ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან ინალ არძინბა გაათავისუფლა და მოვალეობის შესრულება ე.წ. მინისტრის მოადგილეს, ირაკლი ტუჟბას დააკისრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 2 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 3 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 4 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
ე.წ. პრეზიდენტმა ბრძანება დღეს, 7 მაისს გამოსცა. ინალ არძინბას გათავისუფლების მიზეზი დასახელებული არ არის, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე გადაიყვანეს. გარდა ამისა, დაახლოებით ერთი კვირაა, ბჟანიას მიერ დაწესებული აკრძალვის გამო, არძინბა ოკუპირებული რეგიონიდან ვერ გადის.
34 წლის ინალ არძინბა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად 2021 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა. ის პირველი ე.წ. პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავია. მანამდე, ინალ არძინბა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის განყოფილების თანამშრომელი იყო და უკრაინის ზედამხედველობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2015 წელს უკრაინის პროკურატურამ არძინბას დაუსწრებლად წაუყენა ბრალი უკრაინის სახელმწიფო საზღვრის შეცვლის მომზადებაში, თანამოაზრეების დაქირავებასა და ოდესის რეგიონში სუვერენული სახელმწიფო ერთეულის „ბესარაბიის“ უკანონო გამოცხადებისთვის წინაპირობების შექმნისთვის, ასევე ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის. 2015 წლიდან უკრაინას არძინბაზე ძებნა აქვს გამოცხადებული.
საქართველოს ოკუპრებულ რეგიონში ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ინალ არძინბა აქტიურად აკრიტიკებდა საერთაშორისო ორგანიზაციებს. მან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ევროკავშირს „აფხაზეთის აგრესიული იზოლაციის სუბიექტები“ უწოდა. მისი გადაწყვეტილებით აფხაზეთში აირძალა ქართველებსა და აფხაზებს შორის კონტაქტების ხელშემწყობი, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტები. პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა USAID/კავკასიის მისიის დირექტორი ჯონ პენელი.
ინალ არძინბა მხარს უჭერდა აფხაზეთში ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღებას, რომელიც ასლან ბჟანიამ დე ფაქტო პარლამენტში განსახილველად მიმდინარე წლის თებერვალში წარადგინა.
