კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მოქმედების შეჩერებას ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სადავო კანონით მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ფაქტობრივად ექცევიან „უცხოური ძალისა“ და „უცხო ქვეყნის აგენტის“ სტიგმისა და იარლიყის ქვეშ.
„კანონის მიზანია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა“. „უცხოური გავლენის“ იდენტიფიცირებისა და შესაბამისად, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ სტატუსის მინიჭების ერთადერთი კრიტერიუმი, რასაც გვთავაზობს კანონი, არის რაოდენობრივი ხასიათის - კალენდარული წლის განმავლობაში მთლიანი/მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის მიღება „უცხოური ძალიდან“. რაიმე ტიპის გავლენის დადგენა და შესაბამისი დასკვნების გამოტანა მხოლოდ ამ კრიტერიუმზე დაყრდნობით შეუძლებელია. ვენეციის კომისია მართებულად უსვამს ხაზს, რომ ნებისმიერი უცხოური დაფინანსება ლოგიკურად არ გულისხმობს დაფინანსების მიმღების „უცხოურ გავლენის“ ქვეშ ყოფნას და არ არის საკმარისი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მასმედიის წინააღმდეგ მზღუდავი ღონისძიებების გასამართლებლად, მით უმეტეს, როდესაც ამგვარ დაფინანსებას ის საერთაშორისო ორგანიზაციები ახორციელებენ, რომელთა წევრიც საქართველოა ან რომლებშიც სურს მას გაერთიანება. ზოგადად,
იმგვარი მიდგომა, რომ მატერიალური დახმარების გაწევა მხოლოდ დამფინანსებლის ინტერესებს ემსახურება, ხოლო მისი მიღება აპრიორი დამფინანსებლის ინტერესების გატარებას ნიშნავს, ეწინააღმდეგება უანგაროდ სიკეთის კეთებისა და თანადგომის ზოგადსაკაცობრიო ჰუმანურ იდეას“, - ვკითხულობთ სარჩელში.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რეესტრში რეგისტრაციისა და ფინანსური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლებაში ინტერვენციას, კერძოდ, გაერთიანებების საქმიანობის თავისუფლების პროცესში ჩარევის ფორმით, საბოლოოდ არსებით გავლენას ახდენს ამ ძირითადი უფლების სრულფასოვან რეალიზაციაზე.
სარჩელში ციტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც გაერთიანების თავისუფლება არ მოიცავს მხოლოდ ასოციაციის შექმნის შესაძლებლობას - „იგი ასევე მოიცავს ამ ასოციაციის შესაძლებლობას, იმოქმედოს, რაც ნიშნავს, რომ მას უნდა შეეძლოს განაგრძოს თავისი საქმიანობა და მოქმედებდეს სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევის გარეშე“.
„ამგვარი წესებით რეალურად შეუძლებელი ხდება დაფინანსების მოპოვება არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, რომელთა ძირითადი ფინანსური რესურსი სწორედ უცხოური წყაროა, ხოლო დაფინანსების არარსებობის პირობებში ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება საქმიანობის განხორციელება.
კანონით გათვალისწინებული წესით დადგენილი სახელმწიფო მონიტორინგი წარმოადგენს იმ ინტენსივობის ჩარევას, რომელიც იწვევს ფაქტიურად ორგანიზაციის ყოველდღიური საქმიანობაში ჩარევას და მის შეფერხებას. ხოლო საბოლოოდ მაღალი სანქცია, რომელსაც ითვალისწინებს კანონმდებლობა, გამოიწვევს მძიმე მატერიალურ-ფინანსურ ტვირთს, რაც საბოლოოდ ასევე არსებით გავლენას იქონიებს გაერთიანებების ფუნქციონირებაზე“, - ნათქვამია სარჩელში.
სარჩელში აღნიშნულია, რომ რუსული კანონი ითვალისწინებს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის, ფინანსური დეკლარაციის წარდგენის და ამ ორგანიზაციათა მონიტორინგის პროცესში ფიზიკური პირის ნების გარეშე მისი პერსონალური მონაცემის დამუშავებას, მათ შორის, განსაკუთრებული პერსონალური მონაცემებისაც, ხოლო მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა იწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით, რაც ჩარევაა პირადი ცხოვრებისა და პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის ძირითად უფლებაში. სარჩელის მიხედვით, რუსული კანონი არსებითად ეწინააღმდეგება პირადი ცხოვრების დაცვის ევროპულ სტანდარტებსაც.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სადავო კანონის მოქმედებით გამოუსწორებელი ზიანი ადგება საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციას, რაც საბოლოოდ შეიძლება გახდეს იმის საფუძველიც, რომ რეალურად სახელმწიფომ დაკარგოს ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ინტეგრაციის რეალური შესაძლებლობა.
„კანონის მოქმედების შეჩერებით არ იმოქმედებს კანონი, რომელიც ევროინტეგრაციისათვის ქმნის საზიანო განგრძობით პროცესს. აღნიშნული იქნება ახალი იმპულსი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის განახლებისთვის“, - ვკითხულობთ სარჩელში.
გარდა ამისა, პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საარჩევნო პერიოდში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების კონსტიტუციით გარანტირებული საქმიანობის შეუფერხებელი უზრუნველყოფა არსებითად მნიშვნელოვანია.
69 გვერდიანი სარჩელით პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ რუსული კანონი და მისი ცალკეული ნორმები კონსტიტუციის ექვს მუხლთან მოდის წინააღმდეგობაში: მუხლი 78 - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია; მუხლი 22 - გაერთიანების თავისუფლება; მუხლი 15 - პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები; მუხლი 17 - აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები; მუხლი 12 - პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება; 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადება: „კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“.