ჰავანის სინდრომი, რომელიც რუსულ სპეცსამსახურებთანაა დაკავშირებული, თბილისშიც დაფიქსირდა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, „ჰავანას სინდრომის“ სახელით ცნობილი „ჯანმრთელობის აუხსნელი ანომალიური ინციდენტები“, რომლებსაც უკვე 10 წელზე მეტია, ამერიკელი დიპლომატები, ოფიციალური პირები და დაზვერვის ოფიცრები მთელ მსოფლიოში აწყდებიან, რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან (გრუ) არის დაკავშირებული. „ჰავანას სინდრომი“ 2021 წელს თბილისშიც დაფიქსირდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

რუსეთზე ფოკუსირებული გამოცემა The Insider-ი, 60 Minutes-თან და Der Spiegel-თან ერთად ხუთი წელი მუშაობდა ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. ჟურნალისტებმა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში გამოვლენილ „ჰავანას სინდრომის“ შემთხვევებსა და გრუ-ს ქვედანაყოფ 29155-ის ოფიცრების მოგზაურობას შორის კავშირის დადგენა შეძლეს.

რა არის „ჰავანას სინდრომი“

„ჰავანას სინდრომმა“ ეს სახელწოდება 2016 წელს კუბის დედაქალაქ ჰავანაში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინციდენტის შემდეგ მიიღო. ადგილობრივი საკონსულოს ბევრი ამერიკელი და კანადელი თანამშრომელი უცნაურ მოვლენას წააწყდა. ისინი მოულოდნელად ავად გახდნენ, განიცდიდნენ ძლიერ წნევას და ზოგჯერ ტკივილს ყურებში, გულისრევას და პანიკურს შეტევას, ჰქონდათ უცნაური ხმების შეგრძნება, რომელიც კალიის მიერ გამოცემულ ხმას ჰგავდა. დაბინდული ცნობიერება, კონცენტრაციის პრობლემები, წონასწორობის დაკარგვა, ჰიპერაკუზია [სმენის გამახვილება], ძილის პრობლემები არის ის, რაც საკონსულოს თანამშრომლებს ინციდენტიდან თვეების ან წლების განმავლობაში აწუხებდათ.

დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ მსგავსი რამ ამერიკელ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებსა და დაზვერვის ოფიცრებს მთელს მსოფლიოში, ხშირად სწორედ საკონსულოების შენობებში, ემართებოდათ. ბოლო წლების განმავლობაში ამერიკელი სახელმწიფო მოხელეების ათასზე მეტი საჩივარი დაგროვდა. 2014 წლიდან „ჰავანას სინდრომის“ შემთხვევები დაფიქსირდა ევროპიდან დაწყებული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებით დასრულებული. სამედიცინო შემოწმებამ ბევრ შემთხვევაში შესაძლებელი გახადა ტვინის გარკვეულ უბნებზე ტრავმის კვალის ობიექტური მტკიცებულებების გამოვლენა და ამით ფსიქოსომატიკის გამორიცხვა. რა იწვევს ამ ეფექტს, ჯერ არ არის დადგენილი, მაგრამ ძირითადი სამუშაო ვერსიაა - პულსირებული მიკროტალღური გამოსხივება.

ბოლო დრომდე აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები აცხადებდნენ, რომ არ ჰქონდათ ინფორმაცია ამ მოვლენასთან სხვა ქვეყნების კავშირის შესახებ, მაგრამ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა შეძლეს დადგენა, რომ თავდასხმების დრო და ადგილი დაკავშირებულია გრუ-ს ქვედანაყოფ 29155-ის ოფიცრების მოგზაურობასთან. ორმა მსხვერპლმა თავდასხმამდე ან თავდასხმიდან მალევე დაინახა 29155-ის თანამშრომლები და ისინი ფოტოებიდან ამოიცნო.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ასევე გაარკვიეს, რომ გრუ-სთან დაკავშირებული სამხედრო სამედიცინო აკადემია „ჰავანას სინდრომის“ კლინიკურ ეფექტებს სწავლობდა და 29155 ჯგუფის ერთ-ერთმა მთავარმა წევრმა აკუსტიკური იარაღის შემუშავებაზე რუსეთის სახელმწიფოგან დაკვეთა მიიღო.

„ჰავანას სინდრომი“ თბილისში

ჟურნალისტური გამოძიების ერთ-ერთი მათავარი თავი 2021 წელს თბილისში მომხდარ შემთხვევას ეხება, რომელშიც დაზარალებული აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის ცოლია, ხოლო თავდამსხმელი გრუ-ს 29155 ქვედანაყოფის მეთაურის შვილი ალბერტ ავერიანოვი.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ჯოი (სახელი შეცვლილია) ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში 2020 წლის თებერვალში, ქმარ-შვილთან ერთად ჩამოვიდა. მისი ქმარი თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში იუსტიციის დეპარტამენტის ატაშე იყო. ისინი დიღომში, საელჩოსთან ახლოს დასახლდნენ. ჯოი მედდაა, ანესთეზიოლოგიაში დოქტორის ხარისხით. თბილისში ის კერძო ამერიკულ კლინიკაში მუშაობდა.

2021 წლის 7 ოქტომბერს ჯოი შვილის სკოლიდან დაბრუნებას ელოდა და სახლის მეორე სართულზე სარეცხს რეცხავდა. როდესაც სარეცხის მანქანიდან ტანსაცმელს გამოღების დროს ფანჯრისკენ მიბრუნდა, უცებ რაღაც იგრძნო - ძლიერი ხმის ტალღის მსგავსი რამ, რომელმაც თავში მარცხნიდან, ფანჯრის მხრიდან გაუარა, ყოვლისმომცველი ხმაურით აავსო და საშინელი თავის ტკივილი გამოიწვია. ჯოი სააბაზანოში შევიდა, სადაც თავიდან ხმა თითქოს გაუქრა და ღებინება დაეწყო. ამის შემდეგ მან დაურეკა ქმარს, რომელიც სახლში მალევე მივიდა საელჩოს დაცვის თანამშრომლების თანხლებით.

ქმრის მოლოდინში ჯოიმ გარეთ გაიხედა, შენიშნა უცნაური მანქანა, რომელიც იმ ქუჩაზე მანამდე არასდროს უნახავს და გადაუღო ფოტო. მანქანასთან დაინახა მაღალი, ქერათმიანი გამხდარი აღნაგობის მამაკაცი. მას გვერდით გოგონა ედგა. ორივე ძალიან კარგად იყვნენ ჩაცმული, თითქოს ქორწილში ან თეატრში მიდიოდნენ. როდესაც კაცმა დაინახა, რომ ჯოი ფოტოს უღებდა, მანქანაში სწრაფად ჩაჯდა.

იმ დღიდან დღემდე ჯოი ყოველდღე განიცდის მძიმე შაკიკს, რაც მანამდე არასდროს ჰქონია. ცნობიერება დაბინდული აქვს, კიბეებზე ჩასვლისას უჭირს საფეხურების პოვნა, დარღვეული აქვს მოძრაობების კოორდინაცია და დაეწყო ვესტიბულურ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები. ჯოის ხშირად აქვს ყურებში ხმაური და განუვითარდა სმენის პრობლემები. იმდენად ძლიერი თავბრუსხვევა ჰქონდა, რომ ზოგჯერ საწოლში გადაბრუნებაც კი უჭირდა. სმენა ჰიპერმგრძნობიარე გაუხდა და კონდიციონერის ხმაც კი მისთვის თვითმფრინავის ძრავის ხმაურივით ჟღერს.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში ჯოის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც მოგვიანებით ლოს ანჯელესის უნივერსიტეტში დადასტურდა: ორმხრივი ნახევარწრიული არხის დეჰისცენცია, ძალიან იშვიათი დაავადება. ის შეიძლება იყოს თანდაყოლილი, მაგრამ მაშინ დაავადება დიდი ხნის წინ გამოვლინდებოდა, ან შეიძლება ტრავმის შედეგი იყოს, მაგრამ ჯოის ტრავმები არ ჰქონია. ჯოის ორი ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს - რაც სიმპტომებს უმსუბუქებდა, მაგრამ მთლიანად არ აღმოუფხვრია - და მომავალში მესამეც დასჭირდება.

ამერიკელმა გამოძიებლებმა ვერ დაადგინეს, რა გახდა თბილისის ინციენტის მიზეზი, თუმცა, როგორც The Insider-მა გაარკვია, იმ დროს საქართველოში გრუ-ს 29155 ქვედანაყოფის ოფიცრები იმყოფებოდნენ.

2021 წლის 30 სექტემბერს 29155 ქვედანაყოფის უფროსი, გენერალი ანდრეი ავერიანოვი რუსეთიდან სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. იმავდროულად, მოსკოვიდან გაფრინდა მისი ვაჟი, 21 წლის ალბერტ ავერიანოვიც, რომელიც მამამ თავის განყოფილებაში რამდენიმე წლის წინ დაასაქმა. იმ დღეს გენერალმა ავერიანოვმა ტელეფონი გათიშა, რამაც მისი შემდგომი მარშრუტის დადგენა გაართულა. The Insider-მა მხოლოდ ის გაარკვია, რომ გენერალი მოსკოვში 10 ოქტომბერს გაჩნდა - ისევე როგორც მისი შვილი.

ალბერტ ავერიანოვის ტელეფონის მიხედვით, 30 სექტემბერს ის ტაშკენტში გაფრინდა, სადაც მეორე დილით, აეროპორტიდან უზბეკური მობილური ტელეფონის ნომრით დარეკა. 40 წუთის შემდეგ, 1 ოქტომბერს, დილის 8:40 საათზე, აეროპორტიდან ტაშკენტი-თბილისის რეისი აფრინდა.

ტაშკენტიდან ბოლო ზარიდან ცხრა დღის შემდეგ - და ჯოის თავს მომხდარი ინციდენტიდან სულ რაღაც ორი დღის შემდეგ - 9 ოქტომბერს, ალბერტ ავერიანოვმა ისევ ჩართო ტელეფონი ტაშკენტში (რაც აშკარაა გზავნილიდან „მოგესალმებით უზბეკეთში“) და მეორე დღეს მოსკოვში დაბრუნდა.

როდესაც ჯოის ალბერტ ავერიანოვის ფოტო აჩვენეს, ის მაშინვე ამოიცნო: „ეს ფოტო რომ ვნახე, სპონტანური რეაქცია მქონდა, თავი ცუდად ვიგრძენი. 100 პროცენტით დარწმუნებული ვერ ვიქნები, რომ ეს ზუსტად ის ადამიანია, მაგრამ ნამდვილად ძალიან ჰგავს. დღემდე, როცა მას ვუყურებ, იგივე ინტუიციური რეაქცია მაქვს“, - ამბობს ჯოი.

60 Minutes-ს წყაროს ინფორმაციით, არსებობს მტკიცებულება, რომ ალბერტ ავერიანოვის ელექტრონული ფოსტა თბილისში ვიღაცამ გახსნა. The Insider-ის საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელი ხრისტო გროზევი დარწმუნებულია, რომ ეს თავად ავერიანოვი იყო.

ალბერტ ავერიანოვმა ინციდენტში მის მონაწილეობაზე The Insider-თან კომენტარი არ გააკეთა.

„ჩვენ გვჯერა, რომ 29155 ქვედანაყოფის წევრები იმყოფებოდნენ იქ, რათა ხელი შეეწყოთ, მეთვალყურეობა გაეწიათ ან შესაძლოა პირადად განეხორციელებინათ თავდასხმები ამერიკელ დიპლომატებზე, ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებზე აკუსტიკური იარაღის გამოყენებით“, - აცხადებს ხრისტო გროზევი.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, 2021 წელს, თბილისში მომხდარ ინციდენტამდე, გენერალმა ანდრეი ავერიანოვმა და მისმა გუნდმა კიდევ რამდენიმე სამუშაო ვიზიტი განახორციელეს, რაც ყოველ ჯერზე ემთხვეოდა „ჰავანას სინდრომის“ ეპიზოდებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).