს.
დღესვე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი „დიდი შვიდეულის“ საგანგებო სხდომის მოწვევაზე შეთანხმდნენ. სხდომაზე, რომელიც ხვალ, 11 ოქტომბერს გაიმართება, ზელენსკი „რუსეთის ფედერაციის ტერორისტულ თავდასხმებზე“, ასევე, რუსეთზე წნეხის გაზრდის და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დახმარების შესახებ ისაუბრებს.
მშვიდობიან მოქალაქეებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის „ბარბაროსული“ სარაკეტო დარტყმები დაგმო ევროკომისიამ.
„რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს რას წარმოადგენს - ეს არის ტერორი და სისასტიკე. დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. ჩვენ ვგლოვობთ მსხვერპლებს და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. ვიცი, რომ უკრაინელები არ შეშინდებიან“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, 21-ე საუკუნეში ასეთი თავდასხმების ადგილი არ არის. „ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ. ევროკავშირის დამატებითი სამხედრო დახმარება გზაშია“, - თქვა ბორელმა.
დღეს, დილით, რუსეთმა უკრაინის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, კიევსა და რვა ოლქში კრიტიკული ინფრასტრუქტურის (ძირითადად, ელექტრომომარაგების ობიქტების) დაბომბვის შედეგად ხანძრის დაახლოებით 30 კერა გაჩნდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 11 ადამიანი, 64 კი დაიჭრა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განახლებული მონაცემებით, რუსეთმა 84 საკრუიზო რაკეტა და 24 უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, 13 ირანული „შაჰიდი“ გამოიყენა. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 56 სამიზნე გაანადგურეს, რომელთაგან 43 საკრუიზო რაკეტა იყო.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს წინადადებით და რუსეთის გენერალური შტაბის გეგმის მიხედვით, უკრაინის ენერგეტიკის, სამხედრო სამეთაურო და საკომუნიკაციო ობიექტების წინააღმდეგ მიტანილ იქნა მასირებული დარტყმა საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ბაზირების მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების იარაღით.
როგორც პუტინი ამბობს, ეს იყო პასუხი ყირიმის ხიდზე 8 ოქტომბერს მომხდარ აფეთქებაზე, რომელსაც რუსეთის ხელისუფლებამ „ტერორისტული აქტის“ კვალიფიკაცია მიანიჭა. ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ტერიტორიაზე ტერაქტების განხორციელების მცდელობები გაგრძელდება, „რუსეთის მხრიდან პასუხი იქნება მკაცრი და თავისი მასშტაბებით რუსეთის ფედერაციისთვის შექმნილი საფრთხის შესაბამისი“.
უკრაინის სამხედრო დაზვერის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის დედაქალაქსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმების განხორციელებას ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისიდან გეგმავდა.