საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ აამოქმედა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი“, რომლის შექმნაც რუსული კანონით იყო გათვალისწინებული. ახალ ვებგვერდზე ამ დროისთვის არცერთი ორგანიზაცია არ იძებნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გააჩერა, ძალაში ივნისში, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის მიერ ხელმოწერის შემდეგ შევიდა. კანონის აღსრულების მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შეიქმნა ახალი უწყება - ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი, რომლის ძირითად ფუნქციებს შორის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის“ წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფაა.
1-ელი აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში, ყველა არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაცია, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტია, ვალდებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელებად“ დარეგისტრირდეს. 150-ზე მეტმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ანტიკონსტიტუციურ კანონს არ დაემორჩილებიან და ღირსების შემლახავ რეესტრში არ დარეგისტრირდებიან.
რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს 25 000 ლარით დაჯარიმებას. კანონი იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის დამატებით ითვალისწინებს ორგანიზაციების 10 000 და 20 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. ჯარიმის სასამართლოში გასაჩივრება მისი აღსრულების პროცესს არ შეაჩერებს.
რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. დღეის მდგომარეობით, საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელია წარდგენილი - პრეზიდენტის, 121 მედია და არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს პარლამენტის 38-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც მიმართა. სამივე სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება და პლენუმის ფორმატში განიხილება.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ავალდებულებს, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (NATO) საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
პრეზიდენტის 69-გვერდიან კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ უცხოური დაფინანსება ლოგიკურად არ გულისხმობს დაფინანსების მიმღების „უცხოურ გავლენის“ ქვეშ ყოფნას და არ არის საკმარისი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მასმედიის წინააღმდეგ მზღუდავი ღონისძიებების გასამართლებლად, მით უმეტეს, როდესაც ამგვარ დაფინანსებას ის საერთაშორისო ორგანიზაციები ახორციელებენ, რომელთა წევრიც საქართველოა ან რომლებშიც სურს მას გაერთიანება. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონის პირობებში რეალურად შეუძლებელი ხდება დაფინანსების მოპოვება არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, ხოლო დაფინანსების არარსებობის პირობებში ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება მათი საქმიანობის განხორციელება.
მოსარჩელეები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი ღონისძიების გამოყენებას და კანონის ამოქმედების შეჩერებას ითხოვენ. პარალელურად, იგეგმება საჩივრის წარდგენა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც ასევე დროებითი შეჩერების ღონისძიების გამოყენება იქნება მოთხოვნილი.
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოები კანონის მოქმედებას არ შეაჩერებენ, სანქციების ნაწილი 2 სექტემბრიდან ამოქმედდება.